The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვარლამ ჩერქეზიშვილი

ვარლამ ჩერქეზიშვილი
სხვა სახელი:ჩერქეზოვი  (შემოკლებული ფორმა)
ვაზიანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1846
გარდაცვ. თარიღი:18 აგვისტო, 1925  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლონდონი, ინგლისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი 1846 წლის 15 სექტემბერს დაიბადა კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში. 1866 წელს შევიდა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში. სწავლის პერიოდში დაუახლოვდა მოსკოვის ახალგაზრდების რადიკალურ წრეებს, რომლებსაც მონარქიის მოსპობა და რუსეთის სოციალური გარდაქმნა სურდათ. იგი აქტიურად მონაწილეობდა იუშტინ–კარაკოზოვის საიდუმლო რევოლუციურ ორგანიზაციაში. 1866 წლის აპრილში 20 წლის ასაკში ვარლამ ჩერქეზიშვილი რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულაბაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, გაასამართლეს და 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის მოხდის შემდეგ ის კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ჩაება რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. 1867-1868 წლებში სტუდენტთა რევოლუციურ წრეს ხელმძღვანელობდა. 1869 წლიდან სერგეი ნეჩაევის რევოლუციური ორგანიზაციის – "ნაროდნაია რასპრავას" აქტიური წევრი ხდება. 1871 წელს ნეჩაეველთა გახმაურებულ პროცესზე გაასამართლეს და 5 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს, იგი ჯერ ტიუმენში გააგზავნეს ეტაპით, ხოლო შემდეგ ტომსკში. ხუთწლიანი გადასახლების ვადა ვარლამ ჩერქეზიშვილს 1876 წელს უმთავრდებოდა და ამის შემდეგ შეეძლო ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებას დაბრუნებოდა, მაგრამ რუსეთის თვითმპყრობელობასთან შერიგება მისთვის წარმოუდგენელი იყო. 1876 წლის 20 იანვარს იგი გადასახლებიდან გაიქცა და გეზი ევროპისკენ აიღო, იმავე წლის გაზაფხულზე ლონდონში ჩავიდა. აქედან დაიწყო ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრება...

ვარლამ ჩერქეზიშვილმა ემიგრაციაში ჩასლის პირველივე დღიდან დაიწყო საქართველოსა და აქ არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ წერა ჯერ რუსულ, ხოლო შემდეგ ევროპულ პრესაში. 1876 წლის შემოდგომაზე ჟურნალ "ვპერიოდში" აქვეყნებს ინფორმაციებს სვანეთში გლეხთა გამოსვლებისა და იქ მიმდინარე რეპრესიების შესახებ. 1878 წელს მისი ინფორმაციები საქართველოს შესახებ ქვეყნდება მეორე რუსულენოვან ჟურნალ "ობშიაკში", რომელიც ჟენევაში გამოდიოდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი მფარველობდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, საქართველოსაც ხშირად სტუმრობდა არალეგალური გზით. 1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის "ივერიის" ფურცლებზე დაიბეჭდა ლონდონიდან გამოგზავნილი წერილი სათაურით: "ხვნა–თესვისა და მეურნეობის საკითხი ინგლისში". წერილს ხელს აწერდა ვინმე "W. Vasiani". ამ დღიდან მოყოლებული 1893-1902 წლების "ივერიაში" ვარლამ ჩერქეზიშვილმა "ვაზიანის" ფსევდონიმით ასამდე სტატია თუ ფელეტონი გამოაქვეყნა. წერილები გაჯერებული იყო ანარქისტული და იმ დროისათვის მეტად პროგრესული იდეებით. აღსანიშნავია, რომ სწორედ მანვე დააკავშირა ილია ჭავჭავაძე და იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია მარჯორი უორდროპთან.

ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსათვის ვარლამ ჩერქეზიშვილი უპირველეს ყოვლისა ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ–ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვაბთან ერთად იგი მიეკუთვნებოდა მსოფლიო ანარქიზმის ელიტას. ვარლამ ჩერქეზიშვილის, ან როგორც მას იცნობდნენ – "ჩერქეზოვის" ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები, არსდებოდა ჟურნალ–გაზეთები და გამოცემები. 1877 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში და გახდა ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი აქტიური მოღვაწე. 1879 წელს მონაწილეობდა ევროპაში პირველი ანარქისტული გაზეთის "ლა რევოლტეს" გამოცემაში. 1882 წელს ლიონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ დაიწყო ყველაზე ცნობილი ევროპელი ანრქისტების დევნა საფრანგეთში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში. ბევრი მათგანი თითქმის ექვსი წლის მანძილზე სხვა სახელით იმალებოდა, ზოგიერთი ცნობით, "აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში".

1888 წლიდან ვარლამ ჩერქეზიშვილი იღებს მიწვევას თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის პეტრე კროპოტკინისაგან და სახლდება ლონდონში, ამიერიდან ისინი კვლავ უბრუნდებიან საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის წარმართვის პროცესს, რომელშიც ვარლამ ჩერქეზიშვილი უფრო პრაქტიკოსი–ორგანიზატორის როლს ასრულებდა. ქართველი მოღვაწის ნაწერები ხშირად ქვეყნდებოდა მსოფლიოს მრავალ ენაზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ორი ნაშრომი: "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან" და "ინტერნაციონალის წინამორბედები". ეს წიგნები თავდაპირველად 1896 წელს პარიზში და 1899 წელს ბრიუსელში გამოქვეყნდა ფრანგულად. შემდეგ კი ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, ჩინურ და იაპონურ ენებზე ითარგმნა. ამავე დროს ვარლამ ჩერქეზიშვილი არ წყვეტდა კავშირს სამშობლოსთან. მან დიდი დახმარება გაუწია არჩილ ჯორჯაძესა და მის თანამოაზრეებს 1903 წელს პარიზში გაზეთ "საქართველოსა" და მისი ფრანგული დამატების "La George"-ს გამოცემაში.

1904 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. ამ კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა აგრონომიულ საკითხზე და მხარი საქართველოს ავტონომიის იდეას დაუჭირა. რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს, ის საქართველოში ჩამოვიდა და ანარქისტებთან ერთად დაარსა გაზეთი "ნობათი" და "მუშა".

ვარლამ ჩერქეზიშვილმა იცოდა, რომ ევროპელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ საერთაშორისო–სამართლებრივ აქტებს. მან გადაწყვიტა მოემზადებინა სამართლებრივი დოკუმენტები, რომელსაც  ხელს მოაწერდნენ ქვეყნის ყველა ფენის წარმომადგენლები. ამ მიზნით 1906-1907 წლებში ის სამშობლოში ჩამოვიდა და ენერგიულ საქმიანობას შეუდგა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა "ქართველი ხალხის პეტიცია", რომელსაც 2000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს. იგი გაეგზავნა და წარედგინა ჰააგის მეორე სამშვიდობო კონფერენციას. ეს იყო პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელზედაც მართალია არ განხილულა, მაგრამ დაისვა და გახმაურდა – საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პრობლემა.

ანარქისტული მოძრაობის მოღვაწენი ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგნი იყვნენ. ვარლამ ჩერქეზიშვილი წარმოადგენდა იშვიათ გამონაკლისს, ვინაიდან თავდადებით იღწვოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. მისი პირველი წერილი გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დარღვევების შესახებ გამოქვეყნდა 1888 წელს ინგლისურ ჟურნალ "ტაიმში". 1895 წელს პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალში – "მეცხრამეტე საუკუნე" დაიბეჭდა ვარლამ ჩერქეზიშვილის ვრცელი სტატია: "საქართველოს ხელშეკრულებები რუსეთთან". ის ასაბუთებდა, რომ 1783 წელს საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასთან, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით საქართველოს უნარჩუნდებოდა სახელმწიფოებრიობა. 1801 წელს რუსეთმა უკანონოდა გააუქმა ქართული სახელმწიფო და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ ქართველ ხალხს ჰქონდა ისტორიული უფლება, რომ საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით – აღედგინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და მას უნდა ებრძოლა ამ მიმართულებით.

1910 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ–დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაში და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა.

1919 წელს პარიზში გამოქვეყნდა ვარლამ ჩერქეზიშვილის წიგნი ინგლისურ ენაზე – "საქართველო. მისი ტრადიციები და პოლიტიკური უფლებები". ამ ნაშრომში იგი დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე კვლავ წარსდგა, როგორც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამცველ–დამსაბუთებელი.

1918 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი სიხარულით დაბრუნდა სამშობლოში 40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან, იყო საქართველოს ეროვნული კრების წევრი ესერების პარტიიდან. მის თანამედროვეთა გადმოცემით: "1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები დამოუკიდებლ საქართველოს უტევდნენ, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად".

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ვარლამ ჩერქეზიშვილი საბოლოოდ გაიხიზნა. გარდაიცვალა 1925 წლის 18 აგვისტოს. დაკრძალეს ლონდონში (კ. მარქისი საფლავის სიახლოვეს).

წყარო:

1. ფერაძე, გოჩა. ვარლამ ჩერქეზიშვილი დიდი ბრიტანეთის წიგნსაცავებსა და არქივებში. - თბ., 2001. 

2. შველიძე, დიმიტრი. აი ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი! . - თბ., 2001.

3. ჩერქეზიშვილი ვარლამ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.196-197. 


გააზიარე: