The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა ვარდიძე

შალვა ვარდიძე
Date of birth:1885  (139 years)
Date of death:195?
Burial location:ლიბანი
Category:Religious leader

Biography

კათოლიკე მღვდელი და საზოგადო მოღვაწე შალვა ვარდიძე დაიბადა ადიგენის რ–ის სოფ. არალში. 1885 წ. ჩავიდა სტამბოლში განათლების მისაღებად და სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა სტამბოლის ფერიქოის უბანში.

1911 წ.  სტამბოლში შალვა ვარდიძემ დაარსა ქართული კლუბი, რომლის წესდებაც ოსმალეთის მთავრობამ უცვლელად დაადგინა. ქართულ კლუბში შემუშავდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების პროგრამა. 1914 წლისთვის დაიგეგმა ქართული სკოლის გახსნაც, მაგრამ ქართული კლუბის გეგმების განხორციელებას I მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი.

ძალიან დიდია სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა უმანკო ჩასახების სავანის წვლილი საქართველოს 1914-1917 წწ. და 1920-1930 წლების ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სწორედ სავანის ტერიტორიაზე, მონასტრის სასტუმრო სახლში  მოქმედებდა 1914 წ. ჟენევაში დაარსებული "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი" იგივე "დამოუკიდებლობის კომიტეტი". "დამოუკიდებლობის კომიტეტის" მიზანი იყო გერმანიის პროტექტორატით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. "დამოუკიდებლობის კომიტეტის" საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სავანის წინმძღვარი შალვა ვარდიძე, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გაზ. "კომუნისტი".-1928.-№212.

სქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლისათვის შალვა ვარდიძე დაჯილდოებული იყო თამარ მეფის სახელობის ლეგიონის ორდენით.

1921 წ. სტამბოლის ქართველთა სავანის სტამბაში დაიბეჭდა ქართული ემიგრანტული პოლიტიკური ჟურნალის "თავისუფალი საქართველოს" პირველი ნომრები.

შალვა ვარდიძე მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ეწეოდა ქართული კულტურის პოპლულარიზაციას საზღვარგარეთ. ფლობდა ცხრა ენას და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებში ცხრავე ენაზე აქვეყნებდა სტატიებს და უცხოელებს აცნობდა ქართული კულტურის ისტორიას.

შალვა ვარდიძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსნის" თავები. საინტერესო კომენტარები აქვს "ვეფხისტყაოსნის" ქართული ტექსტის შესახებ. მნიშვნელოვანია შ. ვარდიძის ლიტერატურული მიმოხილვები, განსაკუთრებით ვახტანგ ორბელიანის მთელი შემოქმედების მიმოხილვა, რომელიც თარგმნილი აქვს ფრანგულ ენაზე. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც, 1921 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა იტალიელი მწერლისა და დიპლომატის ევგენი დალეჯიო დალესიოს ნაშრომი "ქართველები კონსტანტინეპოლში". ის ასევე გახლავთ საინტერესო პოეტი. მისი ლექსები ძირითადად პატრიოტული ხასიათისაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შალვა ვარდიძის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებები - არაბულ ენაზე დაწერილი და ბეირუთში გამოქვეყნებული საქართველოს მოკლე ისტორია. ასევე არაბულ ენაზე დაწერილი დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი "დიდი საქართველოს პატრონი". რომელითაც ავტორმა არაბულ სამყაროს გააცნო საქართველოს ოქროს ხანა.

1945 წლიდან რეპრესირებული შალვა ვარდიძე ქ. ბეირუთთან ახლოს მდებარე ლიბანის მთის ქრისტიანული კერების ერთ–ერთ მონასტერში მოღვაწეობდა. გახლდათ ბეირუთის უნივერსიტეტის ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორი.

შალვა ვარდიძე გარდაიცავალა ლიბანში XX ს–ის 50-იან წლებში. მისი არქივი დიდი რისკის ფასად თურქეთში ჩამოიტანა და ქართველ კათოლიკეთა მონასტერს გადასცა ბიზნესმენმა და საზოგადო მოღვაწემ სიმონ ზაზაძემ.

წყარო:

1. ფუტკარაძე, შუშანასტამბოლის ქართული სავანე / შუშანა ფუტკარაძე ; სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრი. - თბ. : [არტანუჯი], 2012. - 146 გვ. : ფოტ. ; 20 სმ.. - (სამხრეთ კავკასია და ანატოლია, ISSN 1512-4479 ; 7 / სერიის მთ. რედ. როინ მეტრეველი). - რეზ. ინგლ. და თურქ.. - საძიებლები: გვ. 71-81. - ბიბლიოგრ.: გვ. 69-70. - ISBN 978-9941-421-61-7

2. ნაჭყებია, მერაბსტამბოლის ქართული სავანის ისტორიიდან // ქართულ-თურქული კულტურული პარალელები : [კრ.]1 / სოხუმის სახელმწ. უნ-ტი; აკ. წერეთლის სახელმწ. უნ-ტის ქართველური დიალექტოლოგიის ინ-ტი. - თბ., 2009. - გვ.6-15. - რეზ. ინგლ. ენ..


Share: