| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დავით ღვინიანიძე![]()
Biographyსაოპერო მომღერალი, პროდიუსერი, ქველმოქმედი დავით თემურის ძე ღვინიანიძე დაიბადა 1977 წლის 3 დეკემბერს, ქ. ქუთაისში. ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ გახლდათ, მაგრამ მუსიკა უყვარდათ. ბებია, მერი ჯანელიძე გიტარაზე უკრავდა და დედმამიშვილებთან ერთად (4 და, 2 ძმა) მღეროდა. მამამ აკორდეონზე დაკვრა იცოდა და ოჯახში გამართული ყველა წვეულება დოლ-გარმონით მთავრდებოდა. ასე რომ ბუნებრივი იყო, რომ 6 წლის ასაკიდან დათოც მღეროდა. პატარა მომღერლის მუსიკალური კარიერა ქუთაისის ჯაზ-როკ ანსამბლ "ალიონის“ სოლისტობით დაიწყო. ანსამბლში ის წამყვანის ფუნქციასაც ითავსებდა. ამ პერიოდში მას უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ მუსიკის გარეშე ვერ გაძლებდა და გადაწყვიტა საოპერო ხელოვნებას დაუფლებოდა, რადგან ეს ყველა ჟანრის სიმღერის შესრულების საშუალებას მისცემდა. მშობლები შვილის პროფესიულ არჩევანს - მომღერლობას, სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ურჩიეს ძირითად პროფესიად მეღვინეობა, ან ექიმობა აერჩია, სიმღერა კი გასართობად ესწავლა. დათომ მათი რჩევა გაითვალისწინა და ჯერ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, შენდეგ წელს ქუთაისის კონსერვატორიაშიც დაიწყო სწავლა, მეორე კურსიდან კი თბილისში გადავიდა და მედეა ფანიაშვილის სახელობის აკადემია დაამთავრა (ვოკალის კლასი). დავით ღვინიანიძემ ორივე უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით, წითელ დიპლომზე დაასრულა, თუმცა მეღვინის დიპლომი მამას აჩუქა და თავად მთლიანად მუსიკალურ ხელოვნებაზე გადაერთო. ამასთან ერთად, მან მუსიკას დაუკავშირა მისი მეორე გატაცება, ჟურნალისტიკა და შექმნა საავტორო გადაცემები. ჯერ კიდევ სტუდენტობისას ის გახდა ავტორი ერთ-ერთი ყოველკვირეული სატელევიზიო შოუპროგრამისა „ტენორი“, რომელიც ისეთ თემებს ეხებოდა, როგორიცაა კლასიკური მუსიკა, ოპერის ვარსკვლავები, კომპოზიტორები, სპექტაკლები და სხვა. შოუს იმდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა, რომ რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ იგი ეროვნულ ტელევიზიასა და საერთაშორისო საკაბელო არხებზე მოხვდა. დავით ღვინიანიძე ამზადებდა გადაცემებს აჭარის, ქუთაისის და პირველი არხის ტელევიზიებისთვის. გარდა ამისა, კითხულობდა ლექციებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუზეუმში, ასწავლიდა მუსიკალურ ათწლედში და პარალელურად მუშაობდა ორ საოპერო თეატრში – ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ - ბათუმში, სადაც ის მისმა პედაგოგმა ალექსანდრე ხომერიკმა მიიყვანა. მუსიკალური აკადემიის დამთავრების შემდეგ დავითმა სამშობლოდან წასვლა გადაწყვიტა, რადგან მიხვდა, რომ როგორც მომღერალს მას საქართველოში დიდი ასპარეზი არ ექნებოდა. მას ჰქონდა მიწვევები ნიუპორტის (დიდი ბრიტანეთი) ოპერის თეატრიდან და ევროპის სხვა ოპერის თეატრებიდან, მაგრამ მოსკოვში წასვლა არჩია. 2000 წელს მომღერალმა საქართველო დატოვა და ამავე წლის 13 მაისს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ახალ საოპერო თეატრში დანიშნულ კონკურსში. პირველივე ტურის შემდეგ იგი ჩარიცხეს „ახალი ოპერის“ თეატრის დასში. 2000-დან 2003 წლამდე დავითი აქტიურად უთავსებდა „ახალ ოპერაში“ მუშაობას საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას და მრავალი ჯილდოც მოიპოვა: 2001-2002 წლებში იგი გახდა სერგეი რახმანინოვის სახელობის ფესტივალ „თეთრი იასამნის“ გამარჯვებული; 2002 წელს - რუსული რომანსების შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის „რომანსიადას“ (მოსკოვი) პირველი პრემიის მფლობელი; 2004 წელს - ნარიმან საბიტოვის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (უფა). მომღერალმა გაიმარჯვა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა: პუშკინის ფესტივალი „ბოლდინის შემოდგომა“ (ნიჟნი ნოვგოროდი); „მუსიკალური ხარკოვი“ (ხარკოვი, უკრაინა); „მოსკოვი. პუშკინი. მუსიკალური საღამოები არბატზე“ (მოსკოვი); რუსული მუსიკის ფესტივალები ველიკი ნოვგოროდსა და ფსკოვში; საოპერო ფესტივალი „მარია ბიეშუ გიწვევთ“ (კიშინიოვი, მოლდოვა) და სხვა. აქტიური საკონცერტო კარიერის პარალელურად, 2002 წელს დავით ღვინიანიძემ დააარსა საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიო ტალანტები“, რომელმაც უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა; ერთ-ერთ ასეთ პროექტში, მან, როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და „მსოფლიო ტალანტების ფონდის“ პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოში საოპერო ხელოვნების ფესტივალის აღორძინებაში. 2003 წლის იანვარში, ხელმძღვანელობის მოწვევით, მომღერალი გახდა მოსკოვის მუსიკალური თეატრის „ჰელიკონ-ოპერის“ სოლისტი, სადაც 2010 წლამდე იმუშავა. 2005 წლის 17 ივლისს, კულტურის სფეროში დამსახურებისთვის, კულტურისა და დასვენების პარკის „სოკოლნიკის“ ტერიტორიაზე შედგა დავით ღვინიანიძის სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია, ხოლო, რამდენიმე თვით ადრე იგი რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა ოქროს მედლით "მეცენატობისთვის". 2006 წლის ივნისში მომღერალმა გაიმარჯვა ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში „ვალსეზია-მუსიკა“ (ჟიურის თავმჯდომარე - ფიორენცა კოსოტო. მილანი, იტალია); ასევე, 2006 წელს, საქველმოქმედო ფონდი „მსოფლიოს ტალანტები“ გახდა საერთაშორისო ასოციაცია „ცოდნის“ სრულუფლებიანი წევრი და ამ საგანმანათლებლო ორგანიზაციის კულტურისა და ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელი. ამავე წელს, დავით ღვინიანიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს მსოფლიო საზოგადოებრივი ფორუმის „ცივილიზაციათა დიალოგის“ სესიაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება საბერძნეთის კუნძულ როდოსზე. ფორუმის სესიებს ესწრებიან მრავალი ქვეყნის სამთავრობო და საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები და რელიგიური ლიდერები. 2007 წელს დავით ღვინიანიძის სახელი შეტანილი იქნა ენციკლოპედიაში „ჩვენი ათასწლეულის ხალხი“, ხოლო, იმავე წლის დეკემბერში მას გადაეცა გაეროს მედალი „კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. 2008 წელს, მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის სახლის სვეტლანოვის დარბაზში მას გადასცეს რუსეთის ერთ-ერთი უმაღლესი საზოგადოებრივი ორდენი, „დიდების ლალის ჯვარი“, რომელიც მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გაიცემა. დავით ღვინიანიძემ რუსეთში განახორციელა ისეთი პროექტები, როგორიცაა „ტენორების თანავარსკვლავედი“, „ბანების თანავარსკვლავედი“, „ტენორებისა და ბანების დუელი“, „სამეფო ტურნირი, ანუ ტენორების, ბარიტონებისა და ბანების შეჯიბრი“, „მეცო-სოპრანოს თანავარსკვლავედი“ და სხვა. ფონდ „საერთაშორისო ტალანტების“ ეგიდით მოსკოვში მრავალი წელია იმართება მასშტაბური ფესტივალი „შობის დღეები დავით ღვინიანიძესთან ერთად“. საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად მომღერალი განაგრძობდა ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას და მართავდა საკონცერტო ტურნეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: ავსტრია, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ისრაელი, საქართველო, იტალია, ყაზახეთი, მოლდოვა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აშშ, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, რუსეთის სხვადასხვა ქალაქები და ა. შ. 