The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ნიკურაძე

ივანე ნიკურაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1979  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გიოტინგენი, გერმანია
კატეგორია:ინჟინერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ივანე ნიკურაძე დაიბადა სამტრედიაში მრავალშვილიან ოჯახში. მამა – ინჟინერი ილია პავლეს ძე ნიკურაძე რკინიგზის დეპოს უფროსად მსახურობდა (რეპრესირებულია 1937 წ.).დედა – ელისაბედ გეგია (გარდაიცვალა 1907 წელს). ივანემ 1913 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად  ყოფილი იურის (სადღეისოდ ტარტუს) უნივერსიტეტში გაემგზავრა, საქართველოში დაბრუნების შემდგომ კი მოღვაწეობა დაიწყო თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში (ლანა ჩაბრავას ცნობა).

1919 წელს ივანე იმ რჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხვდა, რომელთაც ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით, სახელმწიფო თავის ხარჯით უცხოეთში სასწავლებლად აგზავნიდა. ძმები რომ არ დაეშორებინა ახალგაზრდების მამა სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და უნივერსიტეტის რექტორს სთხოვა, მეც მოგეხმარებით სახსრებით და თუ მოხერხდება ალექსანდრეც ძმასთან ერთად გაგზავნეთო.

ასე მოხვდნენ ძმები გერმანიაში. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ გიოტინგენში გამოყენებითი ფიზიკისა და მათემატიკის რამდენიმე გამორჩეული ინსტიტუტი იყო შექმნილი. მათ შორის, პროფესორ პრანდტლის გამოყენებითი მექანიკისა და პროფესორ რუნგეს გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტები. ლუდვიგ პრანდტლი, თანამედროვე ჰიდროდინამიკის, გაზის დინამიკისა და აეროდინამიკის მეცნიერებათა ფუძემდებლად მიიჩნევა. ივანე ნიკურაძე მისი საუკეთესო მოწაფე გახდა.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ ხელი შეუშალა ივანეს სამშობლოში დაბრუნებას. მოგვიანებით გერმანიის მოქალაქე გახდა.

პრანდტლის ხელმძღვანელობით, 1923 წელს, წარმატებით დაიცვა დისერტაცია და დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მას იცნობდნენ, როგორც იოჰან ნიკურაძეს (Dr. Johann Nikuradze) და მისი ცნობადობა ნაშრომიდან ნაშრომამდე იზრდებოდა. მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰელმის, დღევანდელი მაქს პლანკის, ჰიდრავლიკურ კვლევა–ძიებათა და დინამიკის ინსტიტუტში. შემდგომ, ამავე ინსტიტუტის განყოფილების უფროსად დაინიშნა, სადაც 1934 წლამდე მოღვაწეობდა. ეს პერიოდი მისი საქმიანობის ყველაზე ნაყოფიერი ხანა იყო. ივანე ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გიოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში. ლექციების პარალელურად, სამეცნიერო კვლევებს ატარებდა. გამოიკვლია სითხის ლამინარული და ტურბულენტური დინება. რეინოლდსის რიცხვის დიდი მნიშვნელობებისათვის მიიღო ჰიდროდინამიკური წინაღობის კოეფიციენტის ემპირიული ფორმულა, რომელსაც მისი სახელი უწოდეს. ცნობილია აგრეთვე ივანე ნიკურაძის სახელობის დიაგრამები და მრუდეები, რომლებიც ჰიდრავლიკაში გამოიყენება. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი 1933 წელს წიგნად გამოიცა. ნიკურაძე ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს, თუ როგორ გაედინებოდა იგი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ ექსპერიმენტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე წნევის დანაკარგი.

მიუხედავად გერმანიის სოციალისტურ–ნაციონალისტური შრომის პარტიასთან ურთიერთობისა, რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, იგი პარტიის საქარხნო ორგანიზაციის ერთ–ერთი წევრის მიერ ჯაშუშობასა და ინსტიტუტიდან რამოდენიმე წიგნის ქურდობაში იქნა დადანაშაულებული. 1934 წელს, მიუხედავად ლუდვიგ პრანდტლის დიდი ძალისხმევისა გაემართლებინა და დაეცვა იგი, ნიკურაძე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

1934 წელს ბრესლაუს უნივერსიტეტმა ახალი კათედრისა და შესაბამისი ინსტიტუტის დაარსება გადაწყვიტა ჰიდრავლიკასა და გამოყენებით ჰიდროდინამიკაში სპეციალიტთა მოსამზადებლად. მეცნიერ-ხელმძღვანელის თანამდებობზე არჩევანი ივანე ნიკურაძეზე შეჩერდა. 1934-1945 წლებში იგი იყო ბრესლაუს უნივერსიტეტისა და უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის პროფესორი, 1945 წლიდან აახენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. მიმდინარე მეცნიერულ გამოკვლევებთან ერთად მან შექმნა I ტომი სახელმძღვანელოსი ჰიდროდინამიკაში "იდეალურ დინებათა მექანიკა" (მიუნხენ–ბერლინი, 1943 წ.). არსებობდა ამ ლექციების II და III ტომები ("სითხის მექანიკა" და "აეროდინამიკა").

ომისშემდგომ პერიოდში ივანე ნიკურაძე თავის უმცროს ძმასთან – ალექსანდრესთან ერთად აწარმოებდა ერთობლივ მეცნიერულ გამოკვლევებს ელექტრონული და იონური ტექნიკის ინსტიტუტში, პარალელურად მუშაობდა ჰიდროდინამიკის ისტორიაზე, რადგან ყოველთვის თვლიდა, რომ შეუძლებელია რაიმე არსებითი სიახლის მიღწევა, მთელი ჰიდროდინამიკის განვითარების ისტორიის გათვალისწინების გარეშე. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს ჯერ კიდევ 1942 წელს მიუნხენ–ბერლინში გამოქვეყნებული მისი საგანგებო შრომა, რომელშიც იგი იძლევა "სითხის მექანიკის" ასე ვთქვათ, მთელ გენეალოგიურ შტოს...

ამის გარდა, პროფესორი ი. ნიკურაძე, როგორც მიუნხენის ე. წ. "მაგისტრთა კოლეგიის" ერთ–ერთი დამაარსებელი, მონაწილეობას იღებდა მათემატიკის გაკვეთილების დამუშავებაში იმ სპეციალიზირებული სკოლებისათვის, სადაც მოსწავლეებს საგანგებოდ ამზადებდნენ შემდგომში საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში სამუშაოდ.

ივანე წარმატებით მუშაობდა აეროდინამიკაშიც, მიუნხენთან ახლოს მდებარე სოფელში. პასიონისტების მამათა მონასტრის სარდაფში იყო უზარმაზარი ლაბორატორია, სადაც იგი მუშაობდა საბრძოლო თვითმფრინავებისა და ატომური ბომბის აეროდინამიკაზე. მან თავის კვალი სამოქალაქო ინდუსტრიაშიც დატოვა, რადგან ივანე ნიკურაძის მოდელი "პორშეს" ფირმამ მიიღო. ცნობილი მოდელი – "911" მისი ნახაზებითაა გაკეთებული. 70-იან წლებში ევროპაში ცალლიანდაგიანი მატარებელი იყო, რომლის აეროდინამიკური თვალსაზრისი ივანე ნიკურაძის შემუშავებულია.

ივანე ნიკურაძის მეუღლე იყო გერმანელი – ჰილდე ემიგი. მასთან შეეძინა ვაჟი, რომელსაც ძმის საპატივცემულოდ ალექსანდრე დაარქვა.

ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ოჯახმა, გურამ შარაძის ხელით, 1989 წლის 27 ივნისს (შემოწირულობათა წიგნი N 653).

წყარო:

1. www.georoyal.ge/?MTID=5&TID=48&id=277 

2. diaspora.gov.ge/?p=2636

3. ქუთათელაძე, ზურაბ. ივანე ნიკურაძე (1894-1979) : მეცნიერი - ფიზიკოსი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია- თბ., 2011. - გვ.131.

4. ნიკურაძე ივანე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.151.


გააზიარე: