The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ გრიგორაშვილი

მიხეილ გრიგორაშვილი
სხვა სახელი:მაიკლ გრეგორი  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1953  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ტრენტონი, ნიუ–ჯერსის შტატი, აშშ
კატეგორია:ინჟინერი, მფრინავი

ბიოგრაფია

მფრინავი და ავიაინჟინერი მიხეილ გრიგორაშვილი დაიბადა მასწავლებლის ოჯახში დაღესტნის ქალაქ დარუბანდში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და უკვე დერბენტი ერქვა. სანკტ–პეტერბურგის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1906 წელს, ჩააბარა იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელობის კომუნიკაციათა საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებელშივე დაინტერესდა ავიაციით. იყო სტუდენტური საჰაერო ფრენების კლუბის მოწყობის ერთ–ერთი ორგანიზატორი და საინსტიტუტო ჟურნალ "აერომობილის" რედაქტორი. 1908 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის პირველი აეროკლუბის შექმნაში. 1911 წელს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საფრანგეთში გაიარა მფრინავის პრაქტიკა, მიიღო ლიცენზია და გახდა რუსეთის ერთ–ერთი პირველი მფრინავი. რუსეთში დაბრუნებული მუშაობდა მფრინავების ინსტრუქტორად. ასევე მონაწილეობდა იმპერიის სხვადასხვა ქალაქში მოწყობილ საჩვენებელ ფრენებში. 1913 წელს სტუდენტებიდან პირველმა დაიცვა დიპლომი ავიაციის ინჟინრის სპეციალობაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შჩტენინის ავიასამშენებლო ქარხანაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა. 1915 წელს მთავარ კონსტრუქტორად გადავიდა პეტროგრადის ავეჯის ქარხანა "მელცერში", რომლის მეპატრონე ქარხანაში საავიაციო მრეწველობის მოწყობას აპირებდა. გრიგორაშვილმა იქ თავისი სისტემის ხრახნები დაამზადა და რუსეთის სამხედრო-საჰაერო ფლოტში გამოსცადა. ისინი უცხოურზე უკეთესი აღმოჩნდა და მათი სერიული წარმოება დაიწყო. 1917 წლის დასაწყისში "მელცერი" წამყვან საწარმოდ იქცა. სწორედ გრიგორაშვილის დამსახურებაა, რომ რუსეთის საჰაერო ავიაცია ომის დროს მნიშვნელოვანი დეტალების ნაკლებობას არ განიცდიდა.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, მიხეილ გრიგორაშვილი ბოლშევიკებს ვერ შეეწყო და პირველი შესაძლებლობისთანავე დაბრუნდა სამშობლოში, ახლადშექმნილ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მუშაობდა საქართველოს კომუნიკაციათა სამინისტროში გზების ინჟინრად. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, იძულებული გახდა, ამერიკაში გადახვეწილიყო. ჩასვლისთანავე მუშაობა დაიწყო როდ–აილენდის შტატის მცირე საავიაციო ქარხანა – "Gallandet Aircraft"–ში. იმავე წელს კონსტრუქტორად აიყვანეს "Dayton-Wright Company"-ში (ოჰაიო), ორი წლის შემდეგ კი უკვე უმსხვილეს ამერიკულ საავიაციო ფირმა "Curtiss - Wright"-ში გადავიდა ამავე თანამდებობაზე, სადაც საბრძოლო თვითმფრიმფრინავების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. 1926 წელს აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო, გვარიც მაშინ შეიმოკლა და მაიკლ გრეგორი გახდა. 1928 წლიდან საავიაციო ფირმა "Bird Aircraft"–ის მთავარი კონსტრუქტორი და ერთ–ერთი დამაარსებელია. მის მიერ აქ შექმნილმა მრავალმიზნობრივმა კომერციულმა თვითმფრინავებმა დიდი წარმატება მოიპოვეს. ფირმა, ფინანსური კრიზისის გამო, გაკოტრდა და მიხეილ გრიგორაშვილი 1932 წელს, ინჟინერ ალ. სევერსკის მიწვევით, მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ გადავიდა კომპანია "Seversky Aircraft"–ში. მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა – SEV-I, SEV-2, SEV-3 - თვითმფრინავები. 1934 წელს კი საკუთარი კომპანია "Gregor Aircraft"-ი დაარსა, სადაც მომცრო ზომის თვითმფრინავი GR-1 შეიქმნა. შეკვეთების სიმცირის გამო ორ წელიწადში ფირმა დაიხურა. 1936 წელს მიხეილ გრიგორაშვილი მეუღლესთან, ლი კლარკთან ერთად კანადაში გადასახლდა, რადგანაც იქ "Canadian Car and Foundry"-ში სამსახური შესთავაზეს. აქ მან ტექნიკურად და ფორმითაც დახვეწილი, სრულიად ახლებური დიზაინის მოდელი FDB-1 ააწყო. ეს იყო მსოფლიოში საუკეთესო გამანადგურებელი ბიპლანი. ასე რომ მიხეილ გრიგორაშვილი გახდა კანადის საავიაციო მრეწველობის ერთ–ერთი დამფუძნებელი.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მიხეილ გრიგორაშვილი მუშაობდა ინდიანის შტატში, პატარ ფირმა "Danbar-Manuufacuring"-ში და კანადური ავიამრეწველობისთათვის თვითმფრინავების კონსტრუირებას განაგრძობდა. 1944 წელს მ. სტრუკოვის მიწვევით ახალ ფირმაში "Chase Aircrft"-ის მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1940-50-იან წლებში ფირმამ რამდენიმე ძალიან კარგი სადესანტო-სატრანსპორტო პლანერი და თვითმფრინავი შექმნა, რომლებმაც ამერიკაში ამ ტიპის თვითმფრინავების კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი. 1953 წელს სტრუკოვის ფირმა გაიყო - "Chase Aircraft" და "Stroukoft AircrafT"-ად. გრიგორაშვილი პირველში დარჩა. 

1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს მისი სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი C-123, რომელსაც შეეძლო ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენა გახსნილი ლუკით, დაჯდომის გარეშე ტვირთის გადმოქაჩვა და სიმაღლის სწრაფად აღება. თვითმფრინავმა განსაკუთრებული ყურადღება ვიეტნამის ომის დროს მიიქცია, სადაც არ იყო დიდი ასაფრენი ბილიკები.

მიხეილ გრიგორაშვილი ავტორი და გამომგონებელია ვერტმფრენთა საჰაერო ხრახნებისა, პირველი ტურბორეაქტიული სამხედრო თვითმფრინავების, გასახსნელი უკანა ლუკისა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში და სხვა. მისი სახელგანთქმული მოდელებიდან აღსანიშნავია გარდენ-სიტიში დაპროექტებული "Royal Bird" და პირველი პელიკოპტერი.

1940 წლების ბოლოდან მძიმედ დაავადებული ავიაკონსტრუქტორი 1953 წელს პენსიაზე გავიდა და მალევე გარდაიცვალა ტრეტონში. დაკრძალულია ნიუ-ჯერსის შტატში.

წყარო:

1. მახარაძე, ირაკლიმაიკლ გრეგორი [მიხეილ გრიგორაშვილი] : (1888-1953) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.70-71.

2. გრიგორაშვილი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1. - თბ., 2012. - გვ.66-68. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

3. მაიკლ გრეგორი (მიხეილ გრიგორაშვილი) 1888-1953 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.98-99. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

4. ქუთათელაძე, ზურაბმიხეილ გრიგორაშვილი (1888-1953) : აშშ-ისა და კანადის ავიაციის პიონერი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.52. - სტატიას ახლავს ფოტო.

5. დაუშვილი, რუსუდანქართველი სამხედრო მოღვაწეები ევროპისა ქვეყნებისა და ამერიკის არმიებში / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - ISBN 978-9941-9265-5-6. - გვ.128-163.

6. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : კანადა : მიხეილ გრიგორაშილი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 201-203.

7. მახვილაძე, ნოდარქართველები შინ და გარეთ : მიხეილ გრიგორაშვილი (Michael Gregor) (1888-1955) // მათემატიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში უძვედესი დროიდან 21-ე საუკუნემდე / ნოდარ მახვილაძე, ჯონდო შარიქაძე, დავიტ გიორგიძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6118-7. - გვ. 251-254.



გააზიარე: