The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანდრია ბიწაძე

ანდრია ბიწაძე
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1916
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1994  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:მათემატიკოსი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

მათემატიკოსი, ფიზაკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).

ანდრია ვასილის ძე ბიწაძე 1916 წლის 22 მაისს დაიბადა გლეხის ოჯახში სოფელ ცხრუკვეთში (ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი). 1931 წელს ანდრია ბიწაძემ დაამთავრა ჭიათურის პედაგოგიური ტექნიკუმი და სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას ამავე რაიონის საშუალო სკოლებში. 1935-1940 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1940-1944 წწ.), 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1940-1948 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1948-1951 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დოქორანტია. 1951 წელსვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია – "შერეული ტიპის განტოლებათა პრობლემებისათვის". ორი წლის შემდეგ ეს ნაშრომი ცალკე მონოგრაფიის სახით გამოვიდა მოსკოვში, კიდევ ორი წლის შემდეგ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც გამოიცა ჩინურ ენაზე.

მოსკოვის მათემატიკის ინსტიტუტში ანდრია ბიწაძე 1948-1959 წლებში მუშაობდა, 1959-1971 წლებში მოღვაწეობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების მათემატიკის ინსტიტუტსა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში. მისი გამოკვლევების ფუნდამენტურმა შედეგებმა თავი მოიყარეს 1959 წელს მოსკოვში გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში "შერეული ტიპის განტოლებები". იგივე წიგნი 1964 წელს გამოიცა ლონდონში ინგლისურ ენაზე.

1971-1978 წლებში ანდრია ბიწაძე იყო ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა განყოფილების ხელმძღვანელი და მოსკოვის საინჟინრო–ფიზიკური ინსტიტუტის კათედრის გამგე, 1978-1983 წლებში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერი ხელმძღვანელი და დირექტორი, ხოლო 1984 წლიდან – მოსკოვის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ძირითადი შრომები ეხება დრეკადობის თეორიას, შერეული ტიპის განტოლებათა თეორიას, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიასა და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მატემატიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ანდრია ბიწაძის სახელს ატარებს ახალი ბუნების რამდენიმე განტოლება, ამოცანა და ფორმულა, რომლებიც პირველად მისი კვლევის საგანს შეადგენდა. ცნობილია "ბიწაძის განტოლება", "ბიწაძის შებრუნების ფორმულა", "ბიწაძე–სამარსკის ამოცანა", "ბიწაძის ექსტრემუმის პრინციპი", "სუსტი ბმულობა ბიწაძის მიხედვით", "ლავრენტიევ–ბიწაძის სასაზღვრო ამოცანა" და სხვ.

ანდრია ბიწაძე მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში, ამავე ქალაქების მათემატიკის ინსტიტუტში. არის 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. სხვადასხვა დროს ხანგრძლივი ვადით იყო მიწვეული ლექციების და მოხსენებების წასაკითხად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში: გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვ.

გარდაიცვალა მოსკოვში 1994 წელს, დაკრძალულია დონის მონასტერში.

მიღებული აქვს სახლემწიფო ჯილდოები, არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1982 წ.), შრომის წითელი დროშის ორდენის ორგზის კავალერი (1966, 1975 წწ.), დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1971 წ.). ოქტომბრის რევოლუციის ორდენით (1986 წ.) და მედლებით. იყო ჭიათურის საპატიო მოქალაქე.

წყარო:

1. ანდრია ბიწაძე (1916-1994) // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.76-77. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

2. ბიწაძე ანდრია // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.50. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


გააზიარე: