The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იასონ გორდეზიანი

იასონ გორდეზიანი
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1960  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:ბიოლოგი

ბიოგრაფია

1876 წელს რაჭის მაზრის სოფელ საკაოში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა ცნობილი აგრონომ–დეკორატორი იასონ დავითის ძე გორდეზიანი. სოფელში სასწავლებელი არ იყო და პატარა იასონი შვიდი კილომეტრით დაშორებულ ონის სკოლაში დადიოდა განათლების მისაღებად. მის ნიჭსა და მონდომებას ყურადღება მიაქცია ცნობილმა პედაგოგმა ივანე ჯაფარიძემ და მოზარდი 1889 წელს თბილისის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში გადაიყვანა. 1894 წელს იასონ გორდეზიანმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა და შრომითი საქმიანობა ნავთლუღში, ბაღ–ბოსტნეულის მეურნეობაში დაიწყო. 1899-1903 წლებში სოფელ სკრაში, ფრიდონოვის ხეხილის ბაღში მუშაობდა. მისი ინიციატივით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ხეხილის სანერგეებსა და საცდელ–სამეურნეო სადგურის დაარსებას.

1903 წელს იასონ გორდეზიანი ბათუმის მთავარი მებაღის ი. ლიონიძის თანაშემწედ მიიწვიეს. მისი ძალისხმევით ქალაქის გამწვანების სანერგეებში დარგეს მრავალი სახეობის დეკორატიული მცენარე. ციხისძირში ერთ–ერთ მამულში, მან შეაგროვა ძვირფასი პალმის თესლი და გაამრავლა. პალმებმა კარგად იხარეს და მას შემდეგ მტკიცედ მოიკიდეს ფეხი როგორც ზღვისპირეთში, ისე დასავლეთ საქართველოს ბევრ სხვა კუთხეში.

XIX საუკუნის ბოლოს ბათუმის ზღვისპირა პარკის (ე.წ. "ბულვარის") ტერიტორია წყლით იყო დაფარული. 1881 წელს ზღვამ დაახლოებით 100 მეტრით უკან დაიხია და ამ პერიოდში გაჩნდა ზღვისპირა პარკის გაშენების იდეა. პარკის მოწყობას ცნობილი გერმანელი მებაღე რესლერი ჩაუდგა სათავეში და შეიმუშავა პარკის კეთილმოწყობის გეგმა. დაწყებული საქმე არანაკლებ ცნობილმა მებაღემ, მიხეილ დალფონსმა გააგრძელა. პარკის განაშენიანებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იასონ გორდეზიანი. მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გადახალისდა ზღვისპირა ბულვარისა და ახალგაზრდობის პარკის მცენარეული საფარი. გაფართოვდა ძველი და შეიქმნა ახალი სანერგეები სათანადო სათბურებითა და ორანჟერეებით, სადაც გამოჰყავდათ ათასობით ძირი დეკორატიული და სუბტროპიკული მცენარე. ციტრუსებზე იასონ გორდეზიანი 1904 წლიდან მუშაობდა. აყენებდა ცდებს კვირტით და კალმით მანდარინის მყნობაზე. საფუძველი ჩაუყარა ციტრუსების სანერგე მასალის ადგილობრივად გამოყვანას, რამაც საქართველოში ციტრუსის კულტურების გავრცელებას  შეუწყო ხელი.

იასონ გირდეზიანი გრძნობდა, რომ მისი მიზნების განსახორციელებლად აუცილებელი იყო სწავლის გაგრძელება და ოცნებობდა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებაზე. 1908 წელს მან თავი დაანება დაკავებულ თანამდებობას და ხელფასიდან გადანახული მცირე დანაზოგით საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1911 წელს წარჩინებით დაამთავრა ვერსალის სასოფლო–სამეურნეო ნაციონალური ინსტიტუტი და სახელმწიფი ჯილდო – ოქროს მედალი მიიღო. სუპტროპიკულ და ტროპიკულ მცენარეთა შესწავლის მიზნით, მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის სხვადასხვა საბაღო მეურნეობებში. ერთხანს პარიზში, პროფესორ ნომბლის ხელმძღვანელობით, მსოფლიოში ცნობილ სელექციონერ ველმორენის სათესლე–სანერგე მეურნეობაში იღრმავებდა ცოდნას, ბოლოს ლონდონის სამეფო ბოტანიკურ ბაღში ეკავა აგრონომ–დეკორატორის თანამდებობდა. ვინ იცის როგორ წარიმართებოდა იასონ გორდეზიანის შემდგომი კარიერა, რომ არა ქალაქ ბათუმის გამგეობიდან გაგზავნილი მოთხოვნა მისი სამუშაოდ მიწვევის თაობაზე. 

1913 წელს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების ინიციატორ, მეცნიერ–გეოგრაფ ანდრეი კრასნოვის რეკომენდაციით იასონ გორდეზიანმა დაიკავა ბაღის უფროსი მებაღის თანამდებობა, სადაც 1925 წლამდე მსახურობდა. მის სახელთანაა დაკავშირებული უღრანი ტყიდან და ჭაობიდან ბოტანიკური ბაღის სახის ჩამოყალიბება და სისტემატიზაცია. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ძალისხმევით გაშენდა ბოტანიკური ბაღის იაპონური, ჩინური, მექსიკური, ავსტრალიური, ჩილეს, ახალი ზელანდიის, ამერიკული და ევროპული განყოფილებები.

იასონ გორდეზიანი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც. კითხულობდა ლექციებს თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში, მისი გამოცდილების ათვისების საფუძველზე დაიწყო გერანის გაშენება სამრეწველო მიზნით. მოეწყო ციტრუსების უმდიდრესი საკოლექციო განყოფილება. დაჯილდოებული გახლდათ სსრკ სასოფლო–სამეურნეო გამოფენის ოქროს მედლით. იასონ გორდეზიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა ბათუმის საქალაქო მეურნეობა. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბათუმის გამწვანების ტრესტს, რომელსაც მისი სახელით მოიხსენიებდნენ.

1935 წელს ბათუმში იასონ გორდეზიანს მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს. მიენიჭა სუბტროპიკული მეურნეობის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1960 წელს, 83 წლის ასაკში იასონ გორდეზიანი ბათუმში გარდაიცვალა. 1978 წელს თბილისში აღინიშნა აგრონომ–დეკორატორის დაბადების 100 წლისთავი. მასზე გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

2012 წელს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბაღში გაიხსნა იასონ გორდეზიანის ძეგლი და ერთ–ერთ სკვერს მისი სახელი ეწოდა.

წყარო:

1. გაგუა, ოთარსოფელი საკაო // დადგმული და დაუდგმელი ძეგლის ამბავი - იასონ გორდეზიანი / ოთარ გაგუა. - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-10-730-6. - გვ. 52-68. - სტატიას ახლავს ფოტომასალა.

2. გაგუა, ოთარბათუმის მწვანე სამოსი // დადგმული და დაუდგმელი ძეგლის ამბავი - იასონ გორდეზიანი / ოთარ გაგუა. - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-10-730-6. - გვ. 69-79. - სტატიას ახლავს ი. გორდეზიანის ავტობიოგრაფია რუსულ ენაზე.


გააზიარე: