The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ელენე ჩერქეზიშვილი

ელენე ჩერქეზიშვილი
სხვა სახელი:ელი ჩერი  (შემოკლებული ფორმა)
ელი ჩეროვა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1884  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:195?
დაკრძალვის ადგილი:პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

"ქართველი დუნკანი" უწოდეს ევროპაში ელი ჩეროვას, რომელიც თავის ორიგინალურ პლასტიკურ ცეკვებში შესანიშნავად იყენებდა ქართულ მუსიკას. დაიბადა კახეთის სოფელ თოხლიაურში, სამსახურიდან გადამდგარი პორუჩიკის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ოჯახში. 6 წლისაც არ იყო მამა რომ გარდაეცვალა. დარდმა და მძიმე ჯაფამ დედის ჯანმრთელობაზე იმოქმედა და ისიც ახალგაზრდა, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა (1905 წ.). ადრე დაობლებულმა საოცრად ლამაზმა და მკვირცხლმა გოგონამ მშობლიური კახეთი დატოვა და უმცროს ძმასთან ერთად თბილისს მიაშურა. დედათა ინსტიტუტდამთავრებული ელენე იმ დროს ცნობილ ლისენკოს პანსიონში მოეწყო აღმზრდელად. შემდეგ მუშაობა დაიწყო ქალაქის მმართველობის კანცელარიაში, სოციალიზმით გატაცებულმა ელენეს ძმამ, გოგიმ, მატერიალური გაჭირვების მიუხედავად მათი კუთვნილი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ დაურიგა. მისი საქციელით  აღშფოთებულმა მემამულეებმა თოხლიაურში ეგზეკუცია ჩააყენეს. გლეხები იმდენად შეწუხდენენ, რომ ჩუქების ნაცვლად და–ძმას მიწების მიყიდვას შეევედრნენ. ასეც მოიქცნენ, მთელი მამული და კარ–მიდამო იაფად გაყიდეს. აღებული მცირე თანხა გოგის გიმნაზიისა და უნივერსიტეტის დამთავრებაში დაეხმარა, ხოლო ელენეს არტისტული კარიერისთვის გამოადგა.

1906 წლის 12 ოქტომბერს მშობლიურ სცენაზე ვანო სარაჯიშვილის დებიუტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელენე ჩერქეზიშვილზე და ბიძგი მისცა, სერიოზულად ეფიქრა თეატრში მოღვაწეობაზე. საქველმოქმედო დრამატულ სპექტაკლებში ბავშვობიდან მონაწილეობდა, იმპროვიზაციაც ეხერხებოდა და ცეკვაც. სწორედ ამ დროს თბილისს ეწვია ბალერინა აისედორა დუნკანი. მისი ჯადოსნური პლასტიკით დატყვევებულმა ელენემ გადაწყვიტა მასავით ეცეკვა და ემოძრავა. დაგროვილი მცირე თანხით 1909 წელს მოსკოვს გაემგზავრა, კნიპერ–რაბენეკის პლასტიკის სკოლაში მოეწყო და თავისი ორიგინალური საცეკვაო კომპოზიციებით პედაგოგთა ყურადღება მიიპყრო. ორი წლის შემდეგ ამ სკოლის აღზრდილმა ელენე მარიშევამ ჩამოაყალიბა ანტიკური საგუნდო ცეკვის დასი. ელენე ჩერქეზიშვილმა ამ დასთან ერთად საგასტროლოდ იმოგზაურა რუსეთის მთელ იმპერიაში და 1911 წლის მაისში თბილისსაც ეწვია. კონცერტის შემდეგ გაზეთი "თემი" წერდა: "ჩერქეზიშვილის ასულმა ცეკვის ისეთი ნიჭი გამოიჩინა, რომ მას უკვე დაარქვეს "ქართველი დუნკანი"... გასაკვირი ის არის, რომ ჩერქეზიშვილის ქალმა მხოლოდ ეს ერთი წელიწადია, რაც დაიწყო სცენაზე ცეკვა და უკვე სახელი მოიხვეჭა". (1911, 16 მაისი).

კავკასიასა და სამხრეთ რუსეთში გასტროლების შემდეგ, 1912 წელს ელენემ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგელი ქართველების მიერ ხელმოკლე სტუდენტთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაში, კოტე ფოცხვერაშვილის სიმფონიურ ესკიზში ჩართულმა მისმა პლასტიკურმა ნომერმა საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. კონცერტისადმი მიძღვნილ სტატიაში რეცენზენტი წერდა: "ჩერქეზიშვილის მიერ შექმნილმა ცეკვამ გვიჩვენა, რომ მომავალში შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქორეოგრაფიის ამ პირველი მერცხალით" ("ზაკავკაზიე", 1912, 1 მაისი).

პირველმა აღტაცებამ რომ გაიარა, ელენე ჩერქეზიშვილის ხელოვნების დადებით შეფასებასთან ერთად პრესაში აქა–იქ საყვედურიც გაჩნდა: მისი ცეკვა გრაციას არ არის მოკლებული, მარგამ ქართული ხასიათი სრულებით არა აქვსო. მითითებული ნაკლის გამოსასწორებლად ელენე გულმოდგინედ შეუდგა ქართული მითების, სიმღერების, რიტუალების დამუშავებას და ძალიან მალე თავისი საცეკვაო რეპერტუარი გაამდიდრა ხალხის ზნე–ჩვეულებების, კულტურისა და ყოფაცხოვრების გამომსახველი სცენებით. მისი ცეკვა ერის სულიერი მდგომარეობის გამომხატველი პანტომიმა იყო, რასაც ქართული ყოფის ამსახველი იმიტაციით აღწევდა. ქართული მუსიკის მელოდიიდან და რითმებიდან აღმოცენებული მისი სახასიათო ცეკვების ეშხი და სილამაზე აჯადოებდა ყველას, თითოეულ მელოდიას მხატვრულ სახედ წარმოადგენდა და ეს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა არა მარტო რუსეთში, არამედ საფრანგეთსა და ინდოეთშიც კი. მაგალითად, ქართველ დედას "იავნანით" განასახიერებდა, ახალგაზრდა კეკლუც ქალს – "ცანგალა და გოგონათი", სამშობლოზე დარდსა და ნათესავების ნახვის ნატვრას "გაფრინდი, შავო მერცხალოთი" გამოხატავდა. ამბობდნენ "საჭიდაოს" რითმები ყოველთვის ელოს კონცერტის ზენიტი იყოო. ბიჭად გადაცმული და საჭიდაო ჩოხაში გამოწყობილი სცენაზე განსაცვიფრებელ ილეთებს ასრულებდა.

1912 წელს ელენე ჩერქეზიშვილი ბელგიაში გაემგზავრა. ეს მისი პირველი გასვლა იყო საზღვარგარეთ, ასრულებდა აღმოსავლურ, სლავურ და კლასიკურ ცეკვებს. გერმანიის ქალაქ ჰანოვერში პოლ ჟორჟთან ერთად მონაწილეობდა სპექტაკლში "თავადის აღზრდა" და ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ჰანოვერის "თეატრ ვარიეტეს" დირექტორ გეორგს მთელი სეზონით უნდოდა დაეტოვებინა, ელენემ უარი უთხრა, რადგან მას პარიზი ელოდა. პარიზში თეატრ "იმპერიალის" დირექტორმა პოლ ფრანკმა მიიწვია 1913 წელს, გაცნობამ წარმატებით ჩაიარა, გახარებული ელო თავის თბილისელ მეგობარს ატყობინებდა: "პირველ რეპეტიციაზე "იმპერიალის" დირექტორის წინ მე ისე კარგად ვითამაშე, რომ მაშინათვე იმან კონტრაქტზე ხელი მომაწერინა. ჯერჯეობით ჩემი საქმე მშვენივრად მიდის".

პარიზული პერიოდის მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოსვლები ყველაზე მოდურ ელისეის თეატრ "ფემინეში", რომელიც ხუთშაბათობით იმართებოდა. "აღელვებული ვიდექი და რიგს ველოდებოდი", – იგონებდა შემდეგში ელო, – "და ბოლოს შემომესმა კოფერანსიეს ხმა, რომელიც ჩემს ცეკვას კავკასიონის მთებზე ასვლას უკავშირებდა, სცენისკენ მიბიძგეს. ისე გამიტაცა ჩაიკოვსკის მუსიკაში ჩვენი "იავნანას" მელოდიამ, რომ მეგონა ხელში მართლა მეჭირა ბავშვი, რომელსაც ნანას ვუმღეროდი, ვეთამაშებოდი და გაღვიძების შიშით ფეხის თითებზე დავსრიალებდი. მქუხარე ტაში არ ცხრებოდა, მაყურებელს ბისზე გამუდმებით გავყავდი. სპექტაკლის შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფი "იავნანას" უსტვენდა.

პარიზულ პრესაში ბევრს წერდნენ ელენე ჩერქეზიშვილის ორიგინალური ქორეოგრაფიული სპექტაკლების გამო. ჟურნალი "ლა მონდ ილუსტრე" ფრანგებს მოუწოდებდა: "ყოველი მხატვარი, მოქანდაკე, ნამდვილი არტისტი უთუოდ წავა ნახოს და ტაში დაუკრას დიდებულ მოცეკვავე ქალს – ელი ჩეროვას, ყველა, ვისაც უყვარს მიმიკა და პლასტიკური ხელოვნება"...

ელენე ინგლისსა და ამერიკაშიც მიიწვიეს საგასტროლოდ, მაგრამ მოულოდნელად გათხოვდა პეტერბურგელ მსხვილ კომერსანტზე, პარიზში დასახლდა და სცენა სამუდამოდ მიატოვა. მისი შემდგომი ცხოვრების გზა ჩვენთვის უცნობია, ვიცით, რომ 1957 წელს უკვე ხანდაზმულ ასაკში დაესწრო პარიზში გამართულ სუხიშვილების ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის კონცერტებს. თუ რა გრძნობები აღუძრა ამ სანახაობამ მისივე წერილიდან ვიგებთ: "1914 წელს, აქ სცენაზე მეც ხომ ვაჩვენებდი "აბა მოდი ვიჭიდაოთ" და ერთი სკულპტორი ჩემს პოზებს ძერწავდა. წარსულის მოგონება არ მიყვარს და სისულელეცაა, მაგრამ უნებლიეთ გამეღიმა, როდესაც "ჭიდაობას" და "ბურთაობას" ვუყურებდი. მთავარია, ის რომ სცენაზე ნამდვილი ზეიმი სუფევს და შეუძლებელია "ბრავო" არ თქვა... თქვენმა მოცეკვავეებმა საუცხოო მოსაგონარი დატოვეს, თავი ეჭირათ საუკეთესოდ, უბრალოდ და ყოველთვის კარგ ხასიათზე იყვნენ. ხოლო მათი წამოსვლის შემდეგ ქართველთა ახალგაზრდა თაობამ დედ–მამისგან მშობლიურ ენაზე ლაპარაკი მოითხოვა".

ელენე ჩერქეზიშვილის სახელი სამშობლოს არ დავიწყებია. ხანმოკლე მოღვაწეობის მიუხედავად მისი სახელი დარჩება იმ ქართველ ხელოვანთა შორის, რომლებიც ქართულ კულტურას ღირსეულად აცნობდნენ უცხოელებს.


გააზიარე: