ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ველი-ბეკ იედიგაროვი
| სხვა სახელი: | Damazy (ფსევდონიმი) |
| დაბადების თარიღი: | 31 ოქტომბერი, 1897 |
| გარდაცვ. თარიღი: | 13 იანვარი, 1971 (73 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | მუსლიმთა სასაფლაო, ვარშავა |
| კატეგორია: | სამხედრო პირი |
ბიოგრაფია
აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, აზნაური ველი-ბეკ იედიგაროვი (ედიგაროვი, იედიგარი) დაიბადა 1897 წლის 31 ოქტომბერს, ტიფლისის გუბერნიის, ბორჩალოს მაზრის სოფელ თექალოში, სადიყ ბეკის ოჯახში. თბილისის კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ, 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, მოხალისედ შევიდა დაღესტნის 1-ლ ცხენოსან პოლკში და ფრონტზე გაემგზავრა. 1916 წლის ზაფხულში მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ოპერაციაში - ბრუსილოვის გარღვევაში. იყო „გიორგის ჯვრის“ მე-IV ხარისხისა და „გიორგის მედლის“ მე-IV ხარისხის კავალერი. ომის დამთავრების შემდეგ, 1918 წელს ჩავიდა აზერბაიჯანში და 1919 წლის 5 აპრილს დაიწყო სამსახური აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. სამხედრო ხელმძღვანელობამ იგი მიავლინა ყარაბაღში ახალ ჩამოყალიბებულ შაქის მე-3 საკავალერიო პოლკში ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. 1919-1920 წლებში კორნეტი ედიგაროვი ხელმძღვანელობდა აღნიშნული პოლკის მეტყვიამფრქვევეთა რაზმს და გულმოდგინე სამსახურისათვის დაჯილდოვდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ორდენით „მამაცობისათვის“. 1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში მე-11 წითელი არმიის შეჭრის შემდეგ, ველი ბეკ ედიგაროვი შაქის ცხენოსანი პოლკის სხვა დაქსაქსულ ქვედანაყოფებთან ერთად, ბრძოლებით იხევს მოკავშირე საქართველოს ტერიტორიაზე და 1921 წლის მარტამდე აგრძელებს ბრძოლას ბოლშევიკებთან. 1921 წლის მარტიდან ველი-ბეკ იედიგაროვი ემიგრაციაში იმყოფება – ჯერ თურქეთში, 1922 წლის შემოდგომაზე კი რუმინეთის გავლით გადავიდა პოლონეთში. 1924-25 წლებში გაიარა სწავლება პოლონეთის არმიის კავალერიის ოფიცერთა ცენტრალურ სკოლაში ქ. გრუძენძში. 1925 წლიდან მაიორის წოდებით მეთაურობდა კავალერიის მე-10 პოლკის მე-4 ესკადრონს ქ. ლანცუტში. იმავე წელს დაიწერა მისი „სამხედრო-ისტორიული ნარკვევი პოლონეთის არმიის მუსტაფა ახმეტის სახელობის თათართა ულანთა პოლკის შესახებ“. 1932 წელს ველი-ბეკ ედიგაროვმა წარჩინებით დაამთავრა პოლონეთის არმიის უმაღლესი სამხედრო აკადემია და გახდა „დიპლომირებული ოფიცერი“. სწავლის დამთავრების შემდეგ მიიღო როტმისტრის წოდება და დაიწყო სამსახური ქ. ბარანოვიჩის კავალერიის შტაბში. 1936 წლიდან სამხედრო სამსახურს გადიოდა ლიუბლინის მე-7 ულანთა პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე. 1938 წელს დაქორწინდა ვანდა ემინოვიჩზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, ზულეიხა (დაიბადა 1942 წელს). ველი-ბეკ იედიგაროვთან ერთად პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა მისი ბიძაშვილი, რუსეთის, საქართველოსა და პოლონეთის არმიების ოფიცერი, პოდპოლკოვნიკი ისრაფილ-ბეკ იედიგაროვი (1888-1939). 1939 წლის სექტემბერში, გერმანიის ვერმახტის ჯარების პოლონეთში შეჭრის დროს, ველი-ბეკს ეკავა მაზოვეცკის კავალერიის ბრიგადის შტაბის უფროსის თანამდებობა, ამავდროულად, ასწავლიდა პოლონეთის არმიის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში. 1940 წელს ტყვედ აიყვანეს, მაგრამ განთავისუფლებული იქნა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, რადგან მან მოახერხა და თავი სპარსელად გაასაღა. ვარშავაში დაბრუნებისთანავე, ველი-ბეკი შეხვდა ყოფილ თანამოსამსახურეებს ლიუბლინის მე-7 ულანთა პოლკიდან, აიღო ფსევდონიმი «Damazy» და შეუერთდა კრაიოვას არმიას «Jelen»-ის პოლკის მეთაურის რანგში. 1942 წელს პოდპოლკოვნიკის წოდებით სათავეში ჩაუდგა კავალერიის განყოფილებას კრაიოვას არმიის გენერალურ შტაბში. 1944 წელს მონაწილეობა მიიღო ვარშავის აჯანყების ორგანიზებაში. 1945 წლის გაზაფხულზე, უკვე პოლკოვნიკის წოდებით, ველი-ბეკ იედიგარი მიავლინეს იტალიაში, გენერალ ანდერსის მე-2 პოლონური კორპუსის შტაბში. მონაწილეობდა მონტეკასინოს შტურმში. დაჯილდოებული იყო პოლონეთის ორდენებით: „მამაცობისათვის“, „ბრძოლის ველზე დამსახურებულებისათვის“ (მახვილით) და პოლონეთის ნაციონალური არმიის „მამაცთა ჯვრით“. 1956 წელს ლონდონში გამოიცა მისი ნაშრომი „კავალერისტები ნაციონალური არმიის შემადგენლობაში“. ომის შემდეგ, 1949 წელს, ველი-ბეკ იედიგაროვი არგენტინაში გადასახლდა. ცხოვრობდა ბუენოს-აირესში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1971 წლის 13 იანვარს. იქვე დაკრძალეს. 1991 წელს გადასვენებულ იქნა ვარშავის მუსლიმთა სასაფლაოზე. 2017 წლის 7 სექტემბერს ვარშავის პრაღის სამხრეთ რაიონში გაიხსნა ADR-ის პერიოდის სამხედრო მოღვაწეების - გენერალ-ლეიტენანტ სულეიმან ბეკ სულკევიჩისა და პოლკოვნიკ ველი ბეკ იედიგარის ძეგლი.
წყარო: აზერბაიჯანელები -სამხედრო მოღვაწეები საქართველოდან: ველი ბეგი ედიგაროვი (იედიგაროვი) // გოგიტიძე მ., ჰუსეინოვა ი., ალიევი ნ. აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის ჩამოყალიბება სამხედრო სფეროში (ისტორიული ნარკვევი). - ბაქო, 2019. გვ.112-114ქართული ემიგრაცია: კრებული. თბილისი, 2014. N 2(5). გვ. 80 https://ru.wikipedia.org/wiki/Едигаров,_Вели-бек_Садыг-бек_оглы
|