The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოლგა ბაბლუანი

ოლგა ბაბლუანი
დაბადების თარიღი:1977  (49 წლის)
კატეგორია:მსახიობი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

ჟურნალისტი, მსახიობი, პროდიუსერი ოლგა ბაბლუანი კინემატოგრაფიული ოჯახის წარმომადგენელია. მამა, თემურ ბაბლუანი, უფროსი ძმა - გელა და უმცროსი და - სოფია, კინორეჟისორები არიან; დედა - ლიანა და უმცროსი ძმა - გიორგი, მსახიობები.

და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი - ოლგა, მამის შემდეგ, საქართველოში ყველაზე ცნობილი ბაბლუანია, რაც უმეტესად მისი სატელევიზიო კარიერითაა განპირობებული. ქართულ-ფრანგული კარიერული გზის დასაწყისში მისი ცხოვრება მეტწილად კინოსთან იყო დაკავშირებული. როგორც მსახიობი თამაშობდა გელა და თემურ ბაბლუანების ფილმებში: „13“ (2005) და „მემკვიდრეობა“ (2006), ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა რეჟისორების ფილმებშიც, მათ შორისაა რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას მხატ­ვრულ­ი ფილმი “Keep Smiling ანუ გაიღიმეთ” (2012, ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია), სადაც ელენეს, აფხაზეთიდან დევნილ ქალს თამაშობს.

ბაბლუანების ოჯახმა საქართველო 1995 წელს დატოვა. საფრანგეთში ჩასულმა ოლიკომ ჯერ სორბონის ენის კურსები გაიარა, მერე ისტორიულზე ჩააბარა და შემდეგ თეატრალურში გადაწყვიტა გადასვლა. იმ დროს თინეიჯერობის ასაკიდან ახალი გამოსული იყო. მსახიობობა მარტივად, ბუნებრივად გამოსდიოდა. რეპეტიციები, ლექციები, კინო, მუზეუმები, განსხვავებული ცხოვრების სტილი… ამ პერიოდში დაიწყო მისი პიროვნული ჩამოყალიბება, თანდათან ახალი მოთხოვნილებები გაუჩნდა და მსახიობობა უკვე აღარ აკმაყოფილებდა. ახალგაზრდა ქალის ინტერესმა ამჯერად მედიისა და ტელევიზიისკენ  გადაინაცვლა.

„მედია /ტელევიზია -  ესეც ერთგვარი “სპექტაკლის სფეროს” ნაწილია. იმ განსხვავებით, რომ მე ვქმნი მთლიან კონცეფციას და ვაწვდი მაყურებელს იმას, რაც  დროში ადეკვატურად, საინტერესოდ მიმაჩნია. საოცარი ენერგია ტრიალებს სტუდიაში. უამრავ ჭკვიან, ნიჭიერ ადამიანს ვხვდები. პროცესი ძალიან მავსებს“, - ამბობს ოლგა ბაბლუანი.

საქართველოს ტელევიზიაში ოლიკო ბაბლუანი 2014 წელს გამოჩნდა. მისი პირველი საავტორო ტელე-პროექტი იყო "მშვიდობით, იარაღო!" , სადაც ავტორი არაფორმალურ გარემოში  მასპინძლობდა სხვადასხვა სოციალური და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლებს. გადაცემაში ყველას  თავისუფლად შეეძლო საკუთარი იდეების და მოსაზრებების გამოთქმა. 

რამდენიმე წლის წინ შედგა ოლგა ბაბლუანის მეორე საავტორო გადაცემა „რა დროს ძილია?!“,  სადაც ის უფრო მეტად კულტურასა და სოციალურ საკითხებზე მსჯელობდა საინტერესო სტუმრებთან ერთად.

გადაცემის ავტორის აზრით, თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოდის, მნიშვნელოვანია შემეცნებითი მედიაპროექტების არსებობა. ისეთი გადაცემების, რომლებიც საზოგადოებას ცხოვრების არსებით ფასეულობებზე დააფიქრებს. სწორედ ასეთი პროექტები იყო „მშვიდობით, იარაღო“ და „რა დროს ძილია“ – ახალი სიტყვა ქართულ მედიასივრცეში.

