The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ვლადიმერ ახმეტელი

ვლადიმერ ახმეტელი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ახმეტელაშვილი
სხვა სახელი:შვარცი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1875
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1942  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბერლინი, გერმანია
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

"ეს კაცი მთელი თავისი ბუნებით არ იყო ემიგრანტი. ის ბოლომდე ორივე ფეხით მტკიცედ იდგა ქართულ მიწაზე და გადმოხვეწილობამ მას ფესვები მოუჭრა... დილით, სულ ადრე, ჩუმად წამოდგებოდა, თავისი ოთახიდან შეუმჩნევლად გამოვიდოდა სასადილოში, მიუჯდებოდა გრამაფონს, დააყენებდა დაბალ ხმაზე (ჩვენ რომ არ გავეღვიძებინეთ) და უკრავდა და უკრავდა კახურ "მრავალჟამიერს", "ურმულს"... შორიდან მორიდებით ვხედავდით მისი განიერი ბეჭების თრთოლვას და ვგრძნობდით, რომ ჩუმად ჰყრიდა ცრემლებს... და ასე სისხამ დილას შეუდგებოდა დიდ გლოვას საქართველოს ბედნიერების დაკარგვის გამო" – წერდა ლადო ახმეტელის შესახებ თამარ პაპავა "გაბნეულ საფლავებში"...

დამოუკიდებელი საქართველოს საგანგებო და სრულუფებიანი ელჩი გერმანიაში ვლადიმერ (ლადო) ახმეტელი 1875 წლის 10 მარტს დაიბადა სოფელ ანაგაში დეკანოზ გიორგი ახმეტელაშვილის მდიდარ და სტუმართმოყვარე ოჯახში. დაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სკოლაში მიიღო. 1892–1898 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1899 წლამდე თბილისში კერძო მასწავლებლობას ეწეოდა. 1899 წლის ზამთრის სემესტრში გერმანიაში ჩავიდა და ქ. ლაიფციგში ორი წელი დაჰყო "უმაღლეს სავაჭრო სკოლაში". 1901-1904 წლებში ლაიფციგისა და ჰალეს უნივერსიტეტებში ეუფლებოდა ეკონომიკის საფუძველბს. 1904 წელს ვლადიმერ ახმეტელმა ჰალეს უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "საქართველოს საშინაო ვაჭრობა", რომელიც იმავე წელს ქ. ჰალეში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა.

სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ვლადიმერ ახმეტელი გარდა თავისი სპეციალობისა, საკმაოდ ცნობილი გახდა სამწერლო და ჟურნალისტური მოღვაწეობით. ქართულ ჟურნალ–გაზეთებში "შვარცის" ფსევდონიმით ვრცელ სტატიებს აქვეყნებდა გერმანიის სოციალ–დემოკრატიისა და მუშათა მოძრაობის შესახებ.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველო მრავალმა სახელმწიფომ ცნო, მაგრამ საელჩოების გახსნა მარტო გერმანიამ და იტალიამ მოასწრო. გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვლადიმერ ახმეტელი დაინიშნა, რომელიც თავისი იდეურ–პოლიტიკური მსოფლმხედველობით სოციალ–დემოკრატი იყო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაც თავისი შემადგენლობით სოციალ–დემოკრატიული გახლდათ.

ბერლინში "ბრუკენ ალეეზე" მდებარე საქართველოს საელჩო სულ მალე, ვლადიმერ ახმეტელის წყალობით, ქართული კულტურის ცერნტრი გახდა. საელჩოში გამართულ ქართულ საღამოებს, სხდომებს, მოხსენებებს სხვადასხვა დარგში გერმანელები და უცხოელები ესწრებოდნენ. ეს დიდად უწყობდა ხელს ქართული კულტურის პროპაგანდას. ერთ–ერთი ასეთი გახმაურებული საღამო იყო ნიკო მარის მოხსენება ქართველი ქალის კულტზე საქართველოს ისტორიასა და მწერლობაში, "ვეფხისტყაოსანში".

1922 წლის 5 ნოემბერს დადებული რაპალოს ხელშეკრულებით გერმანიასა და საბჭოთა რუსეთს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა, ამიტომ გერმანიაში საქართველოს საელჩო გაუქმდა. ამის მიუხედავად ლადო ახმეტელმა საქართველოს უფლებების დასაცავად ბრძოლა მაინც განაგრძო. 1922 წელს ბერლინში დაარსდა ქართველთა სათვისტომო, რომლის წევრიც იყო ყოფილი ელჩი და თავისი კავშირებით დიდ დახმარებას უწევდა ოფიცალური წარმომადგენლობის გარეშე დარჩენილ ქართველებს და ახმაურებდა საქართველოს ოკუპაციის საკითხს. 1923 წლის 21-25 მაისს სოციალ-დემოკრატთა დელეგაციასთან ერთად ლადო ახმეტელი ესწრებოდა მუშათა სოციალისტური ინტერნაციონალის ჰამბურგის კონგრესს. კონგრესმა მიიღო დელეგაციის რეზოლუცია და საქართველოდან ჯარების გაყვანა მოითხოვა.

ვლადიმერ ახმეტელი ზრუნავდა როგორც ქართველ ემიგრანტებზე, ასევე გასაბჭოებულ საქართველოში დარჩენილ პატრიოტებზე. დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა არაერთი პატრიოტი დააპატიმრა და ციხეებში გამოამწყვდია. მეტეხის ციხეში დატუსაღებული 62 პოლიტიკური პატიმარი რუსეთში გადაასახლეს, სადაც მათ დახვრეტა ელოდათ. როგორც კი ეს ვლადიმერ ახმეტელმა შეიტყო, ბერლინში მყოფი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა და საბჭოთა ხელისუფლება აიძულა, ქართველი პოლიტპატიმრებისათვის, რომლებიც უკვე რუსეთში იყვნენ გადაგზავნილნი გერმანიაში წასვლის უფლება მიეცათ.

1929-33 წლებში გერმანიაში ქართველთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ამიტომ 1938 წლის ბოლოს გერმანიის ხელისუფლებამ მათთვის ალექსანდრე აფხაზის ხელმძღვანელობით "ქართული სათათბირო" დაარსა, რომელიც შემდეგ "კავკასიის სამმართველოდ" გადააკეთეს და სათავეში ვლადიმერ ახმეტელი ჩაუყენეს.

ვლადიმერ ახმეტელი მონაწილეობდა ბერლინის სათვისტომოს კულტურულ ცხოვრებაშიც. 1937 წელს ბერლინელი ქართველების მიერ გადახდილ ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეზე გრიგოლ დიასამიძესთან ერთად მოგონებებით გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

ემიგრაციაში ვლადიმერ ახმეტელი ოჯახს არ მოჰკიდებია, მთელი სიყვარული ლტოლვილ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე გადაჰქონდა. მეგობრობდა თამარ და აკაკი პაპავების ოჯახთან.

1942 წლის 12 აგვისტოს ვლადიმერ ახმეტელი მოულოდნელად გარდაიცვალა ბერლინის ერთი პატარა ბაღის სკამზე...

დაკრძალეს ბერლინის ერთ–ერთ სასაფლაოზე.

წყარო:

1. ახმეტელი ვლადიმერ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.28-29. 

2. შარაძე, გიორგივლადიმერ ახმეტელი // საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა / გ. შარაძე. - თბ., 2003. - გვ.236-240.

3. პაპავა, თამარძია ლადო : (ვლადიმერ ახმეტელის გარდაცვალებიდან ოცი წლისთავზე) // გაბნეული საფლავები / თ. პაპავა. - პარიზი, 1970. - გვ.21-32.


გააზიარე: