The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


თამარა გამსახურდია დე კობი

თამარა გამსახურდია დე კობი
ოფიციალური სახელი:თამარ გამსახურდია
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1979  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სანტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაო, ნიცა
კატეგორია:დიზაინერი, მოცეკვავე

ბიოგრაფია

1896 წ. ბაქოსთან ახლოს საცირკო ხელოვნების ოსტატის რომან სერგოს ძე გამსახურდიას (1860-1939 წწ.) ოჯახში დაიბადა ცნობილი მოცეკვავე და დიზაინერი თამარ გამსახურდია.

რომან გამსახურდია ახალგაზრდობისას ბევრს მოგზაურობდა. უნგრეთში ბოშათა ბანაკში გაიცნო ბოშების მიერ გატაცებული უნგრელი გოგონა. ცირკის დასმა გოგონა გამოისყიდა. სწორედ ეს პატარა გოგონა გახდა რომან გამსახურდიას შვილების კლარას, ვალენტინასა და თამარის დედა.

XX ს–ის დასაწყისში თამარი თბილისის საბალეტო სკოლაშის სწავლობს, შემდეგ მოსკოვში–დიდი თეატრის ცნობილი სოლისტის მიხეილ მორდკინის კერძო სკოლაში. სულ მალე კი ზიმინის კერძო ოპერის პრიმა–ბალერინა ხდება.

თამარ გამსახურდიას სასცენო წარმატებებზე მეტყველებენ რევოლუციამდელი რუსეთის საკონცერტო აფიშები, მოსკოვის დიდი თეატრის მუზეუმში დაცული 1917 წ. გამოცემული თამარის პორტრეტებით დამშვენებული ღია ბარათები, მსახიობ მიხეილ ჟაროვის მემუარები.

რუსეთის რევოლუციის შემდეგ თამარი ყირიმში გადადის. მამის დახმარებით იალტაში ხსნის საბალეტო სტუდიას. გამსახურდიას მოსწავლეთა შორის იყო კავკასიური წარმოშობის მოხალისეთა არმიის ოფიცერი ალექსანდრე მიროსხეჯი. ალექსანდრემ სასცენო ფსევდონიმად დემიდოვი აიღო. რამდენიმეთვიანი დაძაბული რეპეტიციის შემდეგ დემიდოვი გამსახურდიას ღირსეული პარტნიორი გახდა. ასე შეიქმნა იმ დროისათვის ძალიან პოპულარული საბალეტო დუეტი–გამსახურდია–დემიდოვი. 1919 წ.  გასტროლებზე წავიდნენ კონსტანტინოპოლსა და მარსელში და დაქორწინდნენ კიდეც.

1920 წ. ცოლ-ქმარმა მსოფლიო ტურნე წამოიწყო, იცეკვეს ლონდონში–"კოლიზეუმი", პარიზში–"კაზინო დე პარი", ბუენოს-აირესის თეატრში-"კოლონ". დუეტის ყველაზე დასამახსოვრებელი ნომერი გახლდათ კრისტოფ გლიუკის მუსიკაზე მიხეილ მორდკინის მიერ დადგმული "ვაკჰანალია". სწორედ "ვაკჰანალიას" შესრულებისას დაიზიანა თამარმა ზურგი მეტოქის მიერ სცენაზე ჩარჭობილ ლურსმანზე.

ტრამვის გამო თამარი სცენას ჩამოშორდა როგორც მოცეკვავე, თუმცა 1927 წ. ქორეოგრაფად იწყებს მუშაობას რუსი ლილიპუტების დასში. დასისთვის, რომელიც პარიზის კაბარეში–"ფოლი ბერჟერ" გამოდის, დგამს რუსულ, ჩინურ, ჰოლანდიურ ცეკვებს. თამარი დასს ამერიკის ტურნეშიც მიჰყვება და სწორედ აქ გაიცნობს თავის მეორე მეუღლეს, დასის იმპრესარიოს რუსეთის არმიის ყოფილ ოფიცერს სერგეი დავითის ძე კობიევს (კობიაშვილი) (1891-1965 წწ.).

1931 წ. ანა პავლოვამ თამარი თავის დასში მიიწვია სოლისტად, თუმცა ეს თანამშრომლობა ანას მოულოდნელი გარდაცვალების გამო არ შედგა.

35 წლის ასაკში თამარ გამსახურდია საბოლოოდ ტოვებს სცენას და სამოდელო ბიზნესში ერთვება.

ქალის თეთრეულის სამოდელო სახლი "ლორ ბელენ" XX საუკუნის 20-იან წლებში ბერლინში დაარსა რუსეთიდან ემიგრირებულმა წარმოშობით ებრაელმა ლარისა ბეილინამ. "ლორ–ბელენი" 30-იან წლებში პარიზში გადავიდა და იარსება 60-იან წლებამდე.

გამსახურდიამ და ბეილინამ ერთმანეთი ბერლინში გაიცნეს დ დამეგრობდნენ. ლარისა გერმანული თეოსოფიით და გიორგი გურჯიევის მისტიკით იყო გატაცებული, თამარი კი სამოდელო ბიზნესს უძღვებოდა და თან ძალიან წარმატებულად.

"ლორ ბელენი" მდებარეობდა პარიზის მე-16 კვარტალში, რუ ბუასსერის 59-ში, ორიენტირებული იყო ქალის კორსეტების წარმოებაზე. თამარს მუშაობაში ეხმარებოდა საბალეტო კოსტიუმის აგებულების ცოდნა. თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით ყოფილი მოცეკვავე ბიუჰსალტერებსა და კორსეტებს უფრო დახვეწილსა და მოქნილს ხდიდა. რეზინის, კაუჩუკისა და ელასტიური ქსოვილების წყალობით ქალის ფიგურა სრულყოფილი ჩანდა. თამარს ეკუთვნის სპორტისა და ცხენოსნობისას გამოსაყენებელი სპეციალური ბიუჰსალტერების შექმნის იდეა.

სამოდელო სახლის პოპულარობაზე მეტყველებს თამარის გერის, სერგი დე კობის ქალიშვილის ირინე ხოლმან დე კობის საოჯახო არქივში დაცული "ლორ ბელენის" კლიენტების სია, რომელთა შორის არიან ჟაკლინ კენედი, ბეგუმ აღა–ხანი, ბარონესა როტშილდი, იუგოსლავიის დედოფალი ანნამა. კლიენტთა შორის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მარლენ დიტრიხი, რომელიც არა მხოლოდ კლიენტი იყო თამარის, არამედ უახლოესი მეგობარიც. 1963 წ. მარლენ დიტრიხს საბჭოთა კავშირში ვიზიტისას სწორედ თამარის შექმნილი კორსეტი ემოსა.

XX საუკუნის 40-იან წლებში ლარისა ბეილინა ფაშისტებისგან თავდასაღწევად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდში სამოდელო სახლს მთლიანად გამსახურდია განაგებდა. გააფართოვა წარმოება  და დაიწყო დეკოლტირებული საღამოს კაბების გამოშვება.

სამოდელო ბიზნესში თამარ გამსახურდიას გვერდში ედგა და "ლორ ბელენში" მხატვარ–ილუსტრატორად მუშაობდა თამარის გერი ირინა ხოლმან დე კობი.

ლარისა ბეილინას გარდაცვალების შემდეგ "ლორ ბელენი" ნიუ–იორკში გადაიტანეს.

თამარ გამსახურდია ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1979 წ. გარდაიცვალა. დაკრძალულია სანტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თამარ გამსახურდია რუსეთს ეწვია, სადაც დატოვა თავისი პირადი არქივი, რომლის ადგილსამყოფელიც დღეისთვის უცნობია.