The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბოგდან გურჯიცკი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1700
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

პოლონეთისა და ირანის ურთიერთობებს საფუძველი ჯერ კიდევ XV საუკუნეში ჩაეყარა. XVII საუკუნის დასაწყისში პოლონეთ–ირანის ურთიერთობანი უმთავრეს მიზნად სამხედრო კავშირებს ისახავენ. 60-იანი წლებიდან დიპლომატიური ურთიერთობანი კიდევ უფრო გაძლიერდა და განსაკუთრებით აქტიური ხასიათი მიიღო იან კაზიმეჟისა და იან III სობიესკის მეფობის დროს.

დიპლომატიური ელჩობის განსახორციელებლად ორივე სახელმწიფოს მხრივ საჭირო იყო სისტემატურად სპეციალურ ელჩობათა მოწყობა და აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლების ყოლა მუდმივი რეზიდენტის სახით. ხშირად პოლონეთის მეფის ელჩობას ასრულებდნენ მდიდარი და დიდგვაროვანი შლიახტის წარმომადგენლები, მაგრამ ასევე ხშირად პოლონეთის მეფე ასეთ დავალებას აძლევდა სხვადასხვა ეროვნების ვაჭარ–მოგზაურებს, რომლებიც მზად იყვნენ, გარკვეული გასამრჯელოს ფასად შეესრულებინათ პოლონეთის ელჩის მოვალეობანი ირანის შაჰის კარზე.

პოლონეთის მეფის ამ უცხოელ ელჩთა შორის განსაკუთრებით საინტერესო ფიგურას წარმოადგენს ეროვნებით ქართველი, პოლონურ ისტორიოგრაფიაში ბოგდან გურჯიცკის სახელით ცნობილი პირი, რომელიც 1668 წლის აგვისტოში მეფე იან კაზიმეჟმა დავალებით გაგზავნა ელჩად ირანის შაჰ სულეიმანთან.

პოლონეთში მოხვედრამდე ბოგდანი ქართლის მეფის როსტომის ქვეშევრდომი იყო და შესაძლოა, სწორედ მისი დავალებით აღმოჩნდა იგი XVII საუკუნის 50-იან წლებში პოლონეთის მეფის სამსახურში.

ბოგდან გურჯიცკის ვინაობის შესახებ შემორჩენილი მასალა, სამწუხაროდ, საშუალებას არ იძლევა ზუსტად იქნეს დადგენილი ამ ქართველი დიპლომატის ნამდვილი გვარი და სახელი, მაგრამ იგივე წყაროებით ირკვევა, რომ ბოგდან გურჯიცკი საქართველოს ფეოდალურ საზოგადოების წარმომადგენელი იყო და ქართლის აზნაურთა სოციალურ ფენას ეკუთვნოდა.

პოლონეთის მეფე იან კაზიმეჟს მიაჩნდა, რომ ბოგდან გუჯიცკის ელჩობა შეძლებდა აღედგინა პოლონეთსა და სპარსეთს შორის ძველი ტრადიციული მეგობრობა, რაც პოლონეთსა და რუსეთს მოუტანდა დიდ სარგებლობას. თუმცა ელჩობას გარეგნულად ევალებოდა თავაზიანობის ვიზიტი გაეკეთებინა ირანის შაჰისთვის, მაგრამ სინამდვილეში საიდუმლოდ უნდა მოეგვარებინა ორი მთავარი საკითხი, რომელიც იმ პერიოდში აწუხებდათ როგორც პოლონეთის, ასევე რუსეთის საგარეო პოლიტიკის მესვეურებს. ამათგან ერთი იყო ეკონომიკური ხასიათის საკითხი, ხოლო მეორე კი – სამხედრო–პოლიტიკური ურთიერთობის საკითხი.

ბოგდან გურჯიცკის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1670-1673 წლებს, რომლებიც მან ქ. შემახაში გაატარა. ამ წლებში ბოგდანი, როგორც რუსეთისთვის, ასევე პოლონეთისთვის საკმაოდ სასარგებლო საკონსული საქმიანობას ეწეოდა.

ბოგდან გურჯიცკი იყო XVII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ერთ–ერთი ნიჭიერი დიპლომატი. რომელიც კარგად ერკვეოდა, როგორც რუსეთ–პოლონეთის ურთიერთობებში, ასევე ამ ორი ქვეყნის ირანთან და თურქეთთან ურთიერთობების საკითხებში. ამავე დროს შეიძლება ითქვას, რომ ბოგდან გურჯიცკი იყო არა მარტო ცნობილი დიპლომატიური მოღვაწე, არამედ სამხედრო საქმის კარგი მცოდნე და ნიჭიერი მხედართმთავარი.

ბოგდან გურჯიცკიმ პირველად წამოაყენა წინადადება, რომ რუსეთსა და ირანს შორის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა შეექმნათ რეზიდენტების სახით.

ქართველი დიპლომატი ბოგდან გურჯიცკი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური წარმოშობით ქართულ ფეოდალურ საზოგადოებას ეკუთვნოდა და თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მასთან, კერძოდ ქართლის და კახეთის მეფეებთან – ვახტანგ მეხუთესთან, გიორგი მეთერთმეტესთან და არჩილ მეორესთან.

ბოგდან გურჯიცკი იყო პოლონეთის პირველი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენელი ირანის შაჰის კარზე, რომელიც ამ მოვალეობას მთელი 23 წლის მანძილზე ასრულებდა.

ბოგდან გურჯიცკი გარდაიცვალა 1700 წლის 12 იანვარს მოსკოვში. დაკრძალულია იქვე.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბბოგდან გურჯიცკი (XVII ს.) : პოლონეთის ელჩი სპარსეთის შაჰის კარზე // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.62-63. - სტატიას ახლავს ფოტო.

2. ზედგინიძე, გურამბოგდან გუჯიცკის ვინაობისათვის // ბოგდან გურჯიცკი დიპლომატიურ ასპარეზზე / გურამ ზედგინიძე. - თბილისი, 1983. - გვ. 40-55.

3. ზედგინიძე, გურამბოგდან გურჯიცკის ელჩობა ირანში 1668-1675 წლებში // ბოგდან გურჯიცკი დიპლომატიურ ასპარეზზე / გურამ ზედგინიძე. - თბილისი, 1983. - გვ. 56-140. - ახლავს ფოტომასალა.

4. ზედგინიძე, გურამბოგდან გურჯიცკი პოლონეთის ელჩი და რეზიდენტი ირანის შაჰის კარზე 1676-1699 წლებში // ბოგდან გურჯიცკი დიპლომატიურ ასპარეზზე / გურამ ზედგინიძე. - თბილისი, 1983. - გვ. 141-165. - ახლავს ფოტომასალა.


გააზიარე: