The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ხახანაშვილი

ალექსანდრე ხახანაშვილი
სხვა სახელი:ალექსანდრე ხახანოვი  (შემოკლებული ფორმა)
ს. პავლიაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1864
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 1912  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ხახანაშვილი დაიბადა 1864 (ზოგი მონაცემით 1866) წელს. 1884 წელს დაამთავრა ტფილისის გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1888 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს პროფესორობისთვის მოსამზადებლად. 1889 წლიდან პრივატ–დოცნეტის ხარისხში კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში, ხოლო 1900 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. იყო სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი: "მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების" წევრ–კორესპონდენტი (1888 წლიდან), ამავე საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899 წლიდან), "რუსეთის ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების" წევრი (1901 წლიდან), "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" ნამდვილი წევრი (1907 წლიდან), "რუსული სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების" წევრი (1909 წლიდან). მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთასორისო კონგრესების მუშაობაში ჟენევასა (1894 წ.) და პარიზში (1897 წ.). მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში ჩამოყალიბდა "ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება".

ალექსანდრე ხახანაშვილი იკვლევდა ძველი და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიას, მის სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს. ქართულ ფეოდალიზმს სწავლობდა რუსულ და ევროპულ ფეოდალიზმთან მიმართებაში. გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცამდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის საკითხებზე – ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ის გამოსცემდა და თარგმნიდა უცხო ენებზე ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს. 1900 წ. პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა ალექსანდრე ხახანაშვილის "საქართველოს ისტორია". ქართულ დიპლომატიკაში განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებულები: "გურჯები" (საიტორიო მასალა, ქუთაისი, 1891 წ.) და "ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები" (1893 წ.).

ალექსანდრე ხახანაშვილმა შექმნა ქართული ლიტერატურის ისტორიის პირველი სისტემური კურსი (უძველესი დროიდან XIX საუკუნის ჩათვლით) ნაშრომით "Очерки по истории грузинской словестности" 4 ტომად (1895-1907), რითაც ქართული მწერლობის მონაპოვარი მსოფლიო სარბიელზე გაიტანა. დიდია მისი წვლილი ქართული ხალხური სიტყვიერების კვლევა–ძიებისა და გამოცემის საქმეში. ქართულ სიძველეთა შესწავლისა და თავმოყრის მიზნით მან ბევრი იმოგზაურა როგორც საქართველოში, ასევე იტლიაში, ინგლისში, საფრანგეთში. მისი ინიციატივით გამოქვეყნდა ქართული ზღაპრები ორ წიგნად (1902, 1904 წწ.). მან პირველმა გამოსცა "შუშანიკის წამება" ("Материалы по грузинской агиологии", Москва, 1910 г.); ბალავარიანი (1902 წ); "ბაგრატ ტავრომენელის ცხოვრება" ("Труды по востоковедению Лазарского института", Москва, 1904 г. Вып. XIX); "ნიკოდომოსის აპოკრიფული სახარება" ("Древности Восточные". т. III, вып. I, 1904 г.); ეფთვიმე ათონელის "მცირე რჯულის კანონი" ("Древности Восточные". т. II, вып. 3. 1903 г.); იოანე მმარხველის კანონები (Москва, 1902 г. ზაოზერსკისთან ერთად) და სხვა. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ ხელნაწერთა მოპოვებისა და შესწავლის საქმეში. 1902 წ. მეცნიერმა იმოგზაურა ათონზე და იქ დაცული ბიბლიის ხელნაწერის შესახებ მოხსენება წაიკითხა არქეოლოგთა XII ყრილობაზე ხარკოვში 1903 წელს (იმავე წელს დაიბეჭდა "საღვთისმეტყველო მოამბეში"). მან აღწერა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები (ჟურნალი "მოამბე". 1905 წ. N8). ალექსანდრე ხახანაშვილმა სვანეთში, სოფელ იფარში ნახა ცნობილი ჰაემეტი პალიმფსესტი, რომლის მოკლე აღწერილობა გამოაქვეყნა მოსკოვში 1904 წელს. მის სახელთანაა დაკავშირებული აგრეთვე ხანმეტი "მრავალთავი". მას დამსახურება მიუძღვის ადიშის ოთხთავის ფოტოტიპიური გამოცემის მომზადებაშიც, რომელიც განახორციელა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოებამ. გამოცემის ხელმძღვანელობა თავდაპირველად ევალებოდა ალექსანდრე ხახანაშვილს, მაგრამ იგი ნაადრევად გარდაიცვალა და წამოწყებული საქმე 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დაამთავრა.

1913 წელს დავით კასრაძემ ლექციაზე, რომელიც მიუძღვნა ალექსანდრე ხახანაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მისი შემოქმედების ერთი მხარე გააშუქა – "თანამედროვე ქართულ პოეზიაში რიტორიკული ლექსები არ არსებობდა და ამ მიზნით დაიწყო მან ლექსების წერაო" (ჟურნალი კლდე", 1913 წ. N 8). ლექსებს აქვეყნებდა ფსევდონიმით ს. პავლიაშვილი. ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული აქვს სამი ლექსი "კვალში". ხოლო ქუთაისში გამომავალ გაზეთ "კოლხიდაში", 1911 წელს მან  დაბეჭდა ლექსი "პატრა ცემი". თავისი სახელით – ა. ხახანაშვილი. ეს ლექსი "კოლხიდამ" კვლავ დაბეჭდა მეცნიერის გარდაცვალებისა და საქართველოში ჩამოსვენების დღეებში ("კოლხიდა" 1912 წ. N 142). მის ერთ–ერთ ლექსში ასახულია ავტორის განცდები სამშობლოდან შორს ყოფნის გამო.

ალექსანდრე ხახანაშვილი დაავადებული იყო ჭლექით. გარდაიცვალა 1912 წელს. დაკრაძლულია თბილისში, მეცნიერი პირადი არქივი 1967 წლის 25 მაისიდან ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი ფონდი 882 საარქივო საქმეს შეიცავს.

წყარო:

1. გოზალიშვილი, შალვაალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი // ახალი ქართული ლიტერატურის საკითხები / შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი. - თბილისი, 1969. - გვ. 194-228.

2. გურგენიძე, ვახტანგ.ალექსანდრე ხახანაშვილი // წმინდა მარიამის წილხვედრ ქვეყანაში : წ. 2 / ვახტანგ გურგენიძე. - თბილისი, 1997. - გვ. 135-148.

3.  იმნაიშვილი, ვახტანგალექსანდრე ხახანაშვილი // არდავიწყება მოყვრისა : (ქართველ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური მემკვიდრეობიდან) / ვახტანგ იმნაიშვილი. - თბილისი, 2006. - ISBN 99940-62-29-8. - გვ. 84-113.

4. მგალობლიშვილი, სოფრომალექსანდრე ხახანაშვილი // მოგონებანი / სოფრომ მგალობლიშვილი. - თბილისი, 1938. - გვ. 228-232; 268.

5. შამილაძე, ვახტანგალექსანდრე ხახანაშვილი. 1864-1912 წწ. // ქართველ და უცხოელ მოგზაურ-მკვლევართა ეთნოლოგიური ცნობები კავკასიის ხალხების შესახებ : უძველესი დროიდან XIX ს. დასასრულამდე / ვახტანგ შამილაძე. - თბილისი, 2001. - ISBN 99928-812-1-6. - გვ. 193-19.


გააზიარე: