| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გურამ არაბიძე![]()
Biographyმეცნიერი, ექიმი-კარდიოლოგი გურამ გრიგოლის ძე არაბიძე დაიბადა 1930 წლის 20 თებერვალს, თბილისში, ექიმების ოჯახში. ახალგაზრდამ ოჯახური ტრადიცია განაგრძო და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. განაწილებით მოხვდა კრასნოდარის მხარის სოფელ პონეჟუკაის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც ოთხი წელი (1954 წლიდან 1958 წლამდე) იმუშავა განყოფილების გამგის თანამდებობაზე. მიზანდასახულობამ და სწავლის გაგრძელების დიდმა სურვილმა, პრაქტიკოსი ექიმის რანგში მიღებულ ფასდაუდებელ პირველ გამოცდილებასთან ერთად, გურამ არაბიძეს საშუალება მისცა გაეკეთებინა არჩევანი, რომელმაც განსაზღვრა მისი მომავალი ცხოვრების გზა კლინიკური რეზიდენტიდან განყოფილების ხელმძღვანელამდე. 1958 წელს მან ჩააბარა სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის თერაპიის ინსტიტუტში კლინიკურ რეზიდენტურაზე, 1960 წელს კი ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1963 წელს გურამ არაბიძემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მუშაობა დაიწყო თერაპიის ინსტიტუტში, თირკმლის დაავადებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის განყოფილებაში, უმცროსი მეცნიერ-მუშაკის რანგში. სადოქტორო დისერტაცია თემაზე: თირკმლის ოკლუზიური ჰიპერტენზია (კლინიკური ფორმები, დიაგნოზი და ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები) დაიცვა 1970 წელს. ამ დროს ის უკვე იყო ა. ლ. მიასნიკოვის სახელობის კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის “სისხლის მიმოქცევის უკმარისობისა და კორონარული უკმარისობის” განყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი. 1972 წლიდან 1976 წლამდე ხელმძღვანელობდა მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების რეაბილიტაციის განყოფილებას, ხოლო 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღეებამდე - არტერიული ჰიპერტენზიის განყოფილებას, რითაც გახდა თავისი მენტორის, პროფესორ ნ.ა. რატნერის მემკვიდრე. გურამ არაბიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსული კარდიოლოგიის განვითარებაში. მისი კვლევითი ინტერესები უკიდურესად ფართო იყო და მოიცავდა კარდიოლოგიის ძირითად სფეროებს, განსაკუთრებით ეს ეხება სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიის და ესენციური ჰიპერტენზიის პათოგენეზის შესწავლას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. მან პირველმა შეისწავლა რენოვასკულარული ჰიპერტენზიის კლინიკური ასპექტები, პრაქტიკაში დანერგა კონტრასტული მუცლის ღრუს აორტოგრაფია და თირკმლის არტერიის შერჩევითი ანგიოგრაფია ოკლუზიური რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დიაგნოზირებისთვის, შეიმუშავა ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები, ხოლო, შემდგომში დანერგა თირკმლის არტერიების ინტრავასკულარული ანგიოპლასტიკა რენოვასკულარული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ. გურამ არაბიძის ინიციატივით, ა.ლ. მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა ექსტრაკორპორალური მკურნალობის მეთოდების ლაბორატორია, რამაც ხელი შეუწყო არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმების წამლისმიერი თერაპიის მიმართ რეზისტენტობის დაძლევის მეთოდების შემუშავებას. გარდა ამისა, ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად, მან გახსნა ახალი დარგი - კარდიონევროლოგია, რომლის უმთავრესი მიზანი იყო არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ინსულტების პრევენცია. ღვაწლმოსილი მეცნიერი აღიარებული იყო არტერიული ჰიპერტენზიის დარგის წამყვან სპეციალისტად, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მან აღზარდა ექიმებისა და მკვლევარების მთელი პლეადა, იყო შესანიშნავი მენტორი ახალგაზრდებისთვის, ზრუნავდა ახალბედა მეცნიერების განვითარებასა და პროგრესზე. გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი რუსულ და საერთაშორისო ლიტერატურაში; მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 50 საკანდიდატო და 15 სადოქტორო დისერტაცია. მეცნიერი იყო რამდენიმე მონოგრაფიის, მრავალი რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების თანაავტორი; არაერთი წამყვანი სამეცნიერო და სამედიცინო გამოცემის რედკოლეგიის, არტერიული ჰიპერტენზიის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფარმაკოთერაპიის, ანგიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი და რუსეთის ფედერაციაში არტერიული ჰიპერტენზიის შესწავლის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მეცნიერი (1994) გამოირჩეოდა მრავალმხრივი ნიჭით, გასაოცარი ქარიზმითა და პიროვნული ხიბლით, ყოველთვის გულუხვად უზიარებდა სხვებს თავის ცოდნასა და უზარმაზარ პრაქტიკულ სამედიცინო და სამეცნიერო გამოცდილებას. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით; გურამ აბრამიძე გარდაიცვალა 1999 წელს. მამის გზას გაჰყვა მისი ვაჟი გრიგოლ არაბიძე (Арабидзе Григорий Гурамович). დაიბადა 1962 წლის 24 ნოემბერს. დაამთავრა ნ. ა. სემაშკოს სახელობის მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის (ММСИ) სამკურნალო ფაკულტეტი (1979-1985), ექიმ-თერაპევტის კვალიფიკაციით. განაწილებით მიავლინეს ММСИ-ს შინაგან სნეულებათა N2 კათედრაზე უფროს ლაბორანტად. კათედრაზე მუშაობის პერიოდში გაუჩნდა სამეცნიერო საქმიანობის ინტერესი. 1990 წლიდან - კათედრის ასისტენტი; 1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია;1998 წლიდან - დოცენტი; 2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 2007 წლიდან - პროფესორი; მან რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ექიმ კარდიოლოგის პრაქტიკაში ოკლუზიური ვენური პლეტიზმოგრაფიის მეთოდი მიკროცირკულაციური კალაპოტის დინამიკისა და პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შესაფასებლად გულის კორონარული დაავადებისა და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. მრავალი წელია არის ათეროსკლეროზის შემსწავლელი ევროპული ორგანიზაციის აქტიური წევრი (EAS); გრიგოლ არაბიძე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის კათედრის სასწავლო ნაწილის გამგე; გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 125-მდე სამეცნიერო ნაშრომი. წყარო: https://cyberleninka.ru/article/n/k-50-letiyu-arabidze-grigoriya-guramovicha/view
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

