| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნატალი სტიუარტ-ფოქსი![]()
Biographyნატალი მიქავა-სტიუარტ-ფოქსი საერთაშორისო ბიზნეს კონსულტანტი და პროდუსერია. დაიბადა და გაიზარდა თბილისში. დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. დედამისი – ვიქტორია მიქავა ქველმოქმედი ქალბატონია. საქართველოში უფასო სასადილოები მისი ოჯახის დაფუძნებულია. ნატალი ყოველგვარ საქმეში დედის გვერდით იდგა. თავადაც აქტიურობდა. 1999 წელს ქალთა საქველმოქმედო ფონდთან ერთად გაუკეთა ორგანიზება სილამაზის კონკურსს – „მის თბილისს“, შემდეგ „მის საქართველოს“ ორგანიზებაშიც ჩაერთო. ნატალია მიქავამ პროფესიად საერთაშორისო ეკონომიკა აირჩია და ბაკალავრიატი საქართველოში დაასრულა. 2000 წელს კი სასწავლებლად ოქსფორდში გაემგზავრა, სადაც გაიარა მაგისტრატურა ბიზნესსკოლაში, საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის მენეჯმენტის განხრით. 2005 წელს სწავლა დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ სამშობლოში შესაფერისი სამსახური ვერ იშოვა და კვლავ საზღვარგარეთ წავიდა. ინგლისში ჩასულს ვიზის გასაგრძელებლად სასწრაფოდ სჭირდებოდა კონტრაქტი რომელიმე კომპანიასთან. მიუხედავად ენების ბრწყინვალე ცოდნისა და ტოპ-ბიზნესგანათლებისა მოკლე დროში ვერ მონახა შესაბამისი კომპანია და გადაწყვიტა ესპანეთში გადასულიყო, არჩევანი კი ქალაქ მარბელაზე შეაჩერა. ესპანეთში ჩასულმა ნატალიამ ბიზნესკონსულტანტად დაიწყო მუშაობა კომპანიაში, რომლის მფლობელიც მისი მომავალი მეუღლე, რიჩარდ სტიუარტ-ფოქსი გახლდათ. ისინი მალევე, 2006 წლის 15 სექტემბერს დაქორწინდნენ. მაშინ ნატალია 31 წლის იყო. ამჟამად ნატალი სტიუარტ-ფოქსი ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს ბრიტანეთსა (უელსი) და ესპანეთში, ქალაქ მარბელაში. მისი მეუღლე - რიჩარდ ალექსანდრე სტიუარტ-ფოქსი სამეფო გვარის წარმომადგენელია. იგი ხელმძღვანელობს საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას და ენერგო ჰაბს, არის ინოვაციური ენერგიის ექსპერტი. ნატალიც, ასევე, კომპანიის წარმომადგენელი გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მეუღლეს ეხმარება რუსულენოვან პიროვნებებთან ურთიერთობაში. ჰყავთ ვაჟი - ჩარლზ ნიკოლოზ სტიუარტ ფოქსი, რომელსაც ორივე ქვეყნის ტრადიციებზე დაყრდნობით ზრდიან. ცოტა ხნის წინ ოჯახური გერბიც კი შექმნეს – ბრიტანულ-ქართული სიმბოლოებით. პარალელურად, ნატალი უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებს უცხოეთში. 2009 წელს დააარსა პირველი ქართული კულტურის ცენტრი, სახელწოდებით – „ევრო ჯორჯია“, ესპანეთის ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაში. 2010 წელს ამ ორგანიზაციის ინიციატივით შედგა ქალაქების - მარბელასა და ბათუმის დამეგობრება და მას შემდეგ ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მათ შორის, აჭარის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ტურისტული ფესტივალი. 2012 წელს გაიმართა მარბელასა და ბათუმის საერთაშორისო გრანდიოზული არტფესტივალი-Inter Art Batumi, რომელზეც მოწვეული იყვნენ დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, 2012 წელს, ნატალი სტიუარტ-ფოქსმა, ცნობილ ინგლისელ პროდიუსერებთან ერთად, მარბელაში დააარსა საპროდიუსერო ცენტრი და საერთაშორისო ტალატების კონკურსი – Reality Star. ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის, ნატალის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართულ-ბრიტანული საოჯახო ბრენდის შექმნა, რომელიც მათ შვილს ჩარლზ ნიკოლოზს მიეძღვნა, რათა მან გააგრძელოს ოჯახური ტრადიციები და შეინარჩუნოს როგორც ბრიტანული, ასევე ქართული იდენტობა. ბრენდის მიზანია ქართული ღვინისა და ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია. ინგლისში, კერძოდ, უელსში საცხოვრებლად რიჩარდ სტიუარტ-ჯონსის ოჯახი 2019 წელს გადავიდა. ნატალი იქ დიასპორული სავაჭრო პალატის წარმომადგენელი გახლავთ, ორგანიზებას უწევს კარდიფში მცხოვრები ქართველთა დიასპორის შეხვედრებს საქართველოს სამთავრობო თუ საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან. პარალელურად, 2021 წელს შექმნა სოციალური პლატფორმა – „ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ“. ამ პროექტმა გაიმარჯვა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში და მარბელაში დაფუძნდა საერთაშორისო დიასპორული კინოფესტივალი, რომლის ფარგლებში დახმარებას უწევენ დამწყებ ხელოვანებს საინტერესო პროექტების განხორციელებაში. ნატალი გახლავთ შუახევში გამართული სმარტ-ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი, ასევე, არის საერთაშორისო ჟიურის წევრი ევროპის პრესტიჟულ ფესტივალებზე, სადაც ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს წარადგენს და ეხმარება მათ კარიერის განვითარებაში. 2023 წელს ნატალი სტიუარტ-ფოქსის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალს საქართველოში, რომელიც ჩატარდა ქ. წყალტუბოში. ამ ფსტივალს მნიშვნელოვანი მისია აკისრია, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონული ტურიზმის განვითარებას. წყარო: სტიუარტ-ფოქსი ნატალი. მის თბილისის ორგანიზატორის შეხვედრა მსოფლიოს ვარსკვლავებთან და 23 წელი ევროპაში: ინტერვიუ / საუბრა მანანა გაბრიჭიძე // გზა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. თბილისი, 3023. 30 ნოემბერი-6 დეკემბერი. N48 (1225). გვ. 56-59
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

