The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივერი ფრანგიშვილი

ივერი ფრანგიშვილი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 2006  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

მართვის სისტემების, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968 წ.), პროფესორი (1969 წ.), საქართველოს მეცნიერებათა მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი (1979 წ.). რუსეთის ფედერაციიის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981 წ.) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი (1985 წ.).

ივერი ვარლამის ძე ფრანგიშვილი 1930 წელს დაიბადა დიდ ჯიხაიშში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1952-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სამრეწველო და სამეცნიერო დაწესებულებებში. 1960 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ავტომატური და ტელემექანიკის (ამჟამად  მართვის პრობლემების) ინსტიტუტში. 1970 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

ივერი ფრანგიშვილი იყო რუსეთსი მართვის სისტემების თეორიისა და ტექნიკის შემუშავების ერთ–ერთი ინიციატორი, 1985 წლიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. ტრაპეზნიკოვის სახელობის მართვის პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი. 1987 წელს გახდა საბჭოთა კავშირის გენერალური კონსტრუქტორი ატომური ელექტროსადგურების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზებული მართვის სისტემების დარგში, 1992 წელს - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი. ამავე დროს იყო მთელი რიგი საერთაშორისო და უცხოური აკადემიების ნამდვილი წევრი.

ივერი ფრანგიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: სისტემური მიდგომისა და ზოგადსისტემური კანონზომიერებების თეორიისა და პრინციპების დამუშავება სხვადასხვა ბუნების რთული სისტემების ფუნქციონირებისათვის; დიდმასშტაბიანი სისტემებისა და მაღალი რისკის ობიექტების მართვის თეორიის დამუშავება; ახალი კლასის პარალელური და გარდაქმნადი მრავალპროცესორიანი მმართველი გამოთვლითი სისტემების თეორიული საფუძვლებისა და პრინციპების დამუშავება. მანვე დააფუძნა საქართველოში ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სამეცნიერო–პრაქტიკული მიმართულება. მისი დიდი თანადგომით ჩაეყარა საფუძველი თბილისის სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანებებს "ელვასა" და "ალგორითმს". მოღვაწეობის ბოლო პერიოდი მეცნიერმა თავის მოწაფეებთან ერთად სხვადასხვა ბუნების მოძრავი ობიექტების გამოვლენისა და ამოცნობის ზოგად – სისტემურ კანონზომიერებათა პრინციპების შესწავლას მიუძღვნა. მათი კვლევების შედეგად გამოვლენილმა მეცნიერულმა აღმოჩენამ, რომელიც "ფონური პრინციპის" სახელითაა ცნობილი, ფართო გამოყენება ჰპოვა ფსიქოლოგიის, მედიცინის, ბიოლოგიის, დაცვითი ტექნიკის წარმოებისა და სხვა თანამედროვე მიმართულებებში. ივერი ფრანგიშვილის კვლევათა შედეგები წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დარგის რთული სისიტემების მართვისათვის. იგი ავტორია 400-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის 20 მონოგრაფიის, ერთი სამეცნიერო აღმოჩენის და 40 გამოგონებისა. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში ფართო აღიარება მოიპოვა. ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა პედაგოგიურ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საქმიანობას. მისი უშუალო სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. მეცნიერი დაინტერესებული იყო ადამიანისა და კოსმიური ძალების ურთიერთგავლენის ფენომენით. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "მეცნიერება და რელიგია", რომელიც უშუალოდ მისი ორგანიზებით ჩატარდა, წაიკითხა საინტერესო მოხსენება – "მეცნიერებისა და რელიგიის, ცოდნისა და რწმენის სისტემური ურთიერთობანი". ივერი ფრანგიშვილი პარაფსიქოლოგიას XXI-ე საუკუნის მეცნიერებად თვლიდა. მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტში იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამყაროს იდუმალი მოვლენების შემსწავლელ ლაბორატორიულ–კვლევით სამუშაოებს.

ივერი ფრანგიშვილი დაჯილდოებულია ორი წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს რუსეთში. 

ივერი ფრანგიშვილი 2006 წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო:

1. ივერი ფრანგიშვილი : 1930-2006 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.284-285. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

2. ივერი ფრანგიშვილი // გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები : კრებული / შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და სხვ.; სამეცნ. რედ.: არჩილ ფრანგიშვილი; იბეჭდება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. - თბ., 2012. - გვ.12-15.

3. ივერი ფრანგიშვილი // საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათავეებთან, 1922-2012 : ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 90-ე წლისთავს / შემდგ.: მიტროპოლიტი ა. ჯაფარიძე და სხვ.; სამეცნ. რედ. ა. ფრანგიშვილი; იბეჭდება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. - თბილისი, 2012. - ISBN 978-9941-20-061-8. - გვ. 154-157. - სტატიას ახლავს ფოტომასალა.

4. მახვილაძე, ნოდარივერი ფრანგიშვილი (1930-2006) // მათემატიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში უძვედესი დროიდან 21-ე საუკუნემდე / ნოდარ მახვილაძე, ჯონდო შარიქაძე, დავიტ გიორგიძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6118-7. - გვ. 206-208.



გააზიარე: