The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ლევან ზურაბიშვილი

ლევან ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:10 თებერვალი, 1975  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი და პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე ლევან ზურაბიშვილი ქუთაისში დაიბადა. ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი გახლდათ. დედა, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო. მამა – ივანე ზურაბიშვილი იურისტი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამმართველოს იურისკონსულტად. ამავე დროს, იყო ნაყოფიერი მწერალი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე.

პატარა ლევანმა სწავლა ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიაში დაიწყო და თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა. ზურაბიშვილების ოჯახში რუსული და ფრანგული ენების ცოდნა ძლიერ პატრიოტულ სულისკვეთებასთან იყო შეთავსებული. სწორედ ამიტომ ლევანი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც რუსული სკოლიდან ახალგახსნილ ქართულ სკოლაში გადაიყვანეს.

1921 წლის მარტიდან ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაშია. პირველ ხანებში სტამბოლში სახლდებიან. აქ ლევანი აგრძელებს სწავლას წმიდა მიხეილის კოლეჯში და იღებს საშუალო სკოლის ატესტატს – ბაკალორეას. 1924 წლიდან ზურაბიშვილები პარიზში გადავიდნენ. ლევანი სენტ–ბარბის განთქმულ მოსამზადებელ კოლეჯში შევიდა, 1928 წელს კი სამთამადნო–საინჟინრო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მას იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი ამის საშუალებას არ აძლევდა. 1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა – მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო, სამსახური "ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილება – "სიმკა–კრისლერში" დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი დაჰყო, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1971 წლიდან პენსიონერია და მთელ თავის ენერგიას ქართულ საქმეზე ზრუნვას ახმარს.

ლევან ზურაბიშვილი სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1928 წელს აირჩიეს საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარედ. 1928-29 წლებში ილამაზ დადეშკელიანთან და იოსებ კემულარიასთან ერთად დაარსა წმიდა ნინოს ქართული მართლმადიდებლური სამრევლო პარიზში. ამავე პერიოდში, ილამაზ დადეშკელიანთან, არჩილ ზურაბიშვილთან, პეტრე ჯაფარიძესა და გიორგი ჟურულთან ერთად აარსებს წმიდა ქეთევანის ქართულ ორთოდოქსალურ ძმობას, რომელიც დამტკიცებული იქნა მსოფლიო პატრიარქის მიერ. იყო ქართველ უმუშევართა დამხმარე კომიტეტის მდივანი (1930 წ.), "ქართველ ახალგაზრდათა წრის" ხელმძღვანელი (1934 წ.). ელისე პატარიძესთან ერთად დაარსა "ქართული ეროვნული ცენტრი".

ლევან ზურაბიშვილი ძალ–ღონეს არ იშურებდა ქართული ემიგრაციის გასაერთიანებლად, რასაც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით მენშევიკები. უხუცესი ქართველი ემიგრანტი პატრე ხვედელიძე 2008 წელს დაწერილ წერილში იხსენებს თავისი მეგობრის სწორ და დღევანდელი საქართველოს გადასახედიდან, სანატრელ პოზიციას: "არც ლევანი ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი, მან ქართულ ემიგრაციას ასეთი წინადადებით მიმართა – მოდით, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან ქიშპობის ნაცვლად გავერთიანდეთ, ერთად ვაკეთოთ ქართული საქმეო და შექმნა საზოგადოება "თავისუფალ ქართველთა კავშირი", რომლის წევრი მეც ვიყავი"... 1974 წლიდან ლევან ზურაბიშვილი "თავისუფალ ქართველთა კავშირის" მუდმივი თავმჯდომარე გახლდათ.

პეტრე ხვედელიძისა და ლევან ზურაბიშვილის მიმოწერა საფუძვლად დაედო ეპისტოლარული ჟანრის წიგნს – "პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით", რომელიც ქართული ემიგრაციის მეორე თაობის ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს მოიცავს. ლევანის ქალიშვილი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იგონებს: "თავიდან როცა მითხრეს ასეთი წიგნი კეთდებაო, ცოტათი ეჭვი შემეპარა, რომ ასეთი რიგითი ყოველდღიური წერილებით მამაჩემის სახე სრულად გამოჩნდებოდა, რომ წავიკითხე ჩემთვის უცნობი ეს წერილები, მივხვდი, რომ მთავარი იდო: ქვეყნისთვის თავდადება და უანგარო მსახურება". და მართლაც, საქართველოსადმი უანგარო მსახურება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იმედი იგრძნობა წიგნში შესულ თითქმის ყველა – 45–ივე წერილში.

ლევან ზურაბიშვილი იყო საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ჯერ 1949-51 წლებში, მერე 1961 წლიდან – სიკვდილამდე (ამ პოსტზე ელისე პატარიძ შეცვალა). 1949 წ. მან გამოაქვეყნა საქართველოს მოკლე ისტორია ფრანგულად. ეწეოდა აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას, თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებში. იყო "თავისუფლების ტრიბუნის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. მან ძმასთან, არჩილ ზურაბიშვილთან, ერთად გადამწყვეტი და მთავარი ადგილი დაიკავა 1973 წელს პარიზის წმიდა ნინოს ახალი ეკლესიის შეძენაში.

ლევან ზურაბიშვილის ცხოვრების თანამგზავრი იყო დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების მინისტრის მექი კედიას ასული – ზეინაბი. შეეძინათ ქალ–ვაჟი – ოთარი და სალომე.

ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში. "არც თაიგული. არც გვირგვინი. ვისაც ამის სურვილი აქვს, საბოძვარი გადაუგზავნოს წმიდა ნინოს ეკლესიის სამრევლოს" – ასეთი იყო მისი უკენასკნელი სურვილი.


გააზიარე: