The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ზურაბიშვილი

ივანე ზურაბიშვილი
სხვა სახელი:ვანო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1940  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ივანე (ვანო) ზურაბიშვილი 1872 წელს დაიბადა. ადრევე დაობლდა. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლობდა ჯერ კიევში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1895 წელს.

სამშობლოში დაბრუნებულმა ივანე ზურაბიშვილმა ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ასული, ნინო შეირთო ცოლად. წყვილს სამი ვაჟი – არჩილი, გიორგი და ლევანი შეეძინათ. 

ივანე ზურაბიშვილი ეწეოდა პუბლიცისტურ, მთარგმნელობით (ა. დოდე, ა. ფრანსი, გი დე მოპასანი), ჟურნალისტურ საქმიანობას. თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პერიოდულ გამოცემებთან: "ივერია", "მოამბე", "ცნობის ფურცელი", "ერი", "Новое Обозрение", "Кавказ". ჟურნალ "ივერიაში" იბეჭდებოდა მისი მოთხრობები ("მწვანე ყვავილი", "საათი", "თოვს"), თარგმანები, პოლიტიკური წერილები. ახალგაზრდა მწერლები ივანე ზურაბიშვილი, კიტა აბაშიძე, გ. ლასხიშვილი ხშირად იკრიბებოდნენ მარიამ ორბელიანის ლიტერატურულ სალონში, მართავდნენ ლიტერატურულ საღამოებს, კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებსა და თარგმანებს. "ივერიის" რედაქციის კრებებზე ივანე ზურაბიშვილი ხშირად ხვდებოდა ცნობილ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს ილია ჭავჭავაძეს, ივანე მაჩაბელს, გიორგი წერეთელს, ანტონ ფურცელაძეს.

გიორგი გვაზავასთან, სპირიდონ კედიასა და სხვებთან ერთად ივანე ზურაბიშვილი იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ამავე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1904 წელს სწორედ ახალგაზრდა ივანე ზურაბიშვილი დაასახელა ილია ჭავჭავაძემ ახლადშექმნილი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. პოლიტიკაში ჩართვა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ხელს არ უშლიდა. იყო წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული დრამატიული საზოგადოების, სათავადაზნაურო სკოლის დამხმარე კომიტეტის წევრი, საკათალიკოსო საბჭოს მრჩეველი.

ივანე ზურაბიშვილი 1908-1919 წლებში ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი იურისკონსულტანტი იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, იყო თბილისის ნაფიც ვექილთა საზოგადოების თავმჯდომარე, ტყიბულის მაღაროთა გამგეობის თავმჯდომარე. 

1921 წლის 24 თებერვალს ივანე ზურაბიშვილმა ოჯახთან ერთად სამშობლო დატოვა, 25-ში კი რუსეთის ჯარმა დაიკავა თბილისი. ოჯახი ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, 1924 წლიდან – პარიზში. ივანე ზურაბიშვილი პარიზში ცხოვრებისას მუდამ იცავდა თავისუფლების იდეალს და ემსახურებოდა ქართულ საქმეს. აგრძელებდა რა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, იგი არჩეულ იქნა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პარიზის კომიტეტის თავმჯდომარედ. აქვეყნებდა პოლიტიკურ წერილებს, კითხულობდა მოხსენებებს ილიასა და ვაჟაზე. 1936 წელს დაიბეჭდა მისი წიგნი "საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა", რომელიც ძირითადად ეხება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას. 1962 წელს პარიზში გამოვიდა ზურაბიშვილის მოგონებათა წიგნი – "კარგ ქართველთა ხსოვნისათვის", რომელიც უძვირფასეს მასალას შეიცავს XIX-XX საუკუნეთა მიჯნის საქართველოს ისტორიისთვის.

ივანე ზურაბიშვილი 1940 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა პარიზთან ახლოს, დაკრძალულია ლევილში.

ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ივანე ზურაბიშვილის შვილები – არჩილი, გიორგი და ლევან ზურაბიშვილები.

წყარო:

1. ზურაბიშვილი ივანე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.93-94. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. გუნცაძე, ნანაპოლიტიკურ ემიგრანტთა ერთი ოჯახის ისტორიისათვის // ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი-ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი) : პროგრამა და მასალების კრებული / სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლითავისადმი (2012, ჭიათურა). - თბ.; ჭიათურა, 2012. - გვ.35-39. - ახლავს ფოტომასალა.


გააზიარე: