The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მერაბ კვიტაშვილი

მერაბ კვიტაშვილი
სხვა სახელი:ნიკო რაჭველი  (ფსევდონიმი)
ნიკოლას კეი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1991  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
კატეგორია:ინჟინერი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

სამთო ინჟინერი, დიდი ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკი და რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დირექტორი მერაბ კვიტაშვილი 1902 წლის 2 ივლისს დაიბადა რაჭაში, სოფელ ველევში. მამამ, სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილმა XIX საუკინის 80-იანი წლების ბოლოს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და იურისტის დიპლომით დაბრუნდა საქართველოში. დედა მართა (მათიკო) თავად პლატონ მიქელაძის ასული იყო. სიმონს და მართას ოთხი შვილი – ნინო, მერაბი, თამარი და ვახტანგი შეეძინათ. მალე სიმონი ბაქოში გადავიდა სამუშაოდ. ის აკაკი ხოშტარიას საზოგადოება "რუპენტოს" (Русско-персидское нефтияное товаричество) ხუთი დირექტორიდან ერთ–ერთი იყო. I მსოფლიო ომის წინ ბაქო მსოფლიო სანავთობე ინდუსტრიის ცენტრი იყო. იმ პერიოდში იქ თავი მოიყარეს ნავთობის ინდუსტრიის პირველხარისხოვანმა ქართველმა ფინანსისტებმა და იურისტებმა. სვიმონ კვიტაშვილი, მეუღლესთან ერთად, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1910 წელს ის იყო ბაქოში დაარსებული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გ. თაქთაქიშვილის მოადგილე, შედიოდა ამავე საზოგადოების სამეურნეო კომისიის შემადგენლობაში.

ბაქოში კვიტაშვილების ბავშვებს გუვერნანტები ასწავლიდნენ ფრანგულს და გერმანულს. 1918 წელს მერაბ კვიტაშვილი ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

1919 წელს კვიტაშვილების ოჯახი დროებით ლონდონში გადასახლდა და გვარად "კეი" მიიღო. მერაბი ჯერ ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ოქსფორდის ორუელის კოლეჯში ჩაირიცხა. სწავლის ფულს ის ინგლისური ფირმა იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ფირმამ დაფინანსება შეუწყვიტა, ამიტომ მერაბი ბირმინჰემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთამანდო ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა.

თავისი სპეციალობიდან გამომდინარე მერაბ კვიტაშვილი მუშაობდა ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში. II მსოფლიო ომმა აფრიკაში, განაში (ოქროს ნაპირი) მოუსწრო, სადაც ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. მერაბმა მაშინვე ბრიტანეთის ქვეშევრდომობა მიიღო და მოხალისედ ჩაირიცხა ინგლისის არმიაში. დაამთავრა ოფიცერთა და სამხედრო–საინფორმაციო სკოლა. ჩრდილოეთ აფრიკაში ორი წელი შტაბშიც მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებშიც იღებდა მონაწილეობას, რამდენჯერმე მსუბუქად დაიჭრა. 1942 წელს კი სერიოზული ჭრილობა მიიღო თავის არეში და დროებით მხედველობა დაკარგა. კონტრდაზვერვის ოფიცრად იყო ლიბიაში, ირანში, იმოგზაურა ფერეიდანში და დიდი ფოტო, ფონო და ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა. მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით. მიღებული აქვს მრავალი საბრძოლო მედალი, სიგელი, ჯილდო.

1942 წლის შემოდგომაზე, როდესაც გერმანელები ამიერაკვკასიას მიუახლოვდნენ მოკავშირეთა წინაშე გერმანიის წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვის საკითხი დადგა. მერაბ კვიტაშვილი წერდა: "დიდი ბრიტანეთის სარდლობა საგონებელში ჩავარდა. გასარკვევი გახდა ის პრობლემა, თუ რა მოხდებოდა კავკასიაში გერმანელების ჯარების შემოსვლის შემთხვევაში. დაიწყებოდა პარტიზანული ბრძოლები გერმანიის წინააღმდეგ, როგორც ეს დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში, თუ კავკასიელები გულთბილად შეხვდებოდნენ გერმანელებს?! ამ საკითხზე ინფორმაციის მოკრების მიზნით დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ინგლისის არმიაში მომსახურე კავკასიური წარმოშობის სამხედრო თანამშრომლებს დაგვირიგა 16 პუნქტისგან შემდგარი ანკეტა. მე დავწერე ვრცელი პასუხი. ჩემი პასუხის მთავარი მიზანი იყო, დამერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის სარდლობა, რომ ჯერ ერთი, კავკასია არ იყო მთლიანი მონოლითი და მეორეც ის, რომ სახელმწიფოებრიობის მატარებელი კავკასიის ერები, კერძოდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმ სახელმწიფოს დაუჭერდნენ მხარს, რომელიც დაასწრებდა ამ ხალხებისათვის რუსების მიერ წართმეული პოლიტიკური თავისუფლების შეთავაზებას. აღვნიშნე, რომ გერმანიის არმიასთან კავკასიელთა და, კერძოდ ქართველების თანამშრომლობა გამოწვეულია არა ფაშიზმისადმი, როგორც იდეოლოგიისადმი მათი სიმპათიით (თუ სიმპათია–ანტიპათიაზე მიდგა საქმე, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ტრადიციები გამორიცხავდა ფაშიზმისადმი თანაგრძნობას), არამედ სამშობლოს განთავისუფლების მიზნით".

მერაბ კვიტაშვილის პასუხები ინგლისელებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. გაითვალისწინეს მისი სამხედრო კარიერა, საინჟინრო განათლება, რუსული, ქართული და სპარსული ენების ცოდნა და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. "მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!" – დაინტერესებულა ჩერჩილი. მალე მერაბი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა სსრკ–ს საკითხებში. 1943 წლის ნოემბერში კი თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. 

თავის "მემუარებში" მერაბ კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას, თუ როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა, და რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. ერთ დღეს მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ბერიამ უკვე იცოდა, ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. შემდგომში ორჯერ მოუწყო ბერიამ კვიტაშვილს თავდასხმა და სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. საბოლოოდ, სპარსეთში ბრიტანეთის ელჩმა და სამხედრო ატაშემ საბჭოთა საელჩოს პასუხიმგებელ წარმომადგენლებს მკაცრად და არაორაზროვნად მოსთხოვეს თავი დაენებებინათ ნიკოლას კეისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს საბჭოთა აგენტებმა მისი თვალთვალი.

მერაბ კვიტაშვილის "მემუარებში" მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე თეირანში: "ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები – დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი... მათ შორის იყო ერთი ქართველი – სტალინი–ჯუღაშვილი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო... გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან... მთელი იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიო ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასდროს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც ყველას თუა არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელს და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც"... – ეს ვრცელი ამონარიდი გვიჩვენებს თუ რა როლი დააკისრა II მსოფლიო ომის ამ ეტაპზე ბედმა სამ ქართველს.

ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1952 წელს ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" რედაქციაში მიიწვია. მუშაობდა ფსევდინიმით "ნიკო რაჭველი". იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" კორესპონდენტი. 1963 წელს მერაბი "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა.

1951 წელს მერაბ კვიტაშვილი პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. შეეძინათ ორი ქალიშვილი – ელისო და მერი. ელისომ კაროლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ეკონომიკის დოქტორი გახდა, მერიმ ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ისინი აშშ ცხოვრობენ.

მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა.

წყარო:

1. კვიტაშვილი მერაბ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.121-122. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. დაუშვილი, რუსუდანქართველი სამხედრო მოღვაწეები ევროპისა ქვეყნებისა და ამერიკის არმიებში / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - ISBN 978-9941-9265-5-6. - გვ.128-163.

3. დაუშვილი, რუსუდანამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან : რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 66-70.

4. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : მერაბ კვიტაშვილი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 129-131.

5. დაუშვილი, რუსუდანერეკლე ორბელიანი და მერაბ კვიტაშვილი - რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ორი დირექტორი / რუსუდან დაუშვილი // ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ლიტერატურული ურთიერთობები : ამერიკის შესწავლის საკითხისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები / ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საგარეო ურთიერთობათა და განვითარების განუოფილება, ამერიკის შესწავლის ცენტრი. - ქუთაისი, 2004. - გვ. 147-160. - რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

 


გააზიარე: