The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პეტრე მერაბიშვილი

პეტრე მერაბიშვილი
სხვა სახელი:დოქტორ მერაბი  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1876
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1930  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პერ ლა შეზის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ისტორიამ ბევრი შემთხვევა იცის, როდესაც მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილი და უცხოეთში გადახვეწილი, დიდი ხნის შემდეგ საინტერესო ბიოგრაფიით უბრუნდება თავის ხალხს. ასეთთა რიცხვს ეკუთვნის ჩვენი სახელგანთქმული თანამემამულე პეტრე პავლეს ძე მერაბიშვილი, ცნობილი სახელით – დოქტორ მერაბი.

პეტრე მერაბიშვილი დაიბადა 1876 წლის 22 სექტემბერს მესხეთში, სოფელ უდეში. მერაბიშვილების გვარი მოდის – მერაბ ხურციძისგან.

სამხრეთ საქართველოში ფრანგი მისიონერების შემოსვლით კათოლიკურმა სარწმუნოებამ მოიკიდა ფეხი. XVIII ს–ის დასწყისიდან, თავის გადარჩენის მიზნით, ხურციძეთა ნაწილი მართლმადებლობიდან კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადავიდა. პეტრეს მამა ნაკითხი კაცი იყო და არაფერს იშურებდა, რომ შვილებს სწავლა–განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ. პეტრეს უფროს ძმას იოსებს დამთავრებული ჰქონდა პარიზის წმინდა ლაზარეს ეკლესიის სასწავლებელი და მუშაობდა კონსტანტინოპოლში ქართული კონგრეგაციის სამონასტრო სკოლის დირექტორად. ივანემაც, ჟან მერაბად ცნობილმა, პარიზში  დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, ასევე საფრანგეთში ჰქონდა განათლება მიღებული მიხეილს, იაკობი ცნობილი ექიმბაში იყო. პეტრე მერაბიშვილის და – ტერეზა კი მონაზონი გახლდათ კონსტანტინოპოლში.

12 წლის პეტრე უფროს ძმასთან იოსებთან გაგზავნეს კონსტანტინოპოლში განათლების მისაღებად. დაამთავრა ოტომანთა საიმპერატორო ლიცეუმი ბაკალავრის წოდებით და 1899 წ. პარიზს გაემგზავრა. პეტრე მერაბიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, მოიპოვა დოქტორის ხარისხი და შესანიშნავი ექიმი და მეცნიერი გახდა. მუშაობდა კონსტანტინოპოლში, ეთიოპიურ მისიაში მკურნალ ექიმად, 1908 წ. ადის–აბებაში განაგრძო საექიმო პრაქტიკა და აბისინიის ანუ ეთიოპიის მეფის მენელიქ II–ის პირად ექიმად დაინიშნა.

საინტერსოა მენელიქ II-სა და პეტრე მერაბიშვილის დაახლოება. ვინაიდან იმ პერიოდში ეთიოპია საფრანგეთის დომინიონი იყო, მეფე პარიზში ხშირად ჩადიოდა. სწორედ პარიზში განკუკურნა პეტრე მერაბიშვილმა მოწამლული მენელიქ II.

1910 წ. 1 დეკემბერს პეტრე მერაბიშვილმა ადის–აბებაში, თავის საცხოვრებელ სახლში გახსნა აფთიაქი – "La Georgie" და პატარა საავადმყოფო. I მსოფილიო ომის დროს პარიზის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. იყო ქველმოქმედი, ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა თურქეთში მდებარე ქართულ ეკლესია–მონასტერში დამშეულთა და უპატრონოთა თავშესაფართან არსებულ საქველმოქმედო საზოგადოებას.

პარიზში პეტრე მერაბიშვილმა ცოლად შეირთო ფრანგი ჟანინა ლემიერი და 1922 წ. 24 თებერვალს მასთან ერთად დაბრუნდა ადის–აბებაში. ჟანინა ლემიერი 1927 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია გულელეს კათოლიკურ სასაფლაოზე. 

პეტრე მერაბიშვილი 1929 წლის 16 თებერვალს საბოლოოდ დაბრუნდა პარიზში, სადაც ცოლის ნათესავებთან ქონების გამო ბევრი უსიამოვნება შეხვდა. 1930 წლის 13 ნოემბერს თავის სამუშაო მაგიდასთან გარდაიცვალა. დასაფლავებულია პერ ლა შეზის სასაფლაოზე პარიზში. 

ეთიოპიაში პეტრე მერაბიშვილის მოღვაწეობის ნაყოფია მისი წიგნები ფრანგულ ენაზე – "ეთიოპიის მედიკოსები და მედიცინა" (გამოქვეყნდა პარიზში 1912 წ.), "შთაბეჭდილებები ეთიოპიაზე" (მხოლოდ 3 ტომი გამოქვეყნდა პარიზში 1921-1929 წწ.–ში), აღნიშნული ნაშრომი პოპულარულ ჟანრს განეკუთვნება და დიდი ინტერესით იკითხება. პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება პეტრე მერაბიშვილის გამოუქვეყნებელი შრომების ხელნაწერები: "შთაბეჭდილებები" (V და VI ტომები), "სამედიცინო ბოტანიკა", "უცხოელი ავტორები საქართველოს შესახებ". მისი შრომები ასევე ინახება ბერლინის, ჰამბურგის, ვარშავისა და ადის–აბებას ბიბლიოთეკებში. 

1966 წ. პოეტი იოსებ ნონეშვილი იმყოფებოდა ადის–აბებაში, მოინახულა აფთიაქი "La Georgie" და პეტრე მერაბიშვილს ორიგინალური ლექსი მიუძღვნა: "მაგრამ რა გიყო.. მე რა გიშველო... დოქტორო მერაბ, დოქტორო მერაბ, ბატონო პეტრე მერაბიშვილო"...