The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით მდივანი

დავით მდივანი
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1984  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

დავით მდივანი თავისი გახმაურებული და სკანდალური ქორწინებების წყალობით XX ს–ის 20-30–იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრშია. უცხოური პრესა დავითსაც, მისი დედმამიშვილების (სერგი, ალექსი, ნინო, რუსუდანი) მსგავსად, ხან აქებს და ხან აძაგებს. და დავითის, ისევე როგორც მისი ძმების, ხიბლის წინაშე უძლურნი არიან საქვეყნოდ ცნობილი, მდიდარი და წარმატებული ქალები.

დაიბადა 1905 წ. ნიკოლოზ II–ის ამალის გენერალ–მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ქართულად აღზრდილი ნახევრად პოლონელი ელისაბედ სობოლევსკას ოჯახში. სანამ მდივნების ოჯახის კეთილდღეობა დაირღვეოდა ზაქარიამ შეძლო უფროსი შვილებისათვის (სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობენ. 1921 წ. მდივნების ოჯახი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს, ჯერ თურქეთში, საბოლოოდ კი პარიზში. თუმცა დავითმა ძმის სერგის მსგავსად მალე დატოვა საფრანგეთი და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა.

1925 წ. დავითმა ცოლად შეირთო 28 წლით უფროსი, ჰოლივუდის ყველაზე "თავნება" და სკანდალური ვარსკვლავი მეი მიურეი. მიურეი თავიდან ბროდვეის სცენაზე თამაშობდა, ამ პერიოდში გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა მულტიმილიონერ უილიამ სვინკერს. თუმცა ხანშიშესულ ქმარს მალე გაშორდა და ქონების დიდი ნაწილიც წაართვა. გამდიდრებული მსახიობი ბეისბოლის ჩემპიონ ჯეი ო. ბრაიენს გაჰყვა ცოლად. მათი ვარსკვლავური ოჯახი კი დავით მდივნის გამოჩენამ დაანგრია. ქორწინებისთანავე დავით მდივანი მეუღლის მენეჯერი გახდა. ქმრის რჩევით მეი მიურეი სტუდია "MGM"–დან წამოვიდა. მან ამ ნაბიჯით სტუდიის მფლობელი ლუი ბ. მაიერი განარისხა და თავის წარმატებულ სამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა. მოგვიანებით მიურეის უკან დაბრუნება სურდა, მეიერს ევედრებოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. დავით მდივანსა და მეი მიურეის ერთი შვილი კორან დეივიდი შეეძინათ. მათი ქორწინება კი 1933 წ. დიდი სკანდალითა და ხმაურიანი სასამართლო პროცესით დასრულდა. მეი მიურეის ცნობით, თანაცხოვრების პერიოდში დავითმა მსახიობის სამი მილიონის დახარჯვა მოახერხა. მიურეი იმასაც აცხადებდა, რომ დავითი საშინლად ეჭვიანი იყო, მეუღლეს მუშტებით სცემდა და არც საკუთარ შვილს ინდობდა. შვილის გამო გამართული სასამართლო პროცესი მსახიობის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ ბავშვი მეი მიურეის დაუტოვა, ხოლო მდივანს ყოველთვიურად 400 ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა.

დავითმა ძმასთან სერგისთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ნავთობის კომპანია "pacifიc Shore Oil go" დაარსა.

მეი მიურეისთან სკანდალური განქორწინების შემდეგ დავითს ხანგრძლივი რომანი ჰქონდა ლეგენდალურ ფრანგ მსახიობთან არლეტთან. არლეტი მსახიობობას მოდელობასაც უთავსებდა და სახლეგანთქმული მხატვრებისთვის – მარი ლორანოენის, კეის ვან–დონ ჰენისა და მოის კისლინგისათვის პოზირებდა. არლეტი და დავითი ვენეციაში შეხვდნენ ერთმანეთს და მათი ურთიერთობაც აქედან დაიწყო. არლეტი სულ მალე მიხვდა, რომ დავითისგან ფეხმძიმედ იყო, მაგრამ გაითვალისწინა დავითისა და მეი მიურეის ურთიერთობა და ბავშვი მოიცილა. თუმცა მათი ცოლ–ქმრობა მანამ გაგრძელდა, სანამ დავითმა ის თავად არ მიატოვა ვირჯინია სინკლერის გამო.

II მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური. 44 წლის ასაკში დავით მდივანი "სინკლერ ოილის" პრეზიდენტის ჰენრი სინკლესრის ქალიშვილზე ვირჯინიაზე დაქორწინდა და მასთან ერთი შვილი მაიკლი შეეძინა. თუმცა არც ეს ქორწინება გაგრძელებულა დიდხანს. 1964 წ. ვირჯინია და დავითი ერთმანეთს დაცილდნენ. ვირჯინია, ისევე როგორც მეი მიურეი, ამტკიცებდა რომ დავითს აუტანელი ხასიათი ჰქონდა. 1979 წ. ვირჯინია სინკლერ–მდივანი გარდაიცვალა და შვილს 30 მილიონიანი ქონება დაუტოვა.

დავით მდივანი 1984 წ. გარდაიცვალა ხანდაზმულ ასაკში.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბდავით მდივანი (1902-1984) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.119.

2. მახარაძე, ირაკლიმდივნების ოჯახი // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.108-117.


გააზიარე: