The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შაჰ ნავაზი (ქართლის ჯანიშინი)

შაჰ ნავაზი
ოფიციალური სახელი:ბაქარ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1700
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1750  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ვახტანგ VI-ის ძე ბაქარი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალი და გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი რუსეთში, ქართლის მეფე იყო 1717-1719 წლებში.  1712 წელს ვახტანგ VI-ის ირანში გაწვევის შემდეგ ბაქარი ბიძასთან – იესე ალი ყული–ხანთან ერთად მართავდა ქართლს.

1716 წელს როცა ირანის შაჰმა იძულებით გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ აღიარა, სამშობლოში აღარ გამოუშვა და ქართლი "ჯანიშინად" დანიშნულ მის მემკვიდრეს – ბაქარს გადასცა. ბაქარმა სჯული შეიცვალა და 1717 წლიდან შაჰ ნავაზ–ხანის სახელით ქართლის მართვა–გამგეობას შეუდგა.

ბაქარის გამეფებას თან მოჰყვა რეაქციული ძალების – ვახტანგ VI-ის სამეფო  პოლიტიკის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ანგარიშსწორების გაძლიერება. მან შეიპყრო ირანის ერთგული მოხელე იესე ალი ყული–ხანი, იბრძოდა შინაური თუ გარეშე მტრის წინააღმდეგ, ცდილობდა ჯარის რეორგანიზაციას, მეზობელ ხალხებთან – სომხებთან, დაღესტნელებთან, ჩეჩნებთან, ოსებთან ურთიერთობის განმტკიცებას.

1723 წელს როცა ოსმალები ქართლის საზღვრებს მოადგნენ, ვახტანგ VI-მ მორჩილების ნიშნად ბაქარი მიაგება. ოსმალებმა გამგებლად ბაქარი დანიშნეს, მაგრამ "არა ნებისაებრ თვისისა ამეფეს", ამიტომ იგიც იმ დროს ცხინვალში ვახტანგ VI-ოს მეთაურობით მდგომ ქართველებს შეუერთდა და 1724 წელს მათთან ერთად წავიდა რუსეთში.

1729 წლის 30 ნოემბერს გენერლის ჩინით ბაქარი დაინიშნა მოსკოვის ოლქში საარტილერიო კანტორის უფროსად. 1730 წ. მოსკოვში პრესნიაზე სახლი აიშენა და იქვე დასახლდა.

ვახტანგ VI-ის წამოსვლის შემდეგ, ბაქარი ჩაუდგა სათავეში მოსკოვის ქართულ ახალშენს.

ბაქარი დიდი კულტურულ–საგანმანათლებლო მოღვაწეობით გამოირჩეოდა. 1725 წელს პეტერბურგში მან დაიწყო რუსულ–ქართული სასაუბრო ლექსიკონის "ვაკაფის" შედგენა, ფრანგულიდან თარგმნა "ეკონომიის" წიგნი. ბაქარის ხელმძღვანელობით მოსკოვში გაიხსნა ქართული სტამბა, სადაც დაიბეჭდა მრავალი სასწავლო და სამღვდელთმსახურო წიგნი.

1743 წელს ბაქარის თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია ბაქარის ბიბლიიის სახელით. მან დიდი წვლილი შეიტანა ოსეთის სასულიერო კომისიის შექმნაში. 

ბაქარს ურთიერთობა ჰქონდა რუს მეცნიერებთან. აწვდიდა მათ ცნობებს საქართველოს წარსულზე. ასრულებდა რუსეთის მთავრობის დიპლომატიურ დავალებებს. 

1743 წელს ბაქარი ასტრახანში, შემდეგ კი ყიზლარში ჩავიდა. მან პეტერბურგში ჩაიყვანა ყაბარდოელთა მთავრის სახლის წარმომადგენლები, რომელთაც საიმპერატორო კარს ქვეშევრდომობა სთხოვეს.

1744 წელს დიპლომატიური მისიით ყაბარდოში მყოფ ბაქარს ქართლის ტახტის დასაკავებლად და მისი მეფის თეიმურაზ II–ის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუხმეს, მაგრამ ბაქარი დარწმუნდა რა ამ მისიით დაბრუნება, სამშობლოს უფრი დიდ ზიანს მოუტანდა.

ბაქარის მოღვაწეობა რუსეთში ერთგვარად ნიადაგის მომზადება იყო, რუსეთის მხარდაჭერითა და მთელი ამიერკავკასიის მოსახლეობის დახმარებით, ქვეყნის მაჰმადიანური აგრესიისგან გასათავისუფლებლად.

ბაქარი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდა 1740-იან წლებში. საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა ბიბლიის გამოცემის მთელი ტირაჟის მესამედი საქართველოში თან წამოეღო. რუსთ ხელმწიფეს უკან დაუბრუნა ნაბოძები ყმა–მამულები, სასახლეები, ქარხნები. 1749 წელს იგი განთავისუფლდა რუსეთის სამსახურიდან და საქართველოში გამომგზავრება დააპირა. მაგრამ ავად გახდა. 1750 წლის 1 თებერვალს ბაქარი გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტრის მირქმის ეკლესიაში.

ბაქარ ვახტანგის ძემ ზუსტად ცხოვრების ნახევარი გზა განვლო თავის ქვეყანაში, ხოლო მეორე ნახევარი რუსეთში გალია. ქვეყნის სამსახურის გარდა, მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მწერლობისა და კულტურის წინაშე და იგი მოსკოვის ქართული კოლონიის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფიგურად წარმოგვიდგება. ის იყო ადამიანი, რომელიც რუსეთში 25 წლის ცხოვრების შემდეგ თავისი ქვეყნისკენ მოილტვოდა, არ დასცალდა და რუსეთში მწირობაში გარდაიცვალა.

წყარო:

1. ბაქარ ბატონიშვილი (ბგრატიონი) // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ. 72-75. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

2. ბაგრატიონი ბაქარ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.31. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


გააზიარე: