The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ფელიქს ვარლამიშვილი

ფელიქს ვარლამიშვილი
სხვა სახელი:ვარლა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1986  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

"ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი"... – ეს სიტყვები დიდ ქართველ მხატვარს, ფელიქს ვარლამიშვილს ეკუთვნის, რომელიც დასავლეთის სამხატვრო სამყაროში "ვარლას" სახელით იყო ცნობილი.

დაიბადა ქუთაისში 1903 წელს ფინანსისტ გრიგოლ ვარლამიშვილისა და როზა ფალიაშვილის ოჯახში. დედის ნაადრევად გარდაცვალების გამო, ახალციხეში დეიდასთან იზრდებოდა. 1912 წელს ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა, 1920 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტია. 1922 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსებისთანავე ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში გადავიდა. აკადემიაში მისი პედაგოგები იყვნენ: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, ოსკარ შმერლინგი, ბორის ფოგელი, იოსებ შარლემანი. მისმა სტუდენტობისდროინდელმა ნამუშევრებმა როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში მაშინვე მიიქციეს საზოგადოების ყურადღება. 20-იან წლებში მისი ნამუშევრები გამოიფინა თბილისსა და ქუთაისში. 1927 წელს გამოიცა იუეთიმ გურჯის კრებული, რომლის ილუსტრაციები ახალგაზრდა მხატვარს ეკუთვნოდა.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფელიქს ვარლამიშვილმა თბილისში დაარსა საკუთარი სამხატვრო სკოლა. 1928 წელს აკადემიის თანაკურსელ ლუკა ხითარიშვილთან ერთად ცოდნის გასაღრმავებლად, საზღვარგარეთ გაემგზავრა. რამდენიმე თვე სტამბოლში გაატარა. 1929 წელს პარიზში ჩავიდა და მონპარნასზე დასახლდა.

პარიზში რამდენიმე წელი სიეჟელის ატელიეში მუშაობდა, სადაც ქმნიდა დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს. 1933 წელს მისი ნახატები პირველად გამოიფინა პარიზში "სპერანცას" გალერეაში. 1934 წელს ცოლად შეირთო წარმოშობით დანიელი მხატვარი ქალი – ზირე ბინდერი.

ფელიქს ვარლამიშვილმა უცხოეთში მეტად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე წლები განვლო. მიუხედავად ამისა მას არ დაუკარგავს თვითმყოფადობა და მის მხატვრულ შემოქმედებას ქართული თემატიკა ედო საფუძვლად. 1945 წლიდან ფელიქს ვარლა "ფრანგი მხატვარი" "შემოდგომის სალონის" საზოგადოების წევრი ხდება.

1948 წელს ცოლ–ქმარი არგენტინაში გაემგზავრა, სადაც ფელიქს ვარლას თავდაპირველად დეკორატიულ დარგში დაუწყია მუშაობა. ძირითადად ხატავდა პანოებს ხალიჩებისათვის, იმავდროულად მუშაობდა სურათების შექმნაზე. 1950 წელს ბუენოს–აირესში მოეწყო მისი გამოფენა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ბუენოს–აირესში ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ "მამულში" გამოქვეყნდა წერილი "ბ–ნ ფელიქს ვარლამიშვილის სამხატვრო გამოფენა". მიუხედავად წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა, ფელიქს ვარლა 1952 წელს პარიზში დაბრუნდა და მონპარნასზე, დაგერის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: პარიზის – 1933, 1947, 1959, 1976 წწ. ბუენოს–აირესის 1950, 1951 წწ. სან–ფრანცისკოს – 1959, 1960, 1961 წწ. დეტროიტის – 1963 წ. გამოფენები. აგრეთვე ნიუ–იორკის, ლოს–ანჟელესის, დალასის, ჰიუსტონის, ტოკიოს, ოსაკას, იოკოჰამას, ბრიუსელის, მონტე–კარლოს, თეირანის გამოფენები. ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრები ბევრი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული.

1986 წლის 6 თებერვალს ფელიქს ვარლამიშვილი პარიზში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

მხატვრის ერთგულმა მეუღლემ, ზირე ბინდერმა აღასრულა ფელიქს ვარლამიშვილის ანდერძი და მისი ათი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმს უსახსოვრა. 1987 წელს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენა.

თბილისში არის ფელიქს ვარლამიშვილის სახელობის ქუჩა. 


გააზიარე: