The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ თამარაშვილი

მიხეილ თამარაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე თამარაშვილი
სხვა სახელი:მიხეილ თამარათი  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1911  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილი
კატეგორია:თეოლოგი, მეცნიერი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი მიხეილ თამარაშვილი (ერისკაცობაში ალექსანდრე) დაიბადა 1858 წელს ახალციხეში, ე. წ. "რაბათის" უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში.

დაწყებითი განათლება ახალციხეში ე. წ. "ქვემო ეკლსიის" სამრევლო სკოლაში მიიღო, სადაც პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე მეურვეობდა. სწორედ მისი რჩევით, 1878 წელს მიხეილი სტამბოლში გააგზავნეს პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში, საიდანაც, ქართველ კათოლიკეთა ძმობის დაფინანსებით, ესპანეთში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. სამი წლის შემდეგ, სტამბოლში დაბრუნებული, მღვდლად ეკურთხა.

1888 წელს მიხეილ თამარაშვილმა დაამთავრა წმ. ლაზარეს დიდი სასულიერო სასწავლებელი, მუშაობდა წიგნსაცავებში არქივებსა და მუზეუმებში. ამავე წელს ის თბილისში დაბრუნდა, სადაც კათოლიკეთა მიძინების ტაძრის მღვდლად გაამწესეს, თუმცა პროქართული ქადაგებების გამო, ცარისტული მთავრობის განკარგულებით, როგორც არაკეთილი აზრების მოძღვარს, ნაციონალისტური პროპაგანდისათვის საქართველოდან გაძევება მიესაჯა და მღვდელმსახურება აეკრძალა.

1891 წლიდან მიხეილ თამარაშვილმა სწავლა რომში სასულიერო აკადემიაში გააგრძელა და სამი წლის შემდეგ ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მოიპოვა, მალე აკადემიის პროფესორად დაინიშნა. მიხეილ თამარაშვილმა, რომელსაც იტალიაში მიქელ თამარათის სახელით იცნობდნენ, ვატიკანის, იტალიის, თურქეთის, მოსკოვის, ალექსანდრიისა და ლონდონის არქივებში საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა გამოავლინა. მიხეილ თამარაშვილმა დაამუშავა საქართველო–ევროპის ურთიერთობის და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებასთან დაკავშირებული მასალები და გამოსცა "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", "პასუხად სომხის მწერლებს, რომელნიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას", ხოლო ფრანგულ ენაზე გამოცემულმა მისმა წიგნმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან დღემდე" დიდი გამოხმაურება ჰპოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. ამ ნაშრომთა დიდ მნიშვნელობაზე ჩვენს პრესასა თუ პირად წერილებში აღნიშნავდნენ: იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, სიმონ ქვარიანი, ზ. ავალიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, თედო სახოკია, მიხაკო წერეთელი, ივანე გვარამაძე და სხვები. ფრანგი ჟურნალისტი ჟოზეფ პტი: "თამარათის ნაშრომი ფრიად საინტერესოა არამარტო შინაარსით, არამედ იმ დიდი შთაბეჭდილებითაც, რასაც იგი ახდენს... ამ წიგნში საგმირო ისტორიაა იმ ერისა, რომელმაც მიუხედავად ხანგრძლივი საშინელი დევნისა, შეინარჩუნა სიმამაცე, სულგრძელობა, სამართლიანობა და უმეტეს შემთხვევაში დარჩა თავისი ქრისტიანული ტრადიციების ერთგული".  ცნობილი ინგლისელი ქართველოლოგი დ. ლანგიც აღნიშნავდა, რომ წიგნმა დიდი სამსახური გაუწია ევროპელ მეცნიერებს.

მიხეილ თამარაშვილის დამსახურებაა სიციალიაში კრისტეფორო დე კასტელის სურათების ალბომის აღმოჩენა, დიდი წვლილი მიუძღვის სულხან–საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. მიხეილ თამარაშვილმა ერთ–ერთმა პირველმა აზიარა ევროპელი მკითხველი საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მთელი მისი ცხოვრება იყო დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ისტორიის გამყალბებლების, ცილისმწამებლების, მატერიალური და კულტურული ძეგლების მიმთვისებლების წინააღმდეგ.

მიხეილ თამარაშვილს გულთბილი ურთიერთობა ჰქონდა ი. გოგებაშვილთან, აკ. წერეთელთან, ალ. ცაგარელთან. ალ. ხახანაშვილთან, ივ. გვარამაძესთან, ზ. ჭიჭინაძესთან და სხვებთან. მიხეილ თამარაშვილი პირადად არ იცნობდა ილიას, მაგრამ ერთმანეთის პატივისმცემელნი და დამფასებელნი ყოფილან. სწორედ ილიას ჩაგონებით უწოდა "ივერიამ" თამარაშვილს შემქმნელი "მეორე ქართლის ცხოვრებისა".

1911 წლის 16 სექტემბერს იტალიის სოფ. სანტა–მარინელასთან მეცნიერი დაიღუპა, როცა სხვისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა. იგი მხოლოდ 53 წლის იყო. დაკრძალეს სანტა–მარინელას ეკლესიაში. გაურკვეველი მიზეზების გამო, მალე ქ. ჩივიტავეკიას წმ. მარინის პანსიონში გადაასვენეს, ხოლო 1978 წელს დიდი მამულიშვილის, რეზო თაბუკაშვილის ძალისხმევით, თბილისში, საზოგადო მოთვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

წყარო:

1. შუბითძე, ვაჟა // ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვ. შუბითიძე. - თბ., 2011. - გვ. 283-288.

2. არველაძე, ბონდომიხეილ თამარაშვილი // მწიგნობრობა ქართული : მრავალტომეული. [ტ.] 8: სასულიერო მწერლობა : მიხეილ თამარაშვილი. - თბ., 2010. - გვ.534-542.

3. მიხეილ თამარაშვილი (მიქელ თამარათი) // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.136-139. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

4. თამარაშვილი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1. - თბ., 2012. - გვ.95-96. - საერთო ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

5. ფეიქრიშვილი, ჟუჟუნამიხეილ თამარაშვილის ცხოვრების გზა // მე და ჩემი ეკლესია / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-22-401-0. - გვ. 13-15.


გააზიარე: