The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სიმონ ბერეჟიანი

სიმონ ბერეჟიანი
ოფიციალური სახელი:სიმონ თაყაიშვილი
სხვა სახელი:სიმონიკა  (შემოკლებული ფორმა)
სიმონ ბერი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1942  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შტუტგარდი, გერმანია
კატეგორია:მხატვარი, პოეტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

სიმონ (სიმონიკა) სიმონის ძე ბერეჟიანი (ნამდვილი გვარი თაყაიშვილი) დაიბადა ერმილე თაყაიშვილის მრავალშვილიან ოჯახში. დედა ქარცივაძის ქალი გახლდათ. სიმონი, ხუთი შვილიდან უფროსი ვაჟი, უშვილო დეიდამ გაზარდა და მეუღლის სახელი და გვარი დაანათლა. მოგვიანებით, როცა თავისი წარმოშობის შესახებ შეიტყო, სიმონმა გვარის გამოცვლა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

1917 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლისას მიღებული ორი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება – საყვარელი დამრიგებლის ლუარსაბ ბოცვაძისა და ვაჟა–ფშაველას ხელმძღვანელობით ჭადრების დარგვა და ლაზარეთში ავადმყოფი ვაჟას მონახულება – მოგვიანებით, გაზეთ "თეთრ გიორგიში" დაიბეჭდა სათაურით "მოგონება ვაჟაზე".

ს. ბერეჟიანის გვარი ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა სიაშიც ჩანს. 1918-1920 წლებში სამხედრო სამსახურშია და როგორც ოფიცერი მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელთა გადატანაც მოუხდა ახალგაზრდა ქართულ რესპუბლიკას. 1920 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაიგზავნა გერმანიაში. სამი წლის მანძილზე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო სიმონ ბერეჟიანი იძულებული გახდა, სამუდამოდ დარჩენილიყო საზღვარგარეთ. 1923 წლის დამლევს ჩავიდა პარიზში, სადაც ჩაება ქართული ემიგრაციის საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1924 წელს გახდა ახალგაზრდა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაციის "თეთრი გიორგის" ერთ–ერთი დამფუძნებელი და სიცოცხლის ბოლომდე იყო მისი თვალსაჩინო წევრი. 1926 წელს მისივე უშუალო მონაწილეობით დაარსდა აღნიშნული ორგანიზაციის გაზეთი "თეთრი გიორგი".

1926 წლიდან მოყოლებული "თეთრი გიორგის" ფურცლებზე ხშირად იბეჭდებოდა სიმონ ბერეჟიანის ლექსები, სტატიები, მოთხრობები, ფელეტონები. ზოგჯერ სარგებლობდა ფსევდონიმით – "სიმონ ბერი". მისი რამდენიმე წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალში "კავკასიონი". ის მრავალმხრივი ნიჭის პატრონი იყო. ემიგრანტები იხსენებდნენ მის სამსახიობო ნიჭსა და გარდასახვის საოცარ უნარს, დაკარგულ ფერწერულ ნამუშევარს ("ქრისტე"). ის იყო წარმოდგენების დამდგმელი რეჟისორიც, გამფორმებელიც, მსახიობიც და დეკლამატორიც. 

1937 წ. ჟურნალ "ორნატის" გარშემო გაერთიანებულმა ჯგუფმა –ვიქტორ ნოზაძემ, შალვა მაღლაკელიძემ, კალისტრატე სალიამ, კოკი დადიანმა და სხვებმა დატოვეს ორგანიზაცია "თეთრი გიორგი" და შექმნეს მონარქო–ფაშისტური ჯგუფი "ქართული ფაშისტური დარაზმულობა". მათი მიზანი იყო ქართული მონარქიის აღდგენა იტალიური მოდელის მიხედვით. საქართველოს სახელმწიფოს ქვაკუთხედი უნდა გამხდარიყო კონსტიტუციური მონარქია და კორპორაციული პრინციპით აგებული პარლამენტი – "დარბაზი". ამ იდეებს იზიარებდა სიმონ ბერეჟიანიც და მონაწილეობდა ჟურნალ "ქართლოსის" გამოცემაში. იყო ავტორი და მხატვარ–გამფორმებელი. გარდა ლექსების და პუბლიცისტური წერილებისა, ჟურნალების ფურცლებზე ხშირად ქვეყნდებოდა მისი შესანიშნავი კარიკატურები, რომელთა დიდი ნაწილი პოლიტიკურ თემებზე იყო შექმნილი. აღსანიშნავია კარიკატურები, რომლებშიც გაშარჟებულია, როგორც საბჭოთა პოლიტიკური ელიტა, ასევე ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით, სოციალ–დემოკრატები. სიმონ ბერეჟიანი სამართლიანად ითვლება ქართული პოლიტიკური კარიკატურის ერთ–ერთ საუკეთესო ოსტატად.

1939 წლის რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტმა პროგერმანულად განწყობილ ემიგრაციას გული აუცრუა გერმანიაზე, როგორც საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის დამმარცხებელ ძალაზე. "დარაზმულობა" დაიშალა, მაგრამ 1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებისთანავე, რიგითმა ქართველმა ემიგრანტებმა სამშობლოს გასათავისუფლებლად იარაღს მოკიდეს ხელი. მათ შორის იყო სიმონ ბერეჟიანიც. 1941 წელს იგი ჩადის გერმანიაში და "სიმონ ბერგერის" სახელით ირიცხება ვერმახტის ქართულ ლეგიონში, რომელსაც ვერმახტის ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე მეთაურობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული ლეგიონი ემსახურობდა არა ნაცისტურ იდეოლოგიას, არამედ საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან დახსნას. იმავდროულად, სიმონ ბერეჟიანი აქტიურად მონაწილეობდა გერმანიაში მოქმედი ქართული სამოკავშირეო შტაბის მუშაობაში.

სიმონ ბერეჟიანი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 1942 წლის დამლევს. რუმინეთში ყოფნისას მას სულიერი დაავადების ნიშნები დაეტყო. 1942 წლის სექტემბერში ისე ცუდად გახდა, რომ აუცილებელი გახდა საავადმყოფოში მოთავსება. მისი კვალი სწორედ ამ სამხედრო ლაზარეთში დაიკარგა. მოგვიანებით, მიუნხენის რადიომ გადასცა ცნობა, რომ სიმონ ბერეჟიანი შტუტგარდში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

1943 წელს ვიქტორ ნოზაძის რედაქციითა და დოქტორ მარკოზ ტუღუშის წინასიტყვაობით ბერლინში გამოიცა სიმონ ბერეჟიანის "ნაწერები". 1982 წელს მისი ლექსების კრებული გიორგი ყიფიანის რედაქტორობით პარიზში გამოსცა აკაკი შავგულიძემ. წიგნს ახლავს წარწერა: "ეძღვნება მე-2 მსოფლიო ომში საქართველოს გასათავისუფლებელ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მამულიშვილთა ხსოვნას".

წყარო:

1. ბერეჟიანი სიმონ // ქართველები უცხოეთში : წ. 1. / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ. 47-48. პარალელური ტექსტი ქართულ და ინგლ. ენ.


გააზიარე: