The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი ამილახვარი

დიმიტრი ამილახვარი
სხვა სახელი:ბაზორკა
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1942  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლიბიის უდაბნო, ეგვიპტე
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

..."ჩვენ უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს გმირობა–სიცოცხლე შევწიროთ მას"–ეს სიტყვები დიმიტრი ამილახვარმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე წარმოთქვა...

დიმიტრი ამილახვარი 1906 წ. 31 ოქტომბერს, თერგის ოლქის სოფ. ბაზორკინოში (ახლანდ. ჩერმენი, ჩრ. ოსეთი) დაიბადა. მისი წინაპრები ოთარშენელი ამილახვრები იყვნენ. მამა - პოლკოვნიკი გიორგი ოთარის ძე ამილახვარი (1870-1924), დედა -  ნინო კონსტანტინეს ასულ [ქსნის] ერისთავი (1876-1935).

დიმიტრის გარდა მათ კიდევ სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდათ: კონსტანტინე (1901-1943), დაიღუპა II მსოფლიო ომის დროს, ოთარი (1904-1924), დახვრიტეს საქართველოში, დავითი (1909-1967), ელენე (1903-1928) და ნატალია (დოდო,1912-1944).

დაბადების ადგილის მიხედვით დიმიტრის ზედმეტსახელად "ბაზორკა" შეარქვეს.

1918-1921 წწ. ამილახვრების ოჯახი თბილისში ცხოვრობდა და დიმიტრი განათლებას თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებდა.

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ოჯახმა ქვეყანა დატოვა და სტამბოლში გაემგზავრა. საფრანგეთის ვიზების მისაღებად მათ რამდენიმე თვე თურქეთში გაატარეს. 1922 წლის დასაწყისიდან კი პარიზში დაიდეს ბინა.

მშობლებს რომ დახმარებოდა 16 წლის დიმიტრი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. ერთხანს სიტროენის კომპანიაში მანქანების მრეცხავად და მუშა-მექანიკოსადაც მუშაობდა.

18 წლის ასაკში დიმიტრი ამილახვარმა ცხოვრების გზად სამხედრო კარიერა აირჩია და განათლების მიღება სამხედრო სასწავლებელში გადაწყვიტა.  

სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა ყოველ გამოშვებაში, პირდაპირი დაშვების წესით, მოსწავლე ოფიცერთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10% უცხოელს იღებდა. საქართველოს მისიის მხარდაჭერით დიმიტრი ამილახვარი უცხოელის სტატუსით სასწავლებლად ოფიციალურად იქნა შერჩეული. ეროვნებისა და დიდგვაროვანი წარმომავლობის გამო იგი პირდაპირ დაუშვეს უცხოელ მოსწავლე-ოფიცრად.

1924 წლის 13 ოქტომბერს დიმიტრი ამილახვარი სენ-სირის III გამოშვებას შეუერთდა (1924-1926).

სპეციალური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის მოქალაქეობის არქონის გამო უმცროსი ლეიტენანტის ჩინით ჩაირიცხა უცხოურ ლეგიონში და შეუერთდა მის ელიტურ ნაწილს, ერთ-ერთ ყველაზე ძველ პოლკს, ალჟირში, სიდი-ბელ-აბესში.

1927 წელს დიმიტრი ამილახვარი დაქორწინდა ირინე (ბება) დადიანზე (1904-1944). მათი ჯვრისწერა ჩატარდა პარიზში, ალექსანდრე ნეველის რუსულ ეკლესიაში. მათ სამი შვი­ლი შეეძინათ - გი­ორ­გი, ოთა­რი და თა­მა­რი. გიორგი (1928-1929) ჩვილობაში გარდაიცვალა ალჟირში, სიდი-ბელ-აბესში. ოთარი მაროკოში, ქალაქ აგადირში დაიბადა, თამარი - პარიზში.

II მსოფლიო ომამდე ოჯახი, დროგამოშვებით, ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობდა, სადაც დიმიტრი მსახურობდა.

1929 წლიდან დ. ამილახვარი მე-4 უცხოური პოლკის რიგებში ირიცხებოდა.1932-1934 წლებში იგი, პოლკოვნიკ კატრუს წინამძღოლობით, მონაწილეობდა მაროკოს „დამშვიდების“ რამდენიმე კამპანიაში.

ომის დაწყების შემდეგ დიმიტრი ამილახვარმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რათა მისი სიკვდილის შემთხვევაში მეუღლისა და შვილებისთვის უცხო ქვეყანაში უსაფრთხო მომავალი უზრუნველეყო.

1940 წლის აპრილში, მოკავშირეებისთვის რომ დაესწრო, რომლებიც ნორვეგიის ჩრდილოეთში, ქალაქ ნარვიკში საექსპედიციო კორპუსის გაგზავნას გეგმავდნენ, გერმანიამ დანიისა და ნორვეგიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მათთან საბრძოლველად მოკავშირეების მხრიდან ნორვეგიის კამპანიაში ჩართული იყვნენ ფრანგულ-პოლონური, აგრეთვე, ბრიტანელთა საექსპედიციო კორპუსები და ნორვეგიული დივიზია.

კაპიტანი ამილახვარი  უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადის შემადგენლობაში მონაწილეობდა ნავრიკის ცნობილ ბრძოლაში (9 აპრილი-10 ივნისი). მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის იგი გენერალ ვეიგანის 1940 წლის 31 აგვისტოს #299 ბრძანებით დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის კავალრის ორდენით.

1940 წლის 16 ივნისს დ. ამილახვარი საექსპედიციო კორპუსთან ერთად ნორვეგიიდან ბრეტანში დაბრუნდა. ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში ბრძოლის გაგრძელება უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომ რამდენიმე ოფიცერთან ერთად სამხედრო გემით ინგლისში ჩავიდა. აქ იგი გაეცნო გენერალ შარლ დე გოლის მიმართვას, რომლითაც ის ფრანგებს წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებისკენ მოუწოდებდა. დიმიტრი ამილახვარმა ემიგრანტისთვის ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო - ბრიტანულ ჯარში სამსახურზე უარი თქვა, ვიშის რეჟიმს გაემიჯნა და თავისუფალ ფრანგულ ჯარში გაერთიანდა: „მე ვალში ვარ საფრანგეთის წინაშე და არ მივატოვებ, როცა ყველაზე მეტად ვჭირდები“, - უთქვამს ქართველ ოფიცერს.

1941 წლის გაზაფხულზე მოკავშირეთა სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობდა ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ამ კამპანიებში დიმიტრი ამილახვარი ჯერ ერითრიაში იბრძოდა იტალიელების წინააღმდეგ, შემდეგ სირიაში. 1941 წლის 25 სექტემბერს, გამონაკლისის სახით, მას ლეიტენანტ-კოლონელის (ვიცე-პოლკოვნიკის) წოდება მიენიჭა, ცოტა ხნით ადრე კი მე-13 ნახევარბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

1942 წელს დიმიტრი ამილახვარი ლიბიის კამპანიაში თავისუფალი საფრანგეთის 1-ლი ბრიგადის მეთაურის გენერალ კენიგის თანაშემწე იყო. გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას მან პირველად გამოიყენა ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემა.

მე-13 ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანული არმიის წინააღმდეგ ბირ–ჰაკეიმის ბრძოლაში, რისთვისაც 1942 წლის 10 აგვისტოს შარლ დე გოლმა დ. ამილახვარი პირადად დააჯილდოვა მხედრული წარჩინების უმაღლესი ორდენით-"გათავისუფლების ჯვრით" (საპატიო ლედიონის ორდენის შემდეგ მეორე ფრანგული ეროვნული ჯილდო).

ამასობაში საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ დიმიტრი ამილახვარს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.

ვიცე-პოლკოვნიკი ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 ოქტომბერს ეგვიპტეში, ელ-ალამეინის ბრძოლაში. თავდაპირველად იქვე დაკრძალეს, II მსოფლიო ომის ბოლოს კი ელ-ალამეინის ბრიტანული სამხედრო სასაფლაოს ფრანგულ ზონაში გადაასვენეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ბრძანებით, სიკვდილის შემდეგ დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა "საპატიო ლეგიონის" უმაღლესი ორდენით, მისი სახელი მიენიჭა სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის 1954-1956 წწ. 143-ე გამოშვებას.

1944 წლის დე­კემ­ბერ­ში უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ირი­ნე და­დი­ა­ნი მე­უღ­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო­ზე და­პა­ტი­ჟა. საფრანგეთის პრეზიდენტი (1944 წელს დროებითი მთავრობის მეთაური)  შარლ დე გოლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწ­ვევ­და დიმიტრი ამი­ლახ­ვრის ოჯა­ხის წევ­რებს პარიზში, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის ძეგლის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე.

სა­ღა­მო­ზე და­სას­წრებ­ლად ირინე და ელისო დადიანები ბავ­შვებ­თან ერ­თად ინგლისიდან საფრანგეთში სამ­ხედ­რო მან­ქა­ნით გა­ე­შურ­ნენ. საუბედუროდ, მათი ავტომობილი ავტოკატასტროფაში მოხვდა და დები დაიღუპნენ.

დიმიტრის უმცროს დას, დოდოს, ბავშვებიც დაღუპული ეგონა, ელდას ვერ გაუძლო და თავი დაიხრჩო მდინარე სენაში.

ობ­ლე­ბი, ოთარ (1931-2002) და თამარ (1935-2019) ამილახვრები , "საფ­რან­გე­თის შვი­ლე­ბად" გა­მო­ცხადდ­ნენ და მათი აღ­ზრდა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ იკის­რა.

ბავშვები გაზარდა დეიდამ, ეკა დადიანმა. სახელმწიფოს მხრიდან კი მათ დაენიშნათ მეურვე, დიმიტრი ამილახვრის თანამებრძოლი და შემდგომში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი გენერალი კენინგი.

2005 წ. საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადების 100 წლისთავი. პარიზის ერთ–ერთ ქუჩას და სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა დიმიტრი ამილახვრის სახელი.

წყარო: 

დიმიტრი ამილახვარი: 1906-1942 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.31-32

ქუთათელაძე, ზურაბ. დიმიტრი ამილახვარი (1906-1924): საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.20-22

ამილახვარი დიმიტრი // ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.17-19

მამუკელაშვილი, ელგუჯა. შარლ დე გოლი და დიმიტრი ამილახვარი (1906-1942) // ი. სტალინი, შ. დე გოლი და ქართული ემიგრაცია (1921-1953) / ელგუჯა მამუკელაშვილი. - თბილისი, 2014. - გვ. 185-192

ლაბაძე რუსუდან. ვინ იყო საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეგენდარული გმირის დიმიტრი ამილახვრის პაპა? // მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია.– 2021. – N2. გვ.59-79.


გააზიარე: