The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სიმონ სალაგოვი

ოფიციალური სახელი:სიმონ სოლოღაშვილი
დაბადების თარიღი:1756
გარდაცვ. თარიღი:1820  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრის ნეკროპოლი, სანკტ–პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიაში მოღვაწე გენერალი სიმონ სოლოღაშვილი 1756 წელს თავად იორამ სოლოღაშვილის ოჯახში დაიბადა. სოლოღაშვილთა საგვარეულო ქვემო ქართლში XV საუკუნეში მესხეთიდან გადმოვიდა, სადაც მათ სათავადო ჩამოაყალიბეს და საუკუნეთა განმავლობაში ირიცხებოდნენ ქართულ წარჩინებულ საგავრეულოებს შორის. როგორ მოხვდა სიმონ სოლოღაშვილი რუსეთში დაზუსტებით არ ვიცით. საინტერესო ცნობაა დაცული ქართლ–კახეთის მეფის გიორგი XII–ის (1798-1800 წწ.) ისტორიკოს პლატონ იოსელიანის თხზულებაში. იგი თავად ზაზა იორამის ძე სოლოღაშვილის დახასიათებისას აღნიშნავს, რომ მისი ერთი ძმა "რუსეთის კარზე ცერემონმაისტერია". სავარაუდოა, რომ სიმონი სწორედ ქართველ მეფეს გაეგზავნა პეტერბურგში. რუსები ხშირად ქართულ სახელებსა და გვარებს თავის ყაიდაზე წერდნენ, ალბათ სიმონის მამის სახელი იორამი მათთვის უფრო გასაგები ივანეთი, ხოლო გვარი რუსული დაბოლოებით ამიტომ შეცვალეს. ასე გახდა სიმონ იორამის ძე სოლოღაშვილი – სიმონ ივანოვიჩ სალაგოვი.

საქართველოში დარჩენილმა ზაზა სოლოღაშვილმა სოფელ ბორბალოში კოშკი და სასახლე ააშენა, სადაც თავის ძმებთან – იასე, იოანე და იოსებთან ერთად ცხოვრობდა. იგი სათავადო სახლის უფროსი და კათოლიკოსის მოლარეთუხუცესი იყო. რუსეთში წასული სიმონი კი 1771 წლიდან სევსკის ქვეითთა პოლკში მსახურობდა, შემდეგ – ჩერნიგოვის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში გადაიყვანეს, მეფის მდივან თუმანიშვილების ერთ–ერთი წერილიდან ჩანს, რომ ზაზა სოლოღაშვილი თავის ძმასთან 1797 წელს ჩასულა პეტერბურგში.

სიმონ სალაგოვმა თავი გამოიჩინა 1787-1791 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომში, კერძოდ 1788 წელს ხოტინის ციხის ბრძოლის მონაწილე იყო. იგი ხოტინის ციხის ჩაბარების თაობაზე ოსმალ ჰასან ფაშასთან გააგზავნეს, რასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი.

1789 წლიდან პოლკოვნიკი სიმონ სალაგოვი კავკასიის არმიაში, შემდგომ კი სუმის მსუბუქ ცხენოსანთა პოლკში მსახურობდა. 1796 წლის 16 ივლისს მას გენერალ–მაიორის წოდება მიენიჭა. 1797 წლის 16 ივლისიდან 1798 წლის 22 აპრილამდე სმოლენსკის დრაგუნთა პოლკს ხელმძღვანელობდა, 1798 წლის 9 სექტემბრიდან 1800 წლის 12 იანვრამდე ლაიბგვარდიის ჰუსართა პოლკის მეთაურია.

სიმონ სალაგოვმა დიდი წვლილი შეიტანა რუსეთის იმპერიის სამხედრო იურისპუდენციის განვითარებაში. მან თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა აუდიტორული უწყება, რომელიც გახდა რუსეთის იმპერიის სამხედრო პროკურატურის წინამორბედი. სალაგოვის რჩევებს ითვალისწინებდა იმპერატორი პავლე I. 1800 წლიდან იგი თადარიგში იმყოფებოდა, იმავე წლიდან გარდაცვალებამდე სენატორი გახლდათ.

სიმონ სალაგოვი დაჯილდოებული იყო: წმინდა ალექსანდრე ნეველის, წმინდა ვლადიმერის მეოთხე და მეორე ხარისხის, წმინდა ანას პირველი ხარისხის (ალმასებიანი) ორდენებით და წმინდა იოანე იერუსალიმელის ორდენის (კომანდორთა) ჯვრით.

სიმონ სალაგოვი გარდაიცვალა 1820 წლის 4 თებერვალს, დაკრძალულია სანკტ–პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრის ნეკროპოლში, მეუღლის მართა ფიოდოროვნას გვერდით.

წყარო:

1. ბოშიშვილი, ალექსანდრე. სიმონ სოლოღასვილი - რუსეთში გადახვეწილი ქართველი გენერალი / ალექსანდრე ბოშიშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2012. - ISSN 2233-3643. - მარტი. - N 3 (15). - გვ. 26-27.


გააზიარე: