| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თამარ გორგაძე![]()
ბიოგრაფიაექიმი-კარდიოლოგი თამარ გორგაძე დაიბადა და გაიზარდა ქ. თბილისში. დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა. ექიმობა ბავშვობიდან უნდოდა, მაგრამ 1990-იან მძიმე წლებში გაურკვეველი იყო იქნებოდა თუ არა მიღება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, ამიტომ სწავლის გაგრძელება მოუხდა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველ სამედიცინო აკადემიაში. მეექვსე კურსამდე ქირურგობას აპირებდა, თუმცა დედის რჩევა გაითვალისწინა და სამკურნალო განხრით წასვლა გადაწყვიტა, არჩევანი კი კარდიოლოგიაზე შეაჩერა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თამარმა ჩააბარა ორდინატურაში მიასნიკოვის სახელობის რუსეთის კარდიოლოგიის ინსტიტუტში (ცაზოვის ცენტრი). ორდინატურის შემდგომ კი სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა. კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორდინატურაში სწავლის დროს ჰქონდა პირველი შეხება ანგიოგრაფიის ლაბორატორიასთან. ინტერვენციული კარდიოლოგია ძალიან მოეწონა და გაუჩნდა სურვილი ამ განხრით წასულიყო, მაგრამ განყოფილების შეცვლაზე უარი უთხრეს, იმ მოტივით, რომ ანგიოგრაფიის ლაბორატორია არ იყო ადგილი ქალისთვის. თამარმა განაგრძო სწავლა თერაპიულ კარდიოლოგიაში, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კვლავ სცადა ბედი და ითხოვა კათეტერიზაციის განყოფილებაში გადასვლა, რაზეც ამჯერად დაეთანხმნენ. ასე დაიწყო თამარ გორგაძემ ინტერვენციული კარდიოლოგიის შესწავლა, ხოლო, 2008 წლისთვის მოიპოვა ევროპის კარდიოლოგების ასოციაციის გრანტი, რომელიც აძლევდა საშუალებას დასპეციალიზირებულიყო ინტერვენციულ კარდიოლოგიაში ევროპის ნებისმიერ ცენტრში. გარკვეული ფაქტორების გათვალიწინებით, მაგისტრის წოდების მისაღებად, თამარმა აირჩია მადრიდის სან კარლოსის კლინიკა და კომპლუტენსას უნივერსიტეტი. ესპანეთში გატარებული 5 წლის თავზე, თამარ გორგაძემ მიიღო მოწვევა სამხრეთამერიკიდან, კერძოდ, კოლუმბიიდან. შემოთავაზება იყო საინტერესო, სჭირდებოდათ ახალი განყოფილების ჩამოყალიბება ერთ-ერთ კლინიკაში. მადრიდელ კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ თამარი დათანხმდა და უკვე 10 წელია რაც კოლუმბიაში ცხოვრობს. პირველ კლინიკაში წელიწად ნახევარი დაჰყო, შემდგომ მოიწვიეს “კოლუმბიის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფონდში” სამუშაოდ. მას შემდეგ უკვე 9 წელი გავიდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი კარდიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი ექიმია. მისი კლინიკა შედის მთელ სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო კლინიკების ათეულში, აქვს მრავალი საერთაშორისო აკრედიტაცია და აღიარება. კლინიკის ძლიერი მხარეებია: ინტერვენციული კარდიოლოგია, გულსისხლძარღვთა ქირურგია, ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული გულისუკმარისობის მკურნალობასთან, გულის გადანერგვის და ხელოვნური გულის სისტემების ჩათვლით, ECMO-ს სისტემა, ორგანოთა გადანერგვა და ა.შ. დღეს კოლუმბიაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, მიიღოს სრულყოფილი და თანამედროვე სამედიცინო მომსახურება. თამარ გორგაძე კოლეგებთან ერთად ბევრს მუშაობს, რომ კოლუმბიის კლინიკებში დაინერგოს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის სისტემები. წყარო: https://speech.ge/meditsina/thamar-gorgadze-kardiologi-kolumbia/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

