The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვახტანგ VI (ჯანიშინი, ქართლის მეფე)

ვახტანგ VI
Legal name:ვახტანგ ბაგრატიონი
Date of birth:15 November, 1675
Date of death:26 March, 1737  (at 61 years)
Burial location:ასტრახანი
Category:Royalty

Biography

1703 წელს ირანის შაჰმა გიორგი XI–ეს ქართლის გამგებლობა დაუბრუნა, მაგრამ ირანში დატოვა, ხოლო ქართლში მეფის მოადგილედ ("ჯანიშინად") მისი ძმის ლევანის ვაჟი ვახტანგი დანიშნა.

"ჯანიშინობის" პერიოდში ვახტანგმა სცადა ქვეყნის შიგნით წესრიგის აღდგენა. 1705 წ. მისი ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით შექმნა "მცველთა ჯარი", ანუ სამეფო გვარდია და დათრგუნა ურჩი თავადები. ვახტანგ VI–მ დიდი ყურადღება მიაქცია მეურნეობის აღდგენას –  ხელახლა დასახლდა ქართლის გაუკაცრიელებული ადგილები, გაიყვანეს და განაახლეს დიდი ხნის წინათ მოშლილი სარწყავი არხები, მოაწესრიგეს სავაჭრო–სამიმოსვლო გზები, ააგეს ხიდები და ქარვასლები, გააუმჯობესეს ფულის მოჭრის საქმე.

მმართველობის პირველივე წლებში ვახტანგმა დიდი საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა. 1705-1708 წწ–ში მისი ბრძანებით დაარსებულმა საკოდიფიკაციო კომისიამ შექმნა სამართლის წიგნთა კრებული, რომელიც თვით ქართლის ჯანიშინის მიერ იყო რედაქტირებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კრებულის ძირითად ნაწილს სახელწოდებით _"სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა". ეს კანონთა წიგნი ვახტანგმა ქართლისათვის შეადგინა, მაგრამ მალე ის მთელ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობად იქცა, რის გამოც ვახტანგს "სჯულმდებელი" შეარქვეს.

ვახტანგ VI-ის მეორე საკანონმდებლო ძეგლია – "დასტურლამალი", რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. იგი აწესრიგებდა ქვეყნის მართვა–გამგეობის, სამეფო კარის ეტიკეტისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა პრაქტიკულ მხარეებს. 

ვახტანგის თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით მრავალი ღონისძიება განხორცილედა კულტურის დარგშიც. 1709 წელს მან ვლახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დაარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა, რითაც ხელი შეუწყო ქათული ეკლესიების წიგნით მომარაგებას.

1709 წელს დაიბეჭდა "სახარება". "დავითნი" და "სამოციქულო", ხოლო 1712 წელს, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით, პირველად დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი". მეფის კრიტიკულ–მეცნიერულმა გამოკვლევამ ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა–აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას.

ვახტანგ VI იყო თავისი დროის ერთ–ერთი გამოჩენილი პოეტი, მეცნიერი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, რედაქტორი, კომენტატორი და საგანმანათლებლო საქმის ორგანიზატორი. მან თარგმნა და გადმოაკეთა დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: "ქილილა და დამანა", "ამირ–ნასარიანი", "სიბრძნე მალაღობელი" და სხვა. ძველ ქართულ მწერლობაში ერთ–ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები.

აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის ზრუნვა ძველი "ქართლის ცხოვრების" ტექსტის დადგენისა და გამართვისათვის. მის სახელთანაა დაკავშირებული მეცნიერთა დასის – "სწავლულ კაცთა" კომისიის დიდი სამეცნიერო საქმიანობა.

ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით და მედიცინით. მან თარგმნა "ზიჯის" ანუ "ვარსკვლავთა კატალოგი", რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ–ქართული ასტრონომიულ–ასტროლოგიური ლექსიკონი.

ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: "წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა". იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც – შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია "კარაბადინი".

ვახტანგი ცდილობდა, თავისი გავლენა გაევრცელებინა საქართველოს სამეფო–სამთავროებზე. როგორც ჩანს ამას ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, რადგან ჯანიშინს "მორჩილებდნენ იმერნი, უსმენდნენ კახნი".

1712 წელს ვახტანგ ჯანიშინი ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ვახტანგმა უარი განაცხადა, ამიტომ იგი ქირმანში გადაასახლეს.

1716 წელს ვახტანგ VI-მ ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა და მხოლოდ 1719 წელს დააბრუნა სამშობლოში. ვახტანგი ცდილობდა, გაეგრძელებინა ძველებური საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ასეთ ვითარებაში ვახტანგ VI რუსული ორიენტაციის გზას დაადგა და 1720 წელს სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა პეტრე I-თან. მათ გადაწყვიტეს, ერთად გაელაშქრათ ირანის წინააღმდეგ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო აზერბაიჯანში, სადაც მას შეუერთდებოდა ქართველთა და სომეხთა ლაშქარი და ერთობლივად უნდა აეღოთ ირანი. 1722 წელს პეტრე I-მა დაიწყო ლაშქრობა კავკასიის მიმართულებით და ხელთ იგდო კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპირო, დარუბანდი, მაგრამ ლაშქრობა შეწყვიტა და ასტრახანში გაბრუნდა. 3 თვის ლოდინის შემდეგ ვახტანგს აცნობეს ლაშქრობის გადადების ამბავი, რამაც მეფე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. პეტრე I-მა ოსმალეთს დაუთმო ირანის მთელი ჩრდილო–დასავლეთი ნაწილი, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოც მიათვალეს. ქვეყანაში დაიწყო უაღრესად მძიმე "ოსმალობის" პერიოდი. პეტრე I-გან ასე მოტყუებულ და ყოვლად უმწეოდ მიტოვებულ ქართველ მეფეს საქართველოდან გახიზვნის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. 

1724 წლის ივლისში ვახტანგ VI თავისი ოჯახის წევრებით და თანამოღვაწეების 1200 კაციანი ამალით რაჭის გზით რუსეთს გაემგზავრა. იგი იმედოვნებდა, რომ რუსეთის მხარდაჭერითა და დამხმარე ჯარით მალე უკან დაბრუნდებოდა და თავის სამშობლოს დამპყრობთაგან გაათავისუფლებდა. მაგრამ მას საქართველოში დაბრუნება აღარ ეწერა. იგი ჯერ კიდევ გზაში იყო, როდესაც პეტრე I გარდაიცვალა. პეტრეს მემკვიდრეები ვეღარ ატარებდნენ აქტიურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

რუსეთში ყოფნისას ვახტანგ VI ისევ ცდილობდა, საქართველოს საკითხით დაეინტერესებინა რუსეთის სამეფო კარი. 1726-1727 წწ–ში, იგი საგანგებო მისიით გილანშიც კი ჩავიდა, როგორც რუსეთის წარმომადგენელი და ირანის შაჰთან მოლაპარაკება გამართა, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებული ვახტანგი იძულებული გახდა, საბოლოოდ ასტრახანს დასახლებულიყო.

ვახტანგ VI 1737 წლის 26 მარტს გარდაიცვალა ასტრახანში. 30 მარტს ის ასტრახანის კრემლის მიძინების ტაძრის პირველ სართულზე დაკრძალეს.

ვახტანგ VI–ის მორალურ პორტრეტზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვები: "ესე ვახტანგ იყო, ფრიად მოღვაწე..., ქურივ–ობოლთა და გლახაკთა მიმცემელი, უღონოთა შემბრალე... მოწყალე, ცოდნისმოყვარე, ბრძენი, მხნე და ახოვანი, შუენიერი–ჰაეროვანი, მუშაკი, უხვ და მშვიდი".

წყარო: 

1. ბარამიძე, ალ. ვახტანგ მეექვსე : [ბიოგრაფია და სალიტერატურო მოღვაწეობა] / ალ. ბარამიძე // მნათობი. - თბილისი, 1947. - N4. - გვ.148.

2. ბრეგაძე, დ. ვახტანგ მეექვსე : [ცხოვრება და მოღვაწეობა. ურთიერთობა პეტრე I-თან, გამგზავრება რუსეთში, პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეობა. 1725-1737 წ.] / დ. ბრეგაძე // ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები. - ქუთაისი, 1965. - ტ.27. - გვ.173-256. - რეზიუმე რუს. ენ.

3. პაიჭაძე, გიორგივახტანგ მეექვსის პოლიტიკური მოღვაწეობა 1725-1737 წლებში : [ახალი საარქივო მასალების მიხედვით] / გიორგი პაიჭაძე // ცისკარი. - , 1964. - N8. - გვ.141-154.

4. ქიქოძე, ბ. ვახტანგ მეექვსის ცხოვრება და მოღვაწეობა : [დაბადების 300 წლისთავის გამო] / ბ. ქიქოძე // საქართველოს სსრ პედაგოგიური ინსტიტუტების შრომები. - თბილისი, 1976. - ტ.2. - გვ.297-309. - (ისტორია-ფილოლოგიის სერია). - რეზიუმე რუს ენაზე.

5. მეტრეველი, ე. ვახტანგ მეექვსე : [ცხოვრება და მოღვაწეობა] / ე. მეტრეველი // ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში. - , 1983. - N2. - გვ.28-34.


Share: