The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ხელაძე

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1957  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

პარიზის ქართული სტამბის დამაარსებელი, მრავალი ემიგრანტული წიგნისა თუ ჟურნალ–გაზეთის ამწყობი და გამომცემელი დავით ხელაძე ყმაწვილკაცობიდან ასოთამწყობად მუშაობდა ქუთაისში, ადგილობრივ სტამბაში. იყო სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი და როგორც სოციალ–დემოკრატი, პარტიულ დავალებებსაც ასრულებდა. მეგობრებმა მას "პატარა დათიკო" შეარქვეს.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წავიდა და საგამომცემლო საქმიანობა პარიზთან ახლოს, ვალენტინის სტამბაში განაგრძო. 1931 წლის სექტემბერში დავით ხელაძემ საჩუქარი მოუმზადა ემიგრაციაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს. მის მიერ "დედა ენის" გამოცემას აღტაცებით გამოეხმაურა ემიგრანტული პრესა. "ფრიად გასახარი ამბავი უნდა ვაუწყოთ ქართულ ემიგრაციას. დავით ხელაძემ გამოსცა ჩვენი სახელოვანი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა", ნაწილი I. წიგნი გადმობეჭდილია თვით ავტორისდროინდელი (1904) გამოცემიდან, სრულებით უცვლელად. დაცულია ძველი სახე წიგნის, ზომა, შრიფტი, იგივე სურათები, წერის ნიმუშები და სხვ. დაბეჭდილია უფრო სუფთად და უკეთეს ქაღალდზე და ახდენს საუცხოო შთაბეჭდილებას",– წერდა ჟურნალი "დამოუკიდებელი საქართველო". ყველა იწონებდა გამოცემის ხარისხს და აღნიშნავდა იმ ტექნიკურ  სიძნელეებს, რომლის გადალახვაც მოუხდა გამომცემელს. პრესა ხაზს უსვამდა იმასაც, რომ "ეს უაღრესად პატრიოტული საქმიანობა მან ჩაატარა უანგაროთ, სიყვარულით".

მომდევნო 1932 წელს დავით ხელაძემ გამოსცა დემოკრატიული საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის წიგნი " ეკონომიკური კრიზისი" და ლეისპირელის (პავლე სარჯველაძე) ლექსები.

1933 წელს გამოვიდა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" ბალმონტისეული თარგმანის მდიდრული გამოცემა. დაიბეჭდა 750 ცალი – 10 განსაკუთრებულ ქაღალდზე, 50 კი დაინომრა. "წიგნი იშვიათი სილამაზითა და მხატვრობით არის დაბეჭდილი. უნდა ითქვას, რომ რუსულ ენაზე დღემდის არ არსებობდა ასეთი მდიდრული გამოცემა",–წერდა "დამოუკიდებელი საქართველო". უფრო ვრცელი რეცენზია უძღვნა გაზეთმა "ბრძოლის ხმამ": "დიდი ხანია, რაც ცნობილ რუს პოეტს, ბალმონტს, მზათ ქონდა "ვეფხისტყაოსნის" რუსული თარგმანი. მაგრამ... მის შესაფერის გამოცემას, მრავალ ხარჯთან დაკავშირებულს, ვერავინ კისრულობდა... დათიკო ხელაძე არ შეუშინდა ამ საქმის სიძნელეს და ბალმონტთან შეთანხმებით შეუდგა გამოცემას. გამოცემა საუცხოოა, იშვიათი არა თუ ქართულ. არამედ ევროპულ პირობებშიც კი". წიგნს წინ უძღვის ბალმონტის ორი წინასიტყვაობა, რომელშიც მთარგმნელი ქებას ასხამს შოთა რუსთაველს და მას დანტეს, პეტრარკასა და მიქელანჯელოს გვერდით აყენებს. მნიშვნელოვანია, რომ წიგნში "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტი ფრანგულ და ინგლისურ ენებზეც არის გადმოცემული. წიგნის გაფორმების მაღალ დონეს აღნიშნავდა უცხოური პრესაც, მაგალითად პოლონური ჟურნალი "აღმოსავლეთი".

ემიგრაციაში კერძო ინიციატივით წიგნის გამოცემა მეტად რთული და ძვირი საქმიანობა იყო, ამიტომ დავით ხელაძემ სოციალ–დემოკრატ დავით საღირაშვილთან ერთად 1933 წლის 30 მაისს პარიზში დაარსა ფრანგულ–კავკასიური სტამბა  "დ. ხელაძე და  ამხანაგობა". სტამბის გახსნას დაესწრნენ: საქართველოს მთავრობისა და პარტიების, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთიელთა, უკრაინის წარმომადგენლები. პრესა აღნიშნავდა სტამბის ტექნიკურ დონეს. სტამბაში იყო ფრანგული, ქართული, სომხური და სხვა შრიფტები. შეეძლო ბეჭდვა ევროპულ და კავკასიურ ენებზე. დავით ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა ეროვნულ–დემოკრატთა ჟურნალი "სამშობლო". გრიგოლ ფერაძის "ჯვარი ვაზისა". 1930-იან წლებში დაიბეჭდა ალექსანდრე ასათიანის წიგნი "ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები", სტეფანე კასრაძის რომანი "თარი–არალე", დავით ვაჩნაძის "კავკასიის პრობლემა" (რუსულ ენაზე), ნოე ჟორდანიას "სოციალიზმის სირთულეები" (ფრანგულ ენაზე), გიორგი გვაზავას მიერ თარგმნილი რასინის "მითრიდატე" და ექსილეს "მიჯაჭვული პრომეთე", ვლასა მგელაძის "ოცდაექვსი მაისი", სამსონ ფირცხალავას "ისტორიული ლანდები", კონსტანტინე კანდელაკის "საქართველოს ეროვნული მეურნეობა".

ქართული ემიგრაციის მუზეუმში დაცულია 1939 წელს დავით ხელაძის მიერ გამოცემული სამი წიგნი: ანჩინის (აკაკი ჩხენკელი) "სახელმწიფო და ერი", დ'ტრეინის "ემიგრაციაში ნახული და გაგონილი" – სალაღობო პოლიტიკური ლექსებისა და მოთხრობების კრებული და გრიგოლ ურატაძის "საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოში 1821-1921 წლებში".

1937 წელს გამოვიდა თამარ პაპავას დიდი ფორმატის, 322 გვერდიანი წიგნი "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში" ექვთიმე თაყაიშვილის წინასიტყვაობით. წიგნის გამოცემისათვის თამარ პაპავა მადლობას უხდიდა ექვთიმე თაყაიშვილს, სამსონ ფირცხელავას, ვიქტორ ნოზაძეს, შალვა ამირეჯიბს, სიმონ ბერეჟიანს, ვლადიმერ ახმეტელს და განსაკუთრებით დავით ხელაძეს. ემიგრანტული პრესა წიგნის მნიშვნელობასა და ღირსებასთან ერთად აღნიშნავდა გამომცემლის ღვაწლსაც: "წიგნი გამოცემულია დიდი მზრუნველობით და ლამაზი ფორმატით. ემიგრაციაში ასეთი წიგნის გამოცემა დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს",– შენიშნავდა გრიგოლ ურატაძე.

II მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს დავით ხელაძემ ბერლინში ქართველი ლეგიონერებისათვის ქართულ ენაზე გამოსცა მინიატურული "ვეფხისტყაოსანი". პავლე სარჯველაძე იხსენებდა: "მახსოვს, როგორი აღტაცებით მომიტანა მან პატარა გამოცემა, ჯიბის "ვეფხისტყაოსანი" და მითხრა: "ჩაიდევი ჯიბეში და თან ატარე მუდამო". წიგნი 500 ცალი გამოიცა, 50 დანომრილი, უკეთეს ქაღალდზე დაბეჭდილი და გაფორმებული. N15 დაცულია იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმში, რიგითი ეგზემპლიარი – ქართული ემიგრაციის მუზეუმში.

წარწერა "გამომცემელი დ. ხელაძე" ამშვენებს 1948 წელს პარიზში გამოცემულ შალვა სკამკოჩაიშვილისა და მირიან მელუას "ქართულ ლექსიკონს" და ჟურნალ "ბედი ქართლისას".

1957 წლის ზაფხულში დავით ხელაძე, მეუღლესთან ერთად, დასასვენებლად შვეიცარიაში გაემგზავრა. 20 აგვისტოს საღამოს, ჟენევის ერთ–ერთ სასტუმროში მოულოდნელად გრძნობა დაკარგა და გამთნიისას გარდაიცვალა. 3 სექტემბერს დავით ხელაძე ჟენევის წმ. გიორგის სასაფლაოზე დაკრძალეს, 1958 წლის 14 დეკემბერს კი მისი ნეშტი ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

წყარო:

1. ხელაძე დავით // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.216. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


გააზიარე: