| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ვანო ტერიაშვილოი![]()
Biographyვანო (იგივე იან) ტერიაშვილი დაიბადა თბილისში 1916 წელს. აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლდათ. მისი მშობლები იყვნენ კონსტანტინე ტერიაშვილი და წარმოშობით ავსტრიელი ანა დეკერ-შენკი. ანას მამა, იოჰან დეკერ-შენკი იყო კომპოტიზორი და გიტარისტი. მას ცოლად ჰყავდა თავადის ასული ელენე მორთულაძე-გაბაშვილი. ანა სანქტ-პეტერბურგში დაიბადა, სადაც მამამისი საკონცერტოდ იყო მიწვეული, შემდეგ კი სამსახური შესთავაზეს და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დარჩა. ანა დეკერი მამის კვალს გაჰყვა და ბავშვობასა თუ ახალგაზრდობაში არაერთი თეატრის სცენაზე გამოსულა თავისი გიტარით. 20 წლის ასაკში მან გაიცნო კონსტანტინე ტერიაშვილი, რომელიც სტუმრად იყო ჩასული სანქტ-პეტერბურგში. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, იქორწინეს და თბილისში ჩამოვიდნენ. საქართველოში ეყოლათ ორივე შვილი, ივანე და ეკატერინე, 1916 და 1919 წლებში. ანას ჰყავდა და, ოლგა, რომელიც ასევე თბილისში გადმოვიდა და ქართველზე გათხოვდა. კონსტანტინე ტერიაშვილი სამხედრო იყო და ქართულ ჯარში მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ იგი მეუღლესა და შვილებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და სტამბულს შეაფარა თავი. ანას და, ოლგა დეკერი, თბილისში დარჩა. იგი საქართველოში გარდაიცვალა 1973 წელს. სტამბოლში ცხოვრება ჭირდა. კონსტანტინე და ანა მუდმივად სამუშაოს ძიებაში იყვნენ. თავი რომ ერჩინათ, მათ თან წაღებული რამდენიმე ძვირფასი ხატი გაყიდეს, თავად იაფფასიან თავშესაფარში დაბინავდნენ, ხოლო ვანო და კატერინა ბავშვთა სახლში მიაბარეს. ბავშვებს მშობლების გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირდათ. ორი წლის შემდეგ კონსტანტინე შემთხვევით შეხვდა თავად ეჟი (გიორგი) ნაკაშიძეს, რომელსაც, ასევე, სტამბოლისთვის შეეფარებინა თავი. მისგან გაიგეს, რომ იგი აპირებდა სატვირთო მატარებლით გამგზავრებას პოლონეთში, პოზნანში, რადგან იცოდა, რომ იქ ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა. კონსტანტინემ და ანამ გადაწყვიტეს ბედს მინდობოდნენ და გიორგი ნაკაშიძეს შეუერთდნენ. ტერიაშვილები პოზნანში დასახლდნენ და გვარი პოლონურ ყაიდაზე გადაიკეთეს – Teriaszwili. ისინი მშვიდ და უბრალო ცხოვრებას ეწეოდნენ. ანა დიასახლისი იყო, კონსტანტინე პოლონურ არმიაში ჩაირიცხა ლეიტენანტად. ვანო და კატერინა კი სკოლაში შეიყვანეს. კონსტანტინე ტერიაშვილი 1935 წლიდან შედიოდა ვარშავაში ჩამოყალიბებული პოლონეთ-საქართველოს საზოგადოების საბჭოში. იმ პერიოდში პოლონეთში ქართველთა საკმაოდ დიდი სათვისტომო იყო, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ვანო ტერიაშვილმა ჩააბარა პოზნანის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და კომერციის ფაკულტეტზე (1935-1939). უნივერსიტეტში სწავლისას იგი ნიჩბოსნობამ გაიტაცა და ნიჩბოსნობის კლუბში გაწევრიანდა. მალე გახდა პოლონეთის ნაკრების წევრი ნიჩბოსნობაში. მათი გუნდი მრავალ ასპარეზობაში მონაწილეობდა როგორც პოლონეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. 1939 წელს ვანო ეკონომიკის დოქტორი გახდა და როცა ტერიაშვილებს ეგონათ, რომ ცხოვრებისეული სიძნელეები უკან დარჩა, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ვანო მამასთნ ერთად ფრონტზე წავიდა. გერმანელებს უკვე ოკუპირებული ჰქონდათ ვარშავა და პოლონეთის ნაწილი. მაიორი კონსტანტინე ტერიაშვილი 1940 წელს, ბრძოლის დროს დაიჭრა და ჭრილობის შედეგად დაიღუპა. დაკრძალულია ვარშავაში. პოლონეთის არმია შეუერთდა ინგლისელებს და ოკუპაციის განმავლობაში ისინი იტალიაში, ანკონაში განლაგდნენ. ამ ქალაქში ფუნქციონირებდა პოლონეთის არმიის თეატრი, რომელიც ვანოს პოლონელი მეუღლის, იანინა ხალკოს ბიძას – ფელიქს კონარსკის ეკუთვნოდა. იანინა კათოლიკე ქრისტიანი გახლდათ. დედამისსაც იანინა ერქვა და გვარად იყო კონარსკა. გერმანელთა მიერ პოლონეთის ოკუპაციის წლებში იანინა ძმებთან – პოეტ ზბიგნევ ხალკოსთან და არქიტექტორ ლეხ ხალკოსთან ერთად წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. იგი „არმია კრაიოვას“ წევრი იყო. 16 წლის ასაკში იანინა გერმანელებმა ჩაიგდეს ხელთ და ომის ტყვეთა ბანაკში გააგზავნეს. განთავისუფლდა და ოჯახს შეუერთდა ანკონაში ამერიკელების ევროპაში გადმოსხმის შემდეგ. ბიძამისმა გოგონა თავის თეატრში აიყვანა და მდივნად დანიშნა. ვანო ამ თეატრში ხშირად დადიოდა გასართობად და საცეკვაოდაც. სწორედ აქ შეხვდა ის იანინას და შეუყვარდა. მისი და, კატერინაც ამ ქალაქში შეხვდა პოლონელ თავად, მაიორ ლეონ გნატოვსკის, რომელიც გენერალ ანდერსთან ერთად იბრძოდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ინგლისისა და პოლონეთის არმიებმა ინგლისს მიაშურეს. ვანო და იანინა სწორედ ინგლისში დაქორწინდნენ, კატერინა და ლეონ გნატოვსკი კი – იტალიაში, მოდენაში. ინგლისში ცხოვრება ერთნაირად ძნელი იყო, როგორც ინგლისის მოქალაქეთათვის, ისე ემიგრანტთათვის. ვანომ სამსახური ვერ იშოვნა. ერთადერთი, რაც მან მოახერხა, ის იყო, რომ ინგლისელი ქალბატონების სურსათით სავსე ჩანთები ეთრია და ცოტაოდენი თანხა ეშოვნა, თავისუფალ დროს კი ინგლისური ენის შესწავლას ცდილობდა. საბედნიეროდ, იანინას კერვა ეხერხებოდა და საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავდა. ოჯახის ყველა წევრი ვიზას ელოდა სხვა ქვეყანაში წასასვლელად. ზბიგნევმა ამერიკის ვიზა მიიღო და ჩიკაგოში გაემგზავრა, ლეხი ტორონტოში წავიდა კანადის ვიზით. ვანომ და იანინამ სამხრეთ ამერიკაში წასვლა არჩიეს. მათ უარი თქვეს ევროპაზეც, ამერიკაზეც და არგენტინის ვიზა მიიღეს, სადაც გემით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ჩააღწიეს, 1949 წლის დეკემბერში. სამწუხაროდ, ვანოს და, კატერინა, ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. იგი მშობიარობას გადაჰყვა. ლეონ გნატოვსკის ერთადერთი ვაჟი, მაციეჟ გნატოვსკი 1947 წელს დაიბადა. დედამ მხოლოდ ერთხელ შეავლო თვალი შვილს, მერე კომაში ჩავარდა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მაციეჟს, ანუ მატს, როგორც მას ეძახიან ინგლისურ ყაიდაზე, იანინა ზრდიდა. მისი არგენტინაში წასვლის შემდეგ კი შვილიშვილთან ინგლისში ანა დარჩა. ბუენოს-აირესში საიმიგრაციო სამსახურმა ცოლ-ქმარ ტერიაშვილებს ერთი კუთხე გამოუყო ემიგრანტთა სასტუმროში. სანამ ელოდებოდნენ პასუხს არგენტინის მოქალაქეობაზე შეტანილ განაცხადზე, იანინა კვლავ კერვით დაკავდა. ვანოსთვის სამსახურის შოვნა რთული იყო, რადგან. მას არც რამ დიპლომი ჰქონდა და არც სერთიფიკატი, რომელიც ეკონომიკაში მის დოქტორობას დაადასტურებდა. ბედად, მან თავისი სივი კომპანია Deloitte-ში მიიტანა, სადაც კონტრაქტი გაუფორმეს, მოანგარიშედ მიიღეს და ხელფასიც (600 პესო) დაუნიშნეს. ტერიაშვილებმა იმავე დღეს დაიწყეს ბინის ძებნა და მალე იპოვნეს კიდეც პატარა სარდაფი დიდ სახლში, რომელიც ძალზე იაფად იქირავეს. აქ არ იყო არანაირი კომფორტი, მაგრამ მაინც ჯობდა ემიგრანტთა სასტუმროს, რაკი უფრო მყუდრო გახლდათ. არგენტინელები ძალზე კეთილგანწყობილები იყვნენ უცხოელთა მიმართ და ყველანაირად ეხმარებოდნენ მათ. ტერიაშვილებს ქალ-ვაჟი ეყოლათ. 1954 წელს დაიბადა ვიქტორი, 1957 წელს კი ლიდია თამარი. ამასობაში ვანომ ესპანურიც ისწავლა და სამსახურში დაწინაურდა. მისმა ხელფასმა 3000 პესოს მიაღწია, რისი წყალობითაც ისინი უფრო დიდი სახლში გადავიდნენ. ვანომ კარგად იცოდა რუსული, გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რა თქმა უნდა პოლონური. სამწუხაროდ, მას აღარ ახსოვდა ქართული, რადგან ძალიან პატარა იყო, როცა საქართველოს დატოვება მოუხდა. ოჯახში ისინი პოლონურად ლაპარაკობდნენ. ანა დეკერმა, მას მერე რაც კატერინას შვილი, მატი წამოიზარდა, ინგლისიდან არგენტინაში ჩასვლა გადაწყვიტა და 1954 წლიდან ვანოს ოჯახში ცხოვრობდა. მისი შვილისშვილი ლიდია იგონებს, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა ბებიასთან ყოფნა და სანკტ-პეტერბურგისა და თბილისის ამბების მოსმენა. ანა ტერიაშვილი ვერ გატეხა მეუღლის ომში დაღუპვამ, ვერც ქალიშვილის გარდაცვალებამ. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე უკრავდა გიტარაზე და 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1973 წელს. როდესაც უკვე მიიღო გარკვეული გამოცდილება, ვანო ტერიაშვილმა სამსახურის შეცვლა გადაწყვიტა. მან მიმართა ცეცხლგამძლე მასალების ამერიკულ კომპანიას A.P.Green-ს, სადაც ულაპარაკოდ მიიღეს ბუღალტრად და მაღალი ხელფასიც დაუნიშნეს. ამერიკულ კომპანიაში მალე მიხვდნენ, რომ ვანო მეტი იყო, ვიდრე ბუღალტერი, მისგან ისიც გაიგეს, რომ ეკონომიკის მაგისტრი იყო და განათლების სრულყოფისათვის 1960-იანების დასასრულს სასწავლებლად გაუშვეს ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში (ოჯახი ბუენოს-აირესში დატოვა). მან იქ რამდენიმე კვირა გაატარა და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიიღო. არგენტინაში დაბრუნებული ვანო A.P.Green-ში გენერალურ ფინანსურ მენეჯერად დანიშნეს, 1976 წელს იგი ამ კომპანიის პრეზიდენტი გახდა არგენტინაში და მისი დირექტორი მისურიში, აშშ-ში, 1982 წლიდან კი პენსიაში გავიდა. ვანო და იანინა ბევრს მოგზაურობდნენ, მაგრამ არც პოლონეთში ყოფილან და არც საქართველოში – კომუნისტურ წყობას უფრთხოდნენ. იანინა 2005 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ვანო საცხოვრებლად ქალიშვილთან გადავიდა. 90 წლისა იყო, როცა ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურა პატაგონიაში, ქ. კალაფატეში ყინვარების სანახავად. ვანო ტერიაშვილი გარდაიცვალა 2009 წელს, 92 წლის ასაკში. ვანომ შვილებს საუკეთესო განათლება მისცა. მისი ვაჟი, ვიქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. იგი ITWA packaging-ის რეგიონული საერთაშორისო მენეჯერია. ჰყავს ამერიკელი მეუღლე, პამელა და ქალიშვილი ანა. ლიდია ტერიაშვილი და მისი მეუღლე უძრავი ქონების ბროკერები არიან. წარსულში ლიდია ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა იურიდიულ მდივნად, სადაც ძალიან გამოადგა სამი ენის ცოდნა. 1980 წლიდან მუშაობდა UBS Bank-ის ოფისში. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი. მატ გნატოვსკიმ, კატერინასა და ლეონ გნატოვსკის შვილმა, კემბრიჯის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ ხელოვნება და ფსიქოლოგია შეისწავლა. მუშაობდა ჟენევაში, როგორც Reynolds Tobacco-ს კომპანიის საერთაშორისო დირექტორი. ამჟამად პენსიაზეა. ჰყავს ვაჟიშვილი, ალექსანდრე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. წყარო: ნაცვლიშვილი პაატა. პოლონელი ქართველები არგენტინაში // ქართული ემიგრაცია: კრებული. თბილისი, 2014. N 2 (5). გვ. 59–88.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

