The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სკენდერ ცივაძე

სკენდერ ცივაძე
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1967  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამსუნი, თურქეთი
კატეგორია:იურისტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

სკენდერ ცივაძე 1884 წელს დაიბადა სოფელ დაგვაში ესედ ცივაძისა და ხაჯერ ჯაფარიძის ოჯახში. ქობულეთში ქართული სკოლის არარსებობის გამო, პირველდაწყებითი განათლება სახლში მიიღი კერძო მასწავლებლის დახმარებით. მამა ადრევე გარდაეცვალა. შვილის აღზრდა დედამ ითავა და მოზრდილი სკენდერი, ნათესავების თანადგომით, სტამბოლში ფათიხის სახელობის სასულიერო უნივერსიტეტში გაგზავნა სასწავლებლად. სტუდენტობისას სკენდერ ცივაძე, მემედ, ხასან, ასლან, აბედინ, სულეიმან, ზია აბაშიძეებთან და ლომან–ეფენდი ქარცივაძესთან ერთად სტამბოლში ფერიქიოს უბანში მდებარე ქართველ კათოლიკეთა სავანის ხშირი სტუმარი იყო და აქაურ ბიბლიოთეკაში ეზიარა ქართული კულტურის ისტორიას.

ფათიხის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სკენდერ ცივაძემ მუდერსის – თეოლოგიის პროფესორის წოდება მიიღო და ცოდნის გასაღრმავებლად ეგვიპტეში გაემგზავრა. ქაიროში ესჰერის უნივერსიტეტში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ქობულეთში მუფთის – სასულიერო საბჭოს თავმჯდომარისა და სასულიერო მოსამართლის ანუ ყადის თანამდებობებზე დაინიშნა. მოგვიანებით ბათუმში შექმნილ სასულიერო საბჭოს თავმჯდომარედაც დანიშნეს. როდესაც თბილისის ახლადაარსებულ უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტი გაიხსნა, სკენდერ ცივაძე არაბული ენის მასწავლებლად მიიწვიეს. ის რამდენიმე ხანს ასწავლიდა არაბულ და თურქულ ენებს უნივერსიტეტის სტუდენტებს (ფლობდა რუსულსაც) და მეგობრობდა დიდ მეცნიერებთან – აკაკი შანიძესთან, გიორგი ახვლედიანთან, ივანე ჯავახიშვილთან, არნოლდ ჩიქობავასთან და სხვებთან.

სკენდერ ცივაძე უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. იგი, მემედ აბაშიძესთან ერთად, იბრძოდა საქართველოსა და აჭარის დამოუკიდებლობისათვის. მიტინგებზე ხალხს ესაუბრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების ერთობაზე. მისი ოცნება იყო, ოსმალთაგან დაპყრობილ საქართველოში შენარჩუნებულიყო ქართული ენა და არ დაკარგულიყო ეროვნული თვითშეგნება. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ აჭარაში რაც შეიძლება მეტი ქართული სკოლა გახსნილიყო.

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომლის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ  აჭარიდან წარგზავნილები, მემდ–ბეგ აბაშიძე თავისი თანამებრძოლებით. მათ შორის იყო სკენდერ ცივაძე, რომელიც ყრილობაზე გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით (გაზ. "საქართველო", 1917 წ. N257). ყრილობამ აირჩია ეროვნული საბჭო, რომლის წევრებიც აჭარიდან გახდნენ მემდ–ბეგ აბაშიძე, ჯემალ–ბეგ ხიმშიაშვილი, რეჯებ ნიჟარაძე, სკენდერ ცივაძე.

როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, მემედ, ჰეიდარ, ხასან აბაშიძეების, სკენდერ ცივაძისა და მათი თანამებრძოლების მიზანი აჭარის დედასაქართველოსთვის  საბოლოოდ დაბრუნება იყო. 

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გააუქმეს სასულიერო საბჭო. სკენდერ ცივაძეს როგორც სასულიერო პირს, დევნა დაუწყეს, ჩამოართვეს მუფთობაც და ყადობაც, ერთხანს მხოლოდ ბათუმის ჯამის ხოჯა (ანუ მასწავლებელი) იყო. 1930 წ. ივლისში ქობულეთში ისვენებდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, სკენდერ ცივაძის მეგობარი თენგიზ ჟღენტი. მასთან საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ცივაძეების ოჯახს სამშობლო უნდა დაეტოვებინა. 1931 წელს, დიდი წვალების შემდეგ, ოჯახი ქ. ამასიაში გადასახლდა. ემიგრაციაში უსახსროდ დარჩენილებს დახმარება მემედ-ბეგ აბაშიძის ძმამ ქ. ამასიის მოსამართლეთა საბჭოს თავმჯდომარემ ხასან–ბეგ აბაშიძემ გაუწია.

სკენდერ ცივაძის ოჯახი ემიგრაციიდან სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სკენდერ ცივაძის მეუღლე იყო ნარგული ჭყონია. მათი ვაჟი მუხამედი, რომელიც ხულოში გლეხთა ახალგაზრდობის საშუალო სკოლის გამგე იყო, ემიგრაციაში საცოლეზე დარდით (გულიკო კაიკაციშვილი) გარდაიცვალა. მეორე ვაჟი ახმედი 1913 წელს დაიბადა ქობულეთში, დაამთავრა ქობულეთის პირველი საშუალო სკოლა და ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. მან მხოლოდ 90-იან წლებში მოახერხა ბათუმში ჩამოსვლა. სკენდერ ცივაძემ შვილები ქართული სულისკვეთებით აღზარდა. ახმედ ცივაძე თურქეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და ბევრი რამ გააკეთა ქართული დიასპორის თვითშეგნების განვითარებისათვის.

სკენდერ ცივაძე 1967 წელს სამსუნში გარდაიცვალა, ისე რომ ვერ ეღირსა სამშობლოში დაბრუნებას.

წყარო:

1. სიხარულიძე, იური. სკენდერ ცივაძე : ღირსეული მამულიშვილი / იური სიხარულიძე // საქართველოს ბიბლიოთეკა. - თბილისი, 2011. - ISSN 1512-0880. - N3(44), ვაჟა-ფშაველა - 150. - გვ. 34-35.


გააზიარე: