The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ ჯობაძე

ვახტანგ ჯობაძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1917
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 2007  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:არქეოლოგი, ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ავტობიოგარფიული წიგნის "ჩემი თავგადასავალი" წერა თავიდან ინგლისურად დაიწყო, მერე გადაწყვეტილება შეცვალა და თავიდან ბოლომდე ქართულად დაწერა...

ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი 1917 წ. 18 მარტს დაიბადა თბილისში სურამის ქალაქის თავის მოადგილის (1915-1921 წწ.), ეკონომისტ, მენშევიკ ნიკოლოზ ჯობაძისა და ეკატერინე ჯობაძის ოჯახში.

შვიდი წელი სწავლობდა ხარფუხში 23-ე შრომის სკოლაში, შემდეგ რკინიგზის მე-8 სკოლაში. 1940 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ასპირანტურაში ხელოვნების ისტორიის განხრით განაგრძო. 1941 წ. ვახტანგ ჯობაძე ომში გაიწვიეს, რასაც მოჰყვა ტყვეთა ბანაკი (საიდანაც ქართველმა ემიგრანტებმა გაიყვანეს), ციციშვილის გვარზე დაწერა და ემიგრაციაში გატარებული ცხოვრება.

1945-1949 წწ. ვახტანგ ჯობაძე გერმანიაში გიოტინგენის, ფრაიბურგისა და ერლანგენის უნივერსიტეტებში იღრმავებს ცოდნას კლასიკურ არქეოლოგიასა და ხელოვნების ისტორიაში. შემდეგ მიემგზავრება ესპანეთში და აქვე ქორწინდება გერმანელ ირენე (ირინე) ბიბერზე. 1953 წ. ოჯახთან ერთად გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შტატებში ვახტანგ ჯობაძე თანამშრომლობს "ამერიკის ხმასთან", ოჯახის გამოსაკვებად მუშაობა მოუხდა ქარხანაში. ჰარვარდისა და იუტას უნივერსიტეტებში თანამშრომლობის შემდეგ, საბოლოოდ დამკვიდრდა ლოს–ანჟელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამნეტს.

ბიზანტიური და აღმოსავლეთქრისტიანული ხელოვნების სპეციალისტის სამეცნიერო საქმიანობა თემატურად ძალზედ მრავალფეროვანია, თუმცა მისი კვლევების უმთავრესი სფერო ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაა. ვახტანგ ჯობაძის პირველი ნაშრომი და მათ შორის სადოქტორო დისერტაცია (1949 წ.) ხახულის კარედის მინანქარს ეხება.

ვახტანგ ჯობაძემ დიდი წვლილი შეიტანა უცხოეთში არსებულ ძველი ქართული კულტურის კერების გამომზეურებასა და შესწავლაში. 1962-1967 წწ. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს ძველი სირიის ანტიოქიის მიდამოებში. გამოიკვლია სამი ცნობილი ნამონასტრალი: ბარლაამის მონასტერი კასიუსის მთაზე, სვიმეონ მესვეტე (უმცროსი) საკვირველმოქმედის სავანე, შავი მთის ქართული მონასტერი. ამ არქეოლოგიური მონაპოვრების შესწავლით დადასტურდა ქართველ ხუროთმოძღვართა და ქვის მჭრელთა მოღვაწეობა ანტიოქიის მიდამოებში.

ვახტანგ ჯობაძე იკვლევდა ქართველთა კოლონიების საკითხს კუნძულ კვიპროსზე, ვატიკანში დაცულ ერთ დოკუმენტში მოხსენიებულ იალაის მონასტერთან გააიგივა ჟალიას (ღალიას) მონასტერი და დადასტურა მისი ქართული წარმოშობა.

ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ ვახტანგ ჯობაძე იყო ერთადერთი ქართველი მკვლევარი, რომელსაც საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო–კლარჯეთის ძეგლები. 1965-1988 წწ. მან რვა ექსპედიცია მოაწყო ტაო–კლარჯეთში. ცალკე წერილი მიუძღვნა ხანძთის მონასტრის ისტორიის კვლევას და ახალი არგუმენტებით განამტკიცა ხანძთისა და ფორთის იგივეობის ვერსია. დააზუსტა ოპიზისა და დოლისყანის ეკლესიების სამშენებლო ფენათა ქრონოლოგია. ადგილზე შეისწავლა და გამოკვლევა მიუძღვნა ოშკის ქტიტორულ რელიეფებს. ცალკეული ნაშრომებიდან აღსანიშნავია სამეცნიერო–პოლემიკური წერილი მცხეთის ჯვრის საქტიტორო რელიეფის შესახებ.

1889 წ. ვახტანგ ჯობაძე აირჩიეს საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრად, ხოლო 1996 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად.

ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა კარლსბადში 2007 წ. 10 თებერვალს, მისი ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს.

ვახტანგ ჯობაძის ბიბლიოთეკა გადაეცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

წყარო: 

1. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : ვახტანგ ჯობაძე // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 164-166.

2. ჯობაძე ვახტანგ : 1917-2007 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.326-327. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლისურ ენ.

3. ჯობაძე, ვახტანგჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ჯობაძე ; [გამოც. მუშაობდნენ: გიორგი სუმბაძე, ზურაბ ფოცხიშვილი, ივანე ჯაფარიძე]. - თბილისი, 2009 (შპს "სი-ჯი-ეს"). - 195 გვ. + 6 ჩართ. ფ. ფოტ. ; 24 სმ.. - ISBN 978-9941-0-1905-0.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი
  • საქართველოს საზოგადოება, საპატიო წევრი

გააზიარე: