ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ქეთევან კუპატაძე
| დაბადების თარიღი: | 9 თებერვალი, 1971 (55 წლის) |
| კატეგორია: | ქიმიკოსი |
ბიოგრაფია
ქიმიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, მწრალი ქეთევან ტრისტანის ასული კუპატაძე დაიბადა 1971 წლის 9 თებერვალს, თბილისში. 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ქიმია-ბიოლოგიის მიმართულებით (1988-1993). იყო კონსტანტინე უშინსკისა და პეტრე მელიქიშვილის სახელობის სტიპენდიატი. 1997 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2003 წელს სადოქტორო დისერტაცია. ასევე, დამთავრებული აქვს ჟურნალისტიკისა და ფრანგული ენის მეორადი ფაკულტეტები. სტაჟირება გაიარა საფრანგეთის გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის ოფისში (1993). 1997 წლიდან მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ქიმიურ კათედრაზე: უფროსი მასწავლებელი (1997), დოცენტი (1998), პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2005). გარდა ამისა, იყო ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (1991 წლიდან) და 2000-2005 წლებში ასპირანტურის განყოფილების გამგე.აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთთან, იყო გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის თანაშემწე და საკუთარი კორესპონდენტი, მეცნიერებათა აღორძინების ფონდის გამომცემლობა „ინტელექტის“ სამეცნიერო შრომათა კრებულის ერთ-ერთი რედაქტორი. 2006 წელს დაიწყო მუშაობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - ჯერ ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ ფაკულტეტზე, შემდეგ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, ამჟამად კი საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორია. კითხულობს კურსებს ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით (საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე). მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა გარემოსა და ეკოლოგიური ქიმია, თეორიული ქიმია, ქიმიის დიდაქტიკა, ქიმიის ისტორია. არის ქიმიის ექსპერტი და ავტორი ინტერნეტგაზეთში „მასწავლებელი“. გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი სამეცნიერო-პოპულარული სტატია ქიმიის მიმართულებით ქართულ და უცხოურ ენებზე, 4 მონოგრაფია და სახელმძღვანელო, ასევე, არის სამი სასწავლო-ვირტუალური პროგრამის ავტორი ქიმიასა და ბიოქიმიაში. ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირის მეცნიერების პოპულარიზაციის ცენტრთან, სადაც 2017 წლიდან დღემდე შემოდგომაზე და გაზაფხულზე ატარებს სპეციალურ მასტერ კლასებს ქიმიის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. 1998 წელს დაენიშნა ახალგაზრდა მეცნიერთა მესამე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდია. 2017 წელს დაჯილდოვდა მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიისა და ქიმიური საზოგადოების სპეციალური მედლით ქიმიის პოპულარიზაციისთვის. არის "European Training Foundation"-ის მეცნიერების პოპულარიზაციის ელჩი (2022); "Southern Brazilian Journal of Science"- ის მეორე რედაქტორი (2022 წლიდან). ჟურნალების - "Journal Tchê Química"-ისა (2017-იდან) და "SCIREA Journal of Chemistry"-ის რედკოლეგიის წევრი (2019 წლიდან); 2022 წელს NATO-ს მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სტატიაში ქეთევან კუპატაძე დასახელდა სამ გამორჩეულ მეცნიერ ქალს შორის.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.234-235https://ka.wikipedia.org/wiki/ქეთევან_კუპატაძეhttps://faculty.iliauni.edu.ge/nsm_faculty/qethevan-kupatadze/საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები / რედ.: დავით გუბელაძე. - თბილისი, 1999. გვ. 83-84
|