2006 წელს, ამერიკაში პირველად ჩასვლის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქების სცენებზე დავითმა გამართა ლეგენდარული ამერიკელი ტენორის მარიო ლანცას იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები, რომელსაც ლანცას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ეს აქტივობა მან ფილადელფიიდან დაიწყო, შემდეგ კი კონცერტები ჩაატარა ვაშინგტონსა და ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში. 2013 წელს მის შესახებ მოკლე ბიოგრაფიული მასალა განთავსდა შვეიცარიის საერთაშორისო გამომცემლობის ენციკლოპედიაში „ვინ ვინ არის რუსეთში“ და რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის მსოფლიო გამოცემაში „ვინ ვინ არის“. 2008 წელს, მას როგორც ნიჭიერ მომღერალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადასცა „მწვანე ბარათი“. მაგრამ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი გასტროლი და გეგმა ჰქონდა, დავითმა მაშინვე ვერ შეძლო რუსეთის დატოვება და ამერიკაში გადასვლა. 2016 წელს, როცა საბოლოოდ დაფუძნდა ამერიკაში, მან იქაც დააარსა „მსოფლიო ტალანტების“ ფონდი, ხოლო იმავე წლის ზაფხულში ეს ფონდი საქართველოშიც შექმნა. დავით ღვინიანიძის საქართველოდან წასვლის შემდეგ უკვე მრავალი წელი გავიდა, მაგრამ მას სამშობლო არასოდეს დავიწყებია. ამას ისიც მოწმობს, რომ მან საქველმოქმედო ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ ეგიდით ქუთაისში დააარსა „ქუთაისის ოპერის საერთაშორისო ფესტივალი“, სადაც მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები იყრიან თავს. ამ მხრივ საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის, როგორც საოპერო ქალაქის, აღორძინებას. 2013 წელს აღადგინა ოპერის ხელოვნების ფესტივალი ბათუმში. 2018 წელს ქუთაისში საფუძველი ჩაეყარა ახალ მუსიკალურ პროექტს "მუსიკალური გალერეა - გზა კარნეგი ჰოლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს მოზარდი ნიჭიერი მუსიკოს შემსრულებლების მოძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით და კონკურსში გამარჯვებული მუსიკოსების წარდგენას აშშ-ში კარნეგი- ჰოლის სცენაზე. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური პროექტის ლაურეატები ფონდს თავისი ხარჯით მიჰყავს ამერიკაში და აფინანსებს მათ გალა კონცერტს კარნეგი ჰოლში. დავითი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ კონკურსს უძღვება, რომელიც 18-45 წლამდე მონაწილეებისგან შედგება. პროექტი ამერიკულმა პრესამ საუკეთესოდ აღიარა. ეს გახლავთ აკადემიური ვოკალის კონკურსი, რომელიც ამერიკის სხვადასხვა ქალაქში ტარდება და ფინალით ნიუ-იორკის ოპერა „ამერიკაში“ სრულდება. გამარჯვებულები ფულად და სხვა სპეცპრიზებს იღებენ, ამასთანავე, მონაწილეობენ ფონდ „მსოფლიო ტალანტების“ საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც მსოფლიოს უპირველეს სცენაზე – კარნეგი ჰოლში – იმართება. 2019 წლის თებერვალში, პენსილვანიაში, დავით ღვინიანიძის სახელობის კულტურის ცენტრში, გაიხსნა მუსიკალური და სახვითი ხელოვნების "DG კულტურული ცენტრი". მომღერალი სატელევიზიო გადაცემების ხშირი სტუმარი და საკონცერტო –სატელევიზიო პროგრამების მონაწილეა. მისი, როგორც საოპერო მომღერლის საქმიანობა, ფართოდ შუქდება მედიის მიერ. წყარო: https://1tv.ge/video/musikis-12-mociqulis-stumaria-baritoni-davit-ghvinianidze/ https://www.newpress.ge/es-sachuqari-ekutvnis-chemgan-mshobljur-qalaqs--davit-rvinianidze https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268457164 https://www.ambebi.ge/article/258271-operis-momgeral-davit-gvinianizis-gza-kutaisidan-a/ https://cyclowiki.org/wiki/Давид_Темурович_Гвинианидзе
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

