The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი ყაზბეგი

გიორგი ყაზბეგი
დაბადების თარიღი:1839
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1921  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სტამბოლი, თურქეთი
კატეგორია:გეოგრაფი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

თერგდალეულთა თაობის ღირსეული წარმომადგენელი, გეოგრაფი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე გიორგი ყაზბეგი 1839 წ. დაიბადა სტეფანწმინდაში ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. სწავლობდა ტამბოვისა და ვორონეჟის კადეტთა კორპუსებში. სამხედრო კარიერა პორუჩიკის ჩინით დაიწყო ქართველ გრენადერთა პოლკში. 1870 წ. დაამთავრა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია და როგორც სამხედრო ინჟინერი კავკასიის არმიის გენერალური შტაბის წევრად დაინიშნა.

1877-1878 წწ. რუსეთ–თურქეთის ომის დროს გიორგი ყაზბეგი გახლდათ ქობულეთის რაზმის შტაბის უფროსი. რაზმი ბათუმის მიმართულებით მოქმედებდა და ყაზბეგი ყველა ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით და ოქროს იარაღით დაჯილდოვდა. ბრძოლებში ორჯერ მიიღო კონტუზია და ამის გამო მეორე კლასის დაჭრილებში ჩაირიცხა. ამ ომში გიორგი ყაზბეგის გვერდში იბრძოდა მისი და ელისაბედი, პეტერბურგის სამეანო სასწავლებლის კურსდამთავრებული.

1878 წ. რუსეთ–თურქეთს შორის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გიორგი ყაზბეგი ბაქოს 153-ე ქვეითი პოლკის მეთაურად დანიშნეს. პოლკი მაშინ არზრუმში იდგა და მისი მეთაური ამ დროს ქალაქის კომენდანტადაც ითვლებოდა.

1891 წ. გიორგი ყაზბეგი გენერალ–მაიორის წოდების მინიჭებასთან ერთად ვარშავის ციხე–სიმაგრის შტაბის უფროსად დანიშნეს, შემდეგ იყო ივანგოროდის ციხე–სიმაგრის კომენდანტი. 1900 წ. გენერალ–ადიუდანტის წოდება მიანიჭეს  და კვლავ ვარშავაში გადაიყვანეს ციხე–სიმაგრისა და მთლიანად გამაგრებული რაიონის კომენდანტად. 1905 წ. ხელმძღვანელობდა პორტარტურის დაცვას და შემდეგ ვლადივოსტოკის კომენდანტად გადაიყვანეს. თუმცა იმის გამო რომ ამბოხებულ ჯარისკაცებს სასტიკად არ გაუსწორდა და მშვიდობიანად მოაგვარა დაპირისპირება, მთავრობამ ლიბერალობა დასწამა და სამსახურიდან დაითხოვა.

გიორგი ყაზბეგი ნაყოფიერ კვლევით მოღვაწეობას ეწეოდა გეოგრაფიის სფეროში. 1965 წ. ავადმყოფობის გამო, საზღვარგარეთ (როგორც ჩანს იტალიაში)  წასულა სამკურნალოდ. სწორედ ამ პერიოდში მოამზადა და 1867-68 წწ. გამოაქვეყნა ისტორიულ–გეოგრაფიული ნარკვევი "იტალიელები საქართველოს შესახებ".

1874 წ. გიორგი ყაზბეგი კონსპირაციულად, სამხედრო–სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა ოსმალეთის მიერ მიტაცებულ უძველეს ქართულ პროვინციებში–აჭარა, შავშეთი, არტანუჯი, ლივანა, ლაზეთი. ამ მოგზაურობის შედეგად დაწერა ორი ვრცელი ნაშრომი "სამი თვე თურქეთის საქართველოში" (რომელსაც რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ვერცხლის მედალი მიაკუთვნა) და "ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო–სტრატეგიული ნარკვევი". ტბეთის ეკლესიაში აღმოაჩინა "ტბეთის სულთა მატეანე", რომელიც მდიდარია ისტორიულ–გენეალოგიური მასალით. მოინახულა ხიხანის ციხე, ოპიზა და პარხალი. გეოგრაფიული ხასიათის ნაშრომებს ეკუთვნის "თერგის ოლქის სამხედრო–სტატისტიკური აღწერა".

გიორგი ყაზბეგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა, ხევსა და სტეფანწმინდაში განაგრძო ძმის დიმიტრი ყაზბეგის მიერ დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა და დის – ელისაბედის თანადგომით საკუთარ სახლში გახსნა სკოლა.

1908 წ. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საერთო კრებაზე გიორგი ყაზბეგი ერთხმად აირჩიეს საზოგადოების თავმჯდომარედ. ის ყოველთვის იზიარებდა საზოგადოების გამგეობის წევრთა პროგრესულ მოსაზრებებს, შემოიღო წესი, რომლითაც საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებებს, რომელთა რიცხვი 13-მდე იყო, მათ შორის ბაქოსა და კაკავში მიანიჭა ფართო ავტონომია, მისი მეთაურობით საზოგადოება დიდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

გოირგი ყაზბეგის ცხოვრების თანამგზავრი გახლდათ ელისაბედ ალექსანდრეს ასული მაღალაშვილი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ელენე, ნიკო, კონსტანტინე და ალექსანდრე. სიცოცხლის ბოლი წლები მეტად მძიმე აღმოჩნდა გიორგი ყაზბეგისათვის. იგი მოესწრო სამივე ვაჟის დაღუპვას.

1921 წ. გიორგი ყაზბეგი საზღვარგარეთ წავიდა. წასვლის შესახებ რამდენიმე აზრი არსებობს: ემიგრაციაში გაჰყვა მენშევიკურ მთავრობას, ევროპაში წავიდა სამკურნალოდ, პოლონეთში წავიდა დაღუპული შვილის საფლავის საძებრად. თუმცა გაჩნდა მოსაზრება, რომ გიორგი ყაზბეგის სტამბოლში წასვლის მიზეზი იყო რძლის მარინე დადიანი–ყაზბეგისა და შვილიშვილის მარინეს უცხოეთში გაცილება.

1921 წ. 14 აპრილს გიორგი ყაზბეგი სტამბოლში გარდაიცვალა.


გააზიარე: