| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო ფორაქიშვილი![]()
Biographyბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი ნინო ფორაქიშვილი დაიბადა 1959 წლის 10 ივლისს, ქ. თბილისში. ოჯახს, სადაც მომავალი მეცნიერი აღიზარდა, თავად „საუნივერსიტეტოს“ უწოდებს, რადგან ყველა მისი წინაპარი დაკავშირებული იყო უნივერსიტეტთან. ნინოს პაპა - მონპელიეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ერეკლე ფორაქიშვილი რეპრესიის წლებს შეეწირა. დედა - ვიქტორია ბეკშანოვა თსუ-ის უფროსი მასწავლებელი იყო, მამა - პროფესორი ზურაბ ფორაქიშვილი წლების განმავლობაში ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თსუ-ის პრორექტორი გახლდათ. 1975 წელს ნინო ფორაქიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 50-ე საშუალო სკოლა, ხოლო, 1980 წელს - წარჩინებით, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. იყო ვ.ი. ლენინის სახელობის სტიპენდიანტი და ფაკულტეტის სტუდენტთა საბჭოს თავმჯდომარე; ნინოს ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში განუსაზღვრავს მომავალი პროფესია და ზუსტად იცოდა, რომ ბიოლოგი, კონკრეტულად კი, იმუნოლოგი გახდებოდა. თუმცა იმ დროისთვის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არ არსებობდა იმუნოლოგიის კათედრა და ამიტომ საკურსო და სადიპლომო ნაშრომები ნინო ფორაქიშვილმა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში დაამუშავა - ჯერ მეცნიერ თემურ ლეჟავასთან დაამთავრა გენეტიკის მიმართულება, შემდეგ კი ექიმ-ალერგოლოგ ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით იმუშავა სადიპლომო ნაშრომზე. 1981-1985 წლებში სწავლობდა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში და პარალელურად, სსრკ-ის უმაღლესი სასწავლებლების კათედრის გამგეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კითხულობდა ლექციებს იმუნოლოგიასა და ალერგოლოგიაში . მისი ვიწრო სპეციალობებია: გენეტიკოსი, იმონოლოგი. საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „იმუნური ცვლილებები ასაკთან დაკავშირებით“ ნონო ფორაქიშვილმა მოამზადა ლომონოსოვის უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრასა და მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტში, ხოლო, დაიცვა მოსკოვის ეპიდომოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1985). სხვათა შორის, მას მოსკოვში შესთავაზეს სტაჟირება აშშ-ში და შემდეგ იმუნოლოგიის კათედრის ჩამოყალიბება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ ახალგაზრდა მეცნიერმა თბილისში ამჯობინა დაბრუნება, რათა მშობლიურ უნივერსიტეტში დაეარსებინა იმუნოლოგიის კათედრა და აქ ეწარმოებინა კვლევები. 1986 წელს ნინო ფორაქიშვილმა მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე. კითხულობდა იმუნოლოგიის კურსს. 1988 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა ჯერ იმუნორეგულაციისა და და იმუნობიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიას, ხოლო 1992 წელს - იმუნოლოგიის კათედრას, რომელიც მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე იყო. ამავე პერიოდში მიიწვიეს ლონდონის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის დეპარტამენტში უფროს მკვლევრად. აქტიური სამეცნიერო მოღვაწეობისა და ფართო საერთაშორისო კავშირების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოლოგიის კათედრა გახდა სამეცნიერო ცენტრი ამიერკავკასიაში. ამ კათედრის თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით, გაიხსნა იმუნოლოგიის ლაბორატორიები და კათედრები ბაქოს, ერევნის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის უნივერსიტეტებში. წლების განმავლობაში კათედრაზე არასოდეს შეწყვეტილა სამეცნიერო კვლევები და საერთაშორისო გრანტების ფარგლებში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. კათედრის კურსდამთავრებულთა უმეტესობა დღეს მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების თანამშრომლები არიან. 1993 წელს ნინო ფორაქიშვილმა თსუ-ში დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თემაზე - „მოლეკულური მექანიზმები აუტოიმუნური დაავადების დროს, დაბერების დროს და იმუნოდეფიციტების შემთხვევაში“ და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი ქალი საქართველოში. სპეციალობა-ალერგოლოგია და იმუნოლოგია. 