როცა ამ პროგრამამ თავი ამოწურა, ოლგა საგანმანათლებო პოექტებზე გადაერთო. იგი არის  საგანმანათლებო კონფერენციების ორგანიზატორი; ასევე, ავტორი მოდერატორი სამი მოკლე ფილმისა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, რადგან თვლის, რომ ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების წინააღმდეგ, სოციალური ინტეგრაციისთვის აუცილებელია პროფესიული სწავლება; ამავე დროს, ბათუმის ნაციონალურ გალერეაში მოაწყო ფორუმი - ხელოვნება და განათლება; ითანამშრომლა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან: ვიზალიბერალიზაციისა და მიგრაციის თემაზე; დააორგანიზა დისკუსია - ევროპა და წიგნიერება და ა.შ.

რამდენიმე წლის განმავლობაში ოლგა იყო ჟურნალ „12“--ის რედაქტორი, შემდეგ კი გახდა „OK! საქართველოს“ მთავარი რედაქტორი.

ოლგა ბაბლუანის ბოლო პროექტი ეხება კულტურული იდენტობის თემატიკას, ანუ ქართულ ხასიათს შემოქმედებითი კუთხით. ამ საკითხს მიუძღვნა მან პატარა, 12-წუთიანი ფილმი „იდენტობა“: „იდენტობის საკითხი ძალიან მწვავე და კომპლექსურია: ენა, სარწმუნოება, ღირებულებები, ცხოვრების სტილი, ხელოვნება, მითოლოგია… ეს ყველაფერი კულტურული იდენტობის მახასიათებელია. ის, რაც განგვასხვავებს და, ამავე დროს, გვაახლოებს სხვა ერებთან …მაგრამ არის ხასიათი, რომელიც ძალიან ადგილობრივია, ქართულ-კავკასიური და ამავე დროს, ერთობ უნივერსალური. კულტურული იდენტობაც სწორედ ამ შემოქმედებითი ხასიათის კუთხით მინდოდა წარმომეჩინა: ხელოვნებისა და ღირებულებების კუთხით“, - ამბობს ფილმის ავტორი მოდერატორი ოლგა ბაბლუანი.

ამჟამად ოლიკო ბაბლუანი არის ჟურნალისტი, ავტორი მოდერატორი, რედაქტორი და ტელეწამყვანი. იგი მუდმივად ფიქრობს ახალ-ახალ პროქტებზე, პირველ რიგში კი  აპირებს კომუნიკაციების დაგეგმვასა და მედიაში შეძენილი გამოცდილების კინოხელოვნების სკოლის სტუდენტებისთვის გაზიარებას. 

უკვე 10 წელზე მეტია ოლგა ბაბლუანი ერთდროულად ორ ქალაქში ცხოვრობს - თბილისსა და პარიზში. მას ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ, თუმცა დედასთან ერთად ხშირად სტუმრობენ საქართველოს. ოლგა ამბობს, რომ სურს, მის შვილებს ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ.

ოლიკო პირველად 17 წლის ასაკში დაოჯახდა. მართალია ეს ქორწინება შვილის დაბადებამდე, რამდენიმე თვეში დასრულდა, მაგრამ პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი შვილი - ლიანა ბაბლუანი, რომელიც პროფესიით ანალიტიკოსია სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით.

შემდეგ იყო კიდევ ერთი ქორწინება, ამჯერად საფრანგეთში. მეორე ქორწინებაში ეყოლა  ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი, რომელიც მოდელია და თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო Womes Menegement-თან (პარიზი და მილანი). მისი დებიუტი პარიზის 2025 წლის F/W მოდის კვირეულზე გაიმართა. მან პოდიუმზე გაიარა ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Ann Demeulemeester-ი, Chloe, და Courreges-ი. ასევე, „ჰარპერის“ ყდაც დაამშვენა. Models.com-მა ნასტასია 2025 წლის გამორჩეულ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა.

წყარო:

https://hammockmagazine.ge/articles/428/n-a

https://okmagazine.ge/ok-olga-babluani-axali-proeqtit/

ბაბლუანი ოლგა. ოლგა ბაბლუანი - კრეატიული მედიაანტრეპრენერი ჩარჩოებს მიღმა: ინტერვიუ / ესაუბრა არჩილ გელაშვილი // Entrepreneur საქართველო. თბილისი, 2023, იანვარი. N55. გვ. 80-87

ბაბლუანი ოლგა. არ არსებობს წაგება! // OK! საქართველო: ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2017. სექტემბერი. N38. გვ. 6-9 


გააზიარე: