| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნუგზარ რუხაძე![]()
ბიოგრაფიაპედაგოგი, ჟურნალისტი, დიპლომატი ნუგზარ რუხაძე დაიბადა 1942 წლის 2 მაისს თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენის ფაკულტეტზე. პროფესიით არის ინგლისური და იტალიური ენების მასწავლებელი, ასევე, თეორეტიკოსი პედაგოგი. სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს ლენინგრადში, დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში. ბატონ ნუგზარს პედაგოგიური საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. მას მამა ადრე გარდაეცვალა და 15 წლის ასაკიდან მატერიალურად ეხმარებოდა დედას, ინგლისურ ენას ასწავლიდა ბავშვებს მცირე გასამრჯელოს ფასად. ეს იყო მისი პირველი შემოსავალი. როგორც თარჯიმანი, ნუგზარ რუხაძე მივლინებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის - ნეპალში. მცირე ხნით იმუშავა სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში. ასწავლიდა ინგლისურს პოლიტექნიკურ და უცხო ენათა ინსტიტუტებში. არის აგრეთვე დიპლომატი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული. საგარეო საქმეთა სამინისტროში ეწეოდა საოქმო და საკონსულო საქმიანობას, საქმიანობდა ლონდონში გაეროს საერთაშორისო-საზღვაო ორგანიზაციაში. იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო ე. წ. "გარდაქმნა", ნუგზარ რუხაძე მუშაობდა მინისტრთა საბჭოში უცხოეთთან ურთიერთობის დარგში. იმ პერიოდში შეიქმნა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ტელეჟურნალისტების გაცვლას. პროექტის მიხედვით, ქართველს ამერიკელებისთვის უნდა მოეთხრო მისი თვალით დანახულ ამერიკაზე და ამერიკელს, პირიქით, ქართველებისთვის უნდა მოეთხრო საქართველოზე. გაცვლითი პროგრამისთვის საქართველოდან ნუგზარ რუხაძე შეარჩიეს. მანამდე ის სულ ერთხელ იყო ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1987 წელს, როცა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ კონფერენციაზე მიავლინა და არც ტელევიზიასთან ჰქონია ხშირი ურთიერთობა, მიუხედავად რადიოსა და ტელეეთერში მომზადებული სიუჟეტებისა. ტელეჟურნალისტების გაცვლა წარმატებით შედგა. პროექტი, რომელიც სულ რაღაც ექვსკვირიანი იყო, ტელეკომპანია ტის-ის ატლანტის ფილიალში განხორციელდა. ნუგზარ რუხაძემ 300-მდე სიუჟეტი გააკეთა ამერიკაზე და ამერიკელებზე. ეს იყო ქართველი ჟურნალისტის თვალით დანახული ქვეყანა. ნუგზარ რუხაძის სიუჟეტებზე გაკეთებული სატელევიზიო ნამუშევარი „Georgia to Georgia» 1989 წელს ამერიკის ტელემედიის ყველაზე მაღალი ჯილდოს „რეგიონული ემის“ მფლობელი გახდა. ფილმი ძალიან თბილად მიიღო როგორც ამერიკელმა, ისე ქართველმა მაყურებელმა. ჟურნალისტის სიუჟეტები მაყურებელს ისე ძალიან მოეწონა, რომ ექვსი კვირის შემდეგ იგი ისევ მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღნიშნული პროექტი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი. დაახლოებით ასამდე სტატია გამოქვეყნდა ნუგზარ რუხაძის შესახებ ამერიკაში, ქუჩებში გამოფენილი იყო ბილბორდები მისი სურათებით. ნუგზარ რუხაძემ საკუთარი ოჯახი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადაიყვანა და 1995 წლამდე ტელევიზიაში მუშაობდა. საბჭოთა იმპერიის დაშლამ ამერიკელთა ინტერესი პროექტის მიმართ შეანელა. ბატონმა ნუგზარმა ტელეეთერში მუშაობა დაამთავრა და ამერიკული ცხოვრების პირისპირ აღმოჩნდა. ჟურნალისტი სიძნელეებს არ შეუშინდა, არ დაიბნა და რამდენიმე ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. პირველ რიგში, მან გააკეთა ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტუდენტების გაცვლა-გამოცვლას. ამავე დროს, ის ამერიკის სხვადასხვა სკოლებში ასწავლიდა ინგლისურს, ამერიკის მმართველობას, კონსტიტუციას. ბოლოს კი ახალგაზრდა მეგობრებთან (კომპიუტერის პროგრამისტებთან და სპეციალისტებთან) ერთად შექმნა საინტერნეტო-სამესიჯო სამსახური, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა. 2002 წელს, ამერიკაში გატარებული 17 წლის შემდეგ, ნუგზარ რუხაძე სამუშაოდ მოიწვიეს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე. ეს იყო ტელევიზიის ხელმძღვანელობის, პირადად, ზაზა შენგელიას შემოთავაზება. ჟურნალისტის მიერ მომზადებული 30-წუთიანი საავტორო ტელეჟურნალი - "დღის ბოლოს" გადიოდა "პირველი არხის" პრაიმ-თაიმში, საღამოს 11 საათზე, კვირაში ხუთჯერ, გამოსასვლელი დღეების გარდა. “ტელევიზიას რომ არ მოვეწვიე, ისედაც ვაპირებდი გუდა-ნაბადის აყრას და აქ ჩამოსვლას. იქ საკმაო წარმატებას მივაღწიე, გასაჭირი ნამდვილად არ მქონია, მაგრამ სამშობლოზე ფიქრი ვერაფრით მოვიშორე. აქ ძალიან დიდი სიყვარული დავტოვე; ნათესავები, მეგობრები. ჩამოსვლის შემდეგ ჩემი მეგობრებთან შეხვედრა იყო ნამდვილი ზეიმი, ბავშვობის სიყვარულის ტრიუმფი. საბედნიეროდ, ჩემს სურვილს ეს წინადადებაც დაემთხვა. ეს ის არის, რაზეც ვერ ვიოცნებებდი საუკეთესო წარმოსახვაშიც კი”, - ამბობს ნუგზარ რუხაძე. ჟურნალისტი დღესაც აქტიურად მუშაობს. კვირაში ერთ სტატიას აქვეყნებს ინგლისურენოვან ყოველკვირეულ გაზეთში “Georgia Today”. კვლავ აქვს საკუთარი გადაცემა საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე (პოსTV) კვირაში ერთხელ, ხშირად იწვევენ სტუმრად სხვადასხვა ტელეგადაცემებში და რაც მთავარია ეწევა გაცხოველებულ პედაგოგიურ საქმიანობას - ასწავლის ბავშვებს ინგლისურ ენას “ბაირონის სკოლაში”, მუშაობს ინგლისური ენის სახელმძღვანელოზე. საქართველოს რადიოს პირველ არხზე გადაიცემოდა “ნუგზარ რუხაძის ინგლისური ენის შემსწავლელი რადიო გაკვეთილები”, 2023 წელს მოამზადა ინგლისური ენის სწავლების საავტორო პროგრამა (ვიდეოგაკვეთილები, რომელიც დაგეხმარება, ადვილად და ხარისხიანად შეისწავლო ინგლისური). მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი ინგლისური ენის სპეციალური პროგრამა მარტივად გიხსნის ქართულად თუ როგორ ილაპარაკო ინგლისურად. თვითმასწავლებელის მიზანია ინგლისური ენის სწავლება საწყისი დონიდან მის პრაქტიკულ გამოყენებამდე. პროგრამა გათვლილია სხვადასხვა ასაკისა და სრულიად განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებზე. წყარო: https://www.nplg.gov.ge/opentext/index.php?m=94&y=2002&art=12460 https://www.ambebi.ge/article/26024-nugzar-ruxaze-dangreul-ojaxebs-nanobs/ რუხაძე ნუგზარ. „ერთ წამს ვერ დავთმობ იმისას, რაც ღმერთმა მომცა, მე საქართველოში უნდა განვხორციელდე როგორც სულიერად, ისე მატერიალურად!“: ინტერვიუ / დიასპორული ჟურნალი: კრებული / დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თბილისი, 2016. N1/6. გვ. 91-95
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

