| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გურამ ჭილაია![]()
Biographyქართული თხევადკრისტალური ფიზიკის სკოლის დამაარსებელი, გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი გურამ ჭილაია დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში, მწერალ სერგი ჭილაიას ოჯახში. დედა - მარიამ სანადირაძე ბაღის პედააგოგი იყო, თუმცა ვაჟის შეძენის შემდეგ აღარ უმუშავია. ოჯახში სამი შვილი იზრდებოდა: გურამი ფიზიკოსი გახდა, დალი - ფილოლოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი, უმცროსი ქალიშვილი, ლალი კი - ექიმი. გურამ ჭილაიამ 1955 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო, 1960 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; 1960-1963 წლებში სწავლობდა ქ. მოსკოვის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1967 წელს ამავე ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება; საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერმა მიუძღვნა თუთიის სულფიდში ელექტროლუმინისცენციის საკითხებს; 1968-1971წწ. გურამ ჭილაია მუშაობდა მოსკოვის ორგანული ნაერთების ინსტიტუტში, სადაც ინტესიურად დაიწყო თხევადი კრისტალების ოპტიკური და ელექტროოპტიკური თვისებების შესწავლა; ამ პერიოდში შექმნა პიონერული ნაშრომი, რომელიც ეხება სპირალურ სტრუქტურებიანი თხევადი კრისტალების ელექტროოპტიკას და მისი შემდგომი მეცნიერული კვლევები ძირითადად ასეთი სტრუქტურების შესწავლას მიეძღვნა; 1972 წელს დაბრუნდა თბილისში და მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფს და დაიწყო თხევადი კრისტალების ფიზიკური თვისებების კვლევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში გამოყენების მიზნით; ჯგუფი, რომელსაც გურამ ჭილაია მრავალი წელი ხელმძღვანელობდა შემდგომში ჩამოყალიბდა, როგორც ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპიული სისტემების განყოფილება; 1981 წელს მისი ინიციატივით ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თხევად კრისტალებში; მეცნიერი 1983 წელს გახდა ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1984 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება მყარი ტანის ფიზიკის დარგში; 1989 წელს სამეცნიერო ჯგუფს გურამ ჭილაიას ხელმძღვანელობით შრომათა ციკლისთვის: "ინდუცირებული სპირალური სტრუქტურის თხევადი კრისტალები ინფორმაციის ასახვის სისტემებისათვის" მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბერლინის (გერმანია) ტექნიკურ უნივერსიტეტთან; მისი უშუალო მონაწილეობით შესრულებულია მრავალი სამეცნიერო სამუშაო და მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგანაც ზოგიერთი ამ დარგის წამყვანი საზღვარგარეთელი მეცნიერის მიერ პრიორიტეტულადაა მიჩნეული; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციში, რომლებიც სხვადასხვა დროს იმართებოდა აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთში გერმანიაში, იტალიაში, ინდოეთში და სხვ.; 1995-1996 წლებში მიწვევითი მოხსენებები ჰქონდა აშშ-ის ქ. სან-ხოსეში, სადაც ერთდროულად ჩატარდა 25 კონფერენცია მეცნიერების ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში როგორებიცაა: ინფორმაციის ოპტიკური დამუშავება, ლაზერული ტექნიკა, დისპლეები და ა. შ.; გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 3 მონოგრაფია და 10 გამოგონება; 2006 წელს გურამ ჭილაია გახდა ვ.კ.ფრედერიკსის საერთაშორისო მედლის ლაურეატი თხევადი კრისტალების ფიზიკის დარგში დამსახურებისთვის. წყარო: https://cybernetics.ge/istoria გამოჩენილი მეცნიერი / ჯუმბერ ლომინაძე, გურამ ხარატიშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1997. - 29 ივლისი. - N180 (2553). - გვ 6.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