1995 წლიდან - თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის იმუნოლოგია მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორია. 1996 წლიდან ნინო ფორაქიშვილი მუშაობდა იმუნოლოგიის ფუძემდებელთან მთელ ევროპაში, პროფესორ აივან როიტთან. ამავე წელს სამეფო აკადემიამ მიიწვია ლონდონში ლექციების წასაკითხად. მეცნიერი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირის Tempus-ისა და Erasmus-ის პროგრამებს (EU Tempus and Erasmus) იმუნოლოგიისა და ჰემატოლოგიის სწავლების რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზების, დისტანციური სწავლების განვითარებისა და ბიოლოგიური პროცესების კომპიუტერული სიმულაციების შესაქმნელად. 1996 წლიდან 2005 წლამდე იყო ევროგაერთიანების INTAS-ის სამეცნიერო პროგრამის პროექტების კოორდინატორი. ასევე, 1996 წლიდან არის ევროგაერთიანების TEMPUS-ის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი. ნინო ფორაქიშვილმა მჭიდრო სამეცნიერო კავშირი დაამყარა დასავლეთის უნივერსიტეტებთან. ამ კავშირების წყალობით თსუ-ში დაინერგა სწავლების დასავლური ღირებულებები. 2003 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. ამჟამად ქართველი მეცნიერი მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, თუმცა თსუ-ს პროფესორიცაა და აქაც ხელმძღვანელობს კათედრას. 2002-2006 წწ. - ლონდონის უნივერსიტეტი (UCL), იმუნოლოგიისა და მოლეკულური პათოლოგიის დეპარტამენტი, საპატიო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006 წლიდან ხელმძღვანელობს იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებას. არის ლონდონის ვესტნისტერის უნივერსიტეტის (University of Westminster) ბიომედიცინის დეპარტამენტის პროფესორი, სადაც მიჰყავს ლექციების კურსი იმუნოპათოლოგიაში, სამედიცინო იმუნოლოგიაში, მოლეკულურ თერაპიაში, იმუნოთერაპიაში, მოლეკულურ გენეტიკასა და სხვა სფეროებში. 2008 წლის დეკემბერში მიიწვიეს ნიუ-იორკის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტში, პროფესორ ნიკოლას კიორაცცის (Nicholas Chiorazzi) ლაბორატორიაში. 2012 წელს, როგორც პროექტის ხელმძღვანელს, მიღებული აქვს ბრიტანეთის საერთაშორისო თანამშრომლობის ჯილდო, (Times THE (Times Higher Education) award - International collaboration of the year). გაზეთ „თაიმსის“ ეს პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა პროექტების ზოგად კოორდინატორს ვესტმინსტერის უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო საერთაშორისო პროექტისათვის. ნინო ფორაქიშვილი ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის, უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების კონსორციუმს. კოლეგებთან თანამშრომლობით (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College London), საუთჰემპტონი, აშშ, იტალია, საფრანგეთი) ატარებს კვლევებს ლეიკემიის იმუნობიოლოგიისა და იმუნოთერაპიის სფეროში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ოცდაორი სადოქტორო დისერტაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ქართველი მეცნიერი არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: იმუნორეგულატორული უჯრედები და მედიატორები ადამიანის დაბერების პროცესსა და ზოგიერთი მოდელური იმუნოპათოლოგიის პირობებში; ასევე, თანაავტორი სახელმძღვანელოებისა - "Case Studies in Infectious Diseases" და "Roitt's Immunology" („ინფექციური დაავადებების შემთხვევების კვლევები“ და „როიტის იმუნოლოგია“). ფლობს ინგლისურ, რუსულ, ქართულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006 /შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბილისი, 2012. -გვ.125 საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები / შეადგინა...ნიკო ჯავახიშვილმა. - თბილისი, 1999. გვ. 50-51. ფორაქიშვილი ნინო. იმუნოლოგიის ლაბირინთებში გაკვალული ბილიკი. ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერებათა დოქტორი ქალი: ინტერვიუ / ჩაიწერა მ. ტორაძემ // თბილისის უნივერსიტეტი. 2010. 15 ოქტომბერი. N11. გვ. 8-9.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

