The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსი ევგენის ძე ფანჩულიძე

დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:10 აპრილი, 1968  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

ალექსი ფანჩულიძე 1888 წლის 18 სექტემბერს დაიბადა რუსეთში დაბა პიატიგორსკში, რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტის, ევგენი ფანჩულიძის ოჯახში. ფანჩულიძეთა გვარის ეს შტო, რომელმაც რუსეთს ოთხი გუბერნატორი, თავადაზნაურობის სამი წინამძღოლი და ოთხი გენერალი მისცა, იმერელი თავადის, დავით მათეს ძე ფანჩულიძისგან იღებს დასაბამს. ალექსი ფანჩულიძე კავალერისტი იყო და ჰუსართა პოლკში მსახურობდა. სამხედრო კარიერის პარალელურად ახალგაზრდა ოფიცერი ცხენოსნობასაც მისდევდა, როგორც სპორტის სახეობას და 1914 წელს ვენის დიდი პრიზიც მოუგია.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ პოლკოვნიკი ალექსი ფანჩულიძე ფინეთის გავლით დანიაში გაიქცა, საიდანაც ოთხი წლის შემდეგ გერმანიაში გადავიდა. II მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჰოლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად და 1949 წელს ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო.

რუსეთიდან ლტოლვილი ალექსი ფანჩულიძე აღმოსავლეთ პრუსიაში დაუახლოვდა ფონ ლიპე–ბისტერფელდთა დიდგვაროვან ოჯახს. პრინცმა ბერნჰარდ ლიპე–ბისტერფელდმა და მისმა მეუღლემ არმგარდ ფონ გრამმა რეკენვალდში, თავიანთ მამულში შეიფარეს რუსი ოფიცერი და თავიანთი ვაჟების – ბერნჰარდისა და აშვინის – ცხენოსნობის მასწავლებლად გაამწესეს. 1934 წელს ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ, პოლკოვნიკი ფანჩულიძე ჯერ მამულის მოვლა–პატრონობაში ეხმარებოდა პრინცესა არმგარდს, მერე კი მათი ურთიერთობა თანაცხოვრებაში გადაიზარდა. ალექსი ფანჩულიძეს, რომელსაც პრინცესა მოფერებით "ჩულის" ეძახდა, დიდი გავლენა ჰქონდა თავის უფროს შვილობილზე, პრინც ბერნჰარდზე. ეს გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ბერნჰარდმა ცოლად შეირთო ნიდერლანდის ტახტის მემკვიდრე, პრინცესა იულიანა, ხოლო მისი ტახტზე ასვლის შემდეგ "ჩული" მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სამეფო კარის ცხოვრებაში, როგორც პრინც–კონსორტის უახლოესი მეგობარი, მრჩეველი და მესაიდუმლე.

პრინცმა ბერნჰარდმა, რომელიც 1954-1974 წლებში ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იყო, დიდად შეუწყო ხელი მამობილს მისი მრავალწლიანი ოცნების განხორციელებაში და ოლიმპიურ თამაშებში ყოველგვარი შესარჩევი ტურნირების გარეშე მიაღებინა მონაწილეობა ე.წ. "უაილდ კარდით". 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული ცხენოსანთა ასპარეზობები სტოკლჰომში ჩატარდა ხუთი თვით ადრე, რადგან ავსტრალიის კანონმდებლობით, ქვეყანაში ცხენების შეყვანისთვის მკაცრი და ხანგრძლივი კარანტინი იყო გათვალისწინებული, რაც შეუძლებელს ხდიდა მელბურნში ცხენოსანთა გამოსვლას. ჰოლანდიის ღირსებას სტოკლჰომში ერთადერთი სპორტსმენი იცავდა, რომლის სახელი და გვარი ოლიმპიურ ანალებში ასეა შეტანილი: Alexix Pantchulidzew. ცხენ "ლასკარზე" ამხედრებულმა 67 წლის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ფანჩულიძემ ცხენის გაწვრთნაში 586,5 ქულა მოაგროვა და 28-ე ადგილი დაიკავა 36 მონაწილეს შორის. თუმცა ჰოლანდიას ოლიმპიური ჩემპიონებიც ჰყავს ცხენოსნობაში, ფანჩულიძეს ამ ქვეყნის სპორტის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, როგორც მელბურნის თამაშების ერთადერთ ჰოლანდიელ მონაწილეს. 

1968 წლის 10 აპრილს ალექსი ფანჩულიძე გარდაიცვალა. თავგადასავლებით აღვსილი მისი ცხოვრება რუსეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში, მრავალი იდუმალი, დღემდე ბურუსით მოცული ეპიზოდით არის საყურადღებო.

წყარო:

1. ნაცვლიშვილი პაატა. ალექსი ფანჩულიძე – ერთადერთი ჰოლანდიელი 1956 წლის ოლიმპიადაზე//"უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა", საერთაშორისო კონფერენცია (2011, თბილისი). საერთაშორისო კონფერენცია უცხოეთის ქართული მემკვიდრეობა.–თბ., 201.–გვ.65-67.


გააზიარე: