The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გუჯი ამაშუკელი

გუჯი ამაშუკელი
ოფიციალური სახელი:ელგუჯა ამაშუკელი
დაბადების თარიღი:1941  (73 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე

ბიოგრაფია

მოქანდაკე და იუველირი ელგუჯა გიორგის ძე ამაშუკელი დაიბადა ბორჯომში 1941 წელს. ბავშვობა ბათუმში გაატარა. სამი წლის მანძილზე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე. 22 წლის ასაკში საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა. 23 წლისა საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. 1969 წელს იქორწინა საფრანგეთის მოქალაქე კატრინ ბარსაკზე, ცნობილი თეატრალური რეჟისორის, ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე. მრავალწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, 1974 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს პირადი ჩარევის წყალობით, წყვილს პარიზში გამგზავრების უფლება მისცეს.

მონმარტზე გახსნილ პატარა სახელოსნოში, თავდაპირველად, მცირე შეკვეთებზე მუშაობდა. ოქრომჭედლობა მისი მოწოდება იყო, მაგრამ საბჭოთა რეალობაში ოქრო–ვერცხლი მხოლოდ ქარხნებში მუშავდებოდა და არა რომელიმე კერძო პირის ხელში. სწორედ მონმარტზე დაიწყო ძვირფას ლითონებზე მუშაობა მისეული ტექნიკითა და მის მიერვე გამოჭედილი ხელსაწყოებით. თავად გუჯის სურვილით, მისი ნამუშევრები არ მეორდება და მისი ყოველი ქმნილება ერთადერთია. 1976 წელს, საფრანგეთში ჩასვლის მეორე წელსვე, საფრანგეთის აკადემიის ახალი წევრის, მწერალ ფელისიენ მარსოსათვის დამზადებული აკადემიური დაშნა გუჯი ამაშუკელის შემოქმედებითი დებიუტი აღმოჩნდა, ტრადიციულად, თითოეულ აკადემიკოსს ანიჭებენ მახვილს, რომელზეც გამოსახულია მთელი მისი შემოქმედება. ანტიკვარული მახვილიდან დამზადებული დაშნის ჯვრისებურ ხელის საფარზე ლითონმქანდაკებელმა გამოსახა მარსოს შემოქმედებითი კრედოს ამსახველი სიმბოლოები. გუჯისთვის ეს ნამუშევარი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღეისათვის მის მიერაა დამზადებული თხუთმეტი დაშნა საფრანგეთის "უკვდავთა აკადემიის" წევრებისათვის.

გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი სამკაულები და მითოლოგიურ–რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. მოქანდაკე მუშაობს სასულიერო, საეკლესიო -სარიტუალო ხელოვნების დარგშიც. მას მიანდეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისთვის მოსანათლი ემბაზის დამზადება, შარტრის ტაძრისთვის შექმნილი ლიტურგიისათვის აუცილებელი ჩვიდმეტი ნივთი სახელმწიფომ ეროვნულ საგანძურად აღიარა. გუჯი ამაშუკელი სისტემატურად ასრულებს ვატიკანის შეკვეთებსაც. ასევე, ქმნის გამარჯვების გამომხატველ მედალიონებსა თუ სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ხასიათის ნაკეთობებს.

1993 წელს გუჯი ამაშუკელი "ხელოვნების ოსტატად" აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო–ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი.