The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი პაპაშვილი

გიორგი პაპაშვილი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1898
გარდაცვ. თარიღი:1978  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
კატეგორია:მოქანდაკე, მწერალი

ბიოგრაფია

გიორგი პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს დაიბადა სოფელ კობიაანთკარში ვანო და იამზე პაპაშვილების ოჯახში. მისი მონათხრობის მიხედვით, დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა. უსახსრობის გამო, მამამ სკოლაში ვერ შეიყვანა, ამიტომ ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. სრულიად ახალგაზრდას I მსოფლიო ომში მოუწია სნაიპერად ყოფნა. 1921 წელს, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ანატოლიის ველებზე ტახებზე ნადირობდა. შემდეგ მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში ჩასვლა. რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ–ერისთავის ოჯახთან ერთად ნიუ–იორკში ნაქირავებ ბინაში გაათენა და შემდეგ გეზი კალიფორნიისაკენ აიღო. მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონჩამომსხმელ საამქროში. ერთხანს ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა.

თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა–პაპის ხელობას ხვნა–თესვას მიჰყო ხელი.

1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს რომანი, უფრო ზუსტად, ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ("Anything Can Happen"). თხზულება 1945 წელს გამოიცა და ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა – 1.5 მილიონი გაიყიდა მთელ მსოფლიოში და ითარგმნა დაახლოებით 20 ენაზე (მათ შორის იაპონურად, ჩინურად და ურდუს ენაზე). ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებში. წიგნი თბილისში 1965 წელს გამოქვეყნდა სათაურით "ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

1952 წელს "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" მიხედვით ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი (რეჟისორი ჯორჯ სითონი), სადაც მთავარი როლები ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფარერიმ და კიმ ჰანტერმა. ფილმის ტექნიკური დირექტორი იყო ლადო ბაბიშვილი. ფილმის მუსიკა შექმნეს კომპოზიტორმა იუნგიმ და ალექსანდრე ფუტკარაძემ. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები, ქართული ფანდურები. თვითონ ავტორმა პატარა ეპიზოდური როლი შეასრულა. 1952 წლის 3 აპრილს შედგა ფილმის პრემიერა. მიუხედავად იმისა რომ ფილმმა დადებითი რეცენზიები მიიღო, ის მაინც არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული როგორც რომანი. 1953 წლის 26 თებერვალს კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესის კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს გლობუსი აიღო ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას".

გიორგი პაპაშვილისა და ჰელენ უაიტის კალამს ეკუთვნის წიგნები "ჰო და არა", "შინისაკენ, კვლავ შინისაკენ", "ქართულ–რუსული კულინარია", "მადლობა ნოეს", "ძაღლი და ადამიანი".

მოწიფულ ასაკში გიორგი პაპაშვილი ქანდაკებით დაინტერესდა. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია, თვითნასწავლი შემოქმედი იყო, მუშაობდა ხეზე და ქვაში. ნამუშევრებს ინიციალებს არასდროს აწერდა, მიაჩნდა რომ "ხელმოწერა თავად ხელოვნების ნიმუშშია". გიორგი პაპაშვილის 600-ზე მეტი ნამუშევარი ნიჭის, შრომისმოყვარეობის და გემოვნების ნიმუშია. ზღაპრული პერსონაჟების დიდი ნაწილი ქართული ფოლკლორითაა ნასაზრდოები. გიორგი პაპაშვილის ნაივურ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ქანდაკებებს. რეტროსპექტული კატალოგი ამგვარ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს: "გიორგი პაპაშვილი ლიჰაის ველის ხელოვნების ალიანსის, ფილადელფიის ხელოვნების ალიანსის, ოდიუბონის ხელოვანთა და ფილადელფიის ხელოვანთა თანასწორობის ორგანიზაციის წევრი იყო". 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ერთ–ერთი ნამუშევარი – "რაში". 

გიორგი პაპაშვილის სახელი შეტანილია ისეთ სოლიდურ გამოცემებში როგორებიცაა "ვინ ვინ არის ამერიკულ ხელოვნებაში" და "ვინ ვინ არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში". მისი არქივი დაცულია პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს.

გიორგი პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.


გააზიარე: