The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე სუმბათაშვილი

ალექსანდრე სუმბათაშვილი
სხვა სახელი:იუჟინი  (ფსევდონიმი)
სოლცევი  (ფსევდონიმი)
სუმბატოვი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1857
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1927  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი

ბიოგრაფია

მსახიობი, დრამატურგი და თეატრის თეორეტიკოსი ალექსანდრე სუმბათაშვილი დაბადა 1857 წლის 4(16) სექტემბერს სოფელ კუკუევკაში (ეფრემოვის მაზრა, ტულის გუბერნია). ბავშვობა გაატარა სოფელ მურავლევკაში, დედის მამულში. მისი მამა – კავალერიის ოფიცერი თავადი ივანე ალექსანდრეს ძე აქ სამხედრო სამსახურში იყო გამწესებული და აქვე დაოჯახდა. ცოლად შეირთო ვარვარა ნედზვედსკაია (მამით პოლონელი, დედით რუსი), ფრიად განათლებული ახალგაზრდა ქალი. ივანეს გამზრდელი ბებია, კნეინა სოფიო ბაგრატიონ–მუხრანელი, ერეკლე II–ის პირდაპირი შთამომავალი იყო. 

1863 წელს ივანე სუმბათაშვილი სამხედრო სამსახურიდან გადადგა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. დასახლდნენ თბილისთან ახლოს, თელეთში, მემკვიდრეობით მიღებულ მამულში. ზაფხულს იქ ატარებდნენ, ზამთრობით კი თბილისში ქირაობდნენ ბინას. ივანე სამოქალაქო სამსახურში ჩადგა. დედა ბავშვების განათლებაზე ზრუნავდა. სწორედ მან ჩაუნერგა პატარა ალექსანდრეს ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარული. მათი სტუმართმოყვარე სახლი ძალიან მალე იქცა თბილისში ცნობილ კულტურულ კერად, სადაც თავს იყრიდა თბილისის მოწინავე საზოგადოება. 

ალექსანდრე სუმბათაშვილი საქართველოში ცხოვრობდა 1863-1877 წლებში. დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია. 1877-1881 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდშივე დაიწყო მოყვარულთა სცენაზე გამოსვლა იუჟინის ფსევდონიმით. პეტერბურგის კლუბებში თამაში უსახსრობის გამო დაიწყო. დიდი მონდომებით მუშაობდა, თუმცა ანაზღაურება სახარბიელო არ იყო. თანდათანობით პოპულარობა მოიხვეჭა და როგორც თვითონ იგონებს ბიოგრაფიულ შენიშვნებში – „1880–81 წლების სეზონში უკვე პირველი საკლუბო აქტიორი ვიყავი და ვიღებდი უმაღლეს ხელფასს (10 მანეთს თითო გამოსვლაში) და ბენეფისს“. 

პეტერბურგშივე მოჰკიდა ალექსანდრე სუმბათაშვილმა ხელი მწერლობასაც. მისი, როგორც დრამატურგის დებიუტი შედგა 1877 წელს. ეკუთვნის ოცამდე პიესა: "ცხოვრების უფლებები" (1877, დაკარგულია), "მეხამრიდი" (1878. 1885 წ. ვლადიმერ ნემიროვიჩ–დანჩენკოსთან ერთად გადააკეთა პიესად "შევარდნები და ყორნები"). 1879 წელსვე დაწერა დრამა „ბნელი ძალები“, რომელიც 1881 წლის 1 ოქტომბერს წარმოადგინეს მოსკოვის მცირე თეატრის სცენაზე სახელწოდებით – „ფოთლები შრიალებენ“. მის პიესებში რომანტიკული პათოსი ერწყმის ჭეშმარიტ რეალიზმს. პიესათა ძირითადი ნაწილი სოციალურ პრობლემატიკას ეძღვნება: "საუკუნის ასული" (1880), "სახელგანთქმული კაცის მეუღლე" (1884), "ჯაჭვები" (1886), "მზის ჩასვლა" (1889) და სხვა. დრამატურგმა მძაფრად გააკრიტიკა თავადაზნაურული და ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებანი: "ჯენტლმენი" (1897), "ირინეს თემი" (1901), "ბადე" (1905), "ბელადები" (1907). ავტორია ისტორიული დრამებისა: "მეფე იოანე IV" (ლექსად, 1884), "ძველი წრთობა" (1895) და სხვა. მისი ესთეტიკური შეხედულებანი განსაკუთრებით გამოვლინდა პიესაში – "რაფაელი" (1927). 

პროფესიულ სცენაზე სუმბათაშვილ–იუჟინი პირველად გამოვიდა თბილისში , 1876 წელს, სოლცევის ფსევდონიმით, შემდეგ არაერთხელ ყოფილა გასტროლებზე საქართველოში მცირე თეატრის დასთან ერთად. 1882 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა მოსკოვის მცირე თეატრში. 1909 წლიდან იყო დასის მმართველი, 1918 - სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე, 1919 - დირექციის თავმჯდომარე, 1923 წლიდან - დირექტორი, 1926-იდან - საპატიო დირექტორი. აგრეთვე, იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, პეტერბურგის  ალექსანდრას და მოსკოვის სამხატვრო თეატრების საპატიო წევრი იყო.     

ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესები ითარგმნა და დაიდგა ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, ჩეხურ, სერბიულ, სომხურ ენებზე. ქართულად ითარგმნება 1889 წლიდან (მთარგმნელები: ა. წერეთელი, ვ. გუნია, კ. მესხი, ა. ახნაზაროვი, გრ. ყიფშიძე, გ. თუთბერიძე, ნ. ავალიშვილი). 

ცნობილმა რუსმა კრიტიკოსმა ა. კუგელმა სუმბათაშვილს „კავკასიის რაინდი“ უწოდა. იგი მგზნებარე ტემპერამენტის, ფართო დიაპაზონის, ტრაგიკული პლანის რომანტიკოსი მსახიობი იყო. ასრულებდა როგორც სახასიათო, ასევე კომედიურ როლებს. თეატრის დანიშნულებად მიაჩნდა სიკეთის, სილამაზის, ზნეობრიობის დამკვიდრება. ნათამაშევი აქვს 255 როლი. მეტყველების ნამდვილი დიდოსტატი იყო. იმდენად ფართო დიაპაზონის ხმა ჰქონდა, რომ სხვადასხვა როლში სხვადასხვა რეგისტრს იყენებდა – ტენორს, ბარიტონს, ბანს. მისი ბანი შალიაპინის შემდეგ მეორედ ითვლებოდა. როლებიდან აღსანიშნავია: დიუნუა, მარკიზი პოზა, მორტიმერი  (შილერის "ორლეანელი ქალწული", "დონ კარლოსი","მარიამ სტიუარტი"); მაკბეტი, რიჩარდ III, იაგო, ოტელო, ჰამლეტი  (შექსპირის „მაკბეტი“, "რიჩარდ III", "ოტელო", "ჰამლეტი"); ჩაცკი, ფამუსოვი (გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"); კარლოს V, რუი ბლაზი (ჰიუგოს "ერნანი", "რუი ბლაზი"); ურიელი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ეგმონტი (გოეთეს "ეგმონტი"), ლორდი კაკერშამი (უაილდის "იდეალური ქმარი"), ფიგარო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"),  ტელიატევი (ოსტროვსკის "ცოფიანი ფულები") და სხვა.

რუსულ–პოლონურ ატმოსფეროში გაზრდილი მსახიობი ქართულ ლიტერატურულ ენას ვერ ფლობდა. ბავშვობისას მშობლიურ სოფელ თელეთსა და თბილისში ნასწავლი „ქართულ–ყარაჩოხული“ ენით თეატრის სცენიდან ლაპარაკი და მით უფრო მხატვრული ლიტერატურის წერა კი საჩოთიროდ მიაჩნდა. თუმცა ახლობლებთან ქართულად საუბრობდა და წერილებშიც ხშირად ჩაურთავდა ქართულ სიტყვებს. პრესაში ხშირად საყვედურობდნენ, რომ „რუსეთს შესწირა ნიჭიც და შრომაც“, რომ მისი სახელი „უფრო რუსეთს ამშვენებს, ვიდრე საქართველოს“. ამ ბრალდებებს ერთ–ერთ პუბლიკაციაში გულნატკენი მწერალი ასე პასუხობს: „არის ავადმყოფობა, რომელსაც არავითარი წამალი არ მიეკარება – ეს არის წუხილი სამშობლოზე. ყოველ პატიოსან კაცს ერთი რწმენა აქვს და ეს რწმუნება არის მამულის სამსახური... არის განა ქვეყანაში ისეთი დამახინჯებული ვინმე, რომელსაც ეთქვა:  მე არ მიყვარს ჩემი სამშობლო,  მე არ მესმის მამულისათვის ჭმუნვა,  მე არ მინდა იმის სამსახური?! და თუ ასეთი ხალხი შესაძლებელნი არიან, ნუთუ მეც იმათ ვეკუთვნი? და თუ ეგრე იქნებოდა, ვიქნებოდი-ღა ღირსი ადამიანის სახელის ტარებისა?“ („დროება“, 1880, N198). 

თავის სამშობლოს მიუძღვნა ალექსანდრე სუმბათაშვილმა ისტორიული დრამა "ღალატი" (1903), რომელიც ერთგვარი ნოსტალგიაა საქართველოს გმირულ წარსულზე. პიესისთვის მასალის შეგროვებას თითქმის მეოთხედი საუკუნე მოანდომა. წლების მანძილზე სწავლობდა სპარსულ, თურქულ, არაბულ ისტორიულ წყაროებს. პიესის შესავალი მშობელი ხალხის, მისი ისტორიის ისეთი პატივისცემითაა განმსჭვალული, რომ ნათლად გვიჩვენებს ამ დიდი მოღვაწის ჭეშმარიტ მამულიშვილობას. „ღალატი“ ქართულად სხვადასხვა დროს თარგმნეს გრ. ყიფშიძემ, კოტე მესხმა, აკაკი წერეთელმა, ნიკო ავალიშვილმა. ამ პიესამ დროს გაუძლო და დღესაც იდგმება სხვადასხვა თეატრების სცენებზე.  

ქართველი მოწინავე ინტელიგენციის აზრი „ღალატის“ შესახებ კარგად ჩანს კოტე მესხის გამოსვლაში ალ. სუმბათაშვილის 25 წლის სასცენო მოღვაწეობისადმი მიძღვნილ საღამოზე: „შენ გაშორდი სამშობლო საქართველოს, შენ, როგორც მსახიობმა, უღალატე სამშობლო სცენას, როგორც მწერალმა – მშობლიურ ენას, მაგრამ ჩვენ არ გკიცხავთ ამისათვის, რადგან შენი ღალატი „ღალატითვე“ გამოისყიდე“,  – ამ სიტყვებით მიმართა მან დრამატურგს.    

1907 წელს ინჟინერ ივანე თულაშვილის თაოსნობით დაარსდა „მოსკოვის ქართველთა საზოგადოება“. 1909 წელს შესდგა საზოგადოების ახალი გამგეობა, რომლის თავმჯდომარედ ალექსანდრე სუმბათაშვილი აირჩიეს. გამგეობა შედგებოდა ხუთი წევრისგან,  რომლებსაც ხმათა უმრავლესობით ირჩევდა საერთო კრება 3 წლის ვადით. გამგეობის ყველა წევრი ერთნაირი უფლებებით სარგებლობდა. ყოველი წლის დასაწყისში ირჩევდნენ თავმჯდომარეს,  მოადგილეს და ხაზინადარს. სუმბათაშვილმა თავისი ავტორიტეტითა და დაუზარელი შრომით  დიდი ღვაწლი დასდო ამ საზოგადოებას. მან მოახერხა მოსკოვში მცხოვრებ ქართველთა კონსოლიდაცია და ფინანსების მობილიზება. საღამო–კონცერტებიდან შემოსული თანხითა და შემოწირულობით კი ეხმარებოდნენ ხელმოკლე სტუდენტებს. ამ შეხვედრებზე ხშირად კითხულობდნენ ქართველ პოეტთა რუსულ თარგმანებს. თვით სუმბათაშვილს ერთ–ერთ საღამოზე წაუკითხავს ვაჟა–ფშაველას ლექსი ჯერ ქართულად და მერე რუსულად. აქ 1913 წელს მოეწყო ბრწყინვალე შეხვედრები აკაკი წერეთელთან და ეკატერინე გაბაშვილთან. საღამოებში მონაწილეობდნენ ქართული გუნდები ზაქარია ფალიაშვილისა და დიმიმიტრი არაყიშვილის მონაწილეობით, ცნობილი რუსი მსხიობები კითხულობდნენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“. სუმბათაშვილის თაოსნობით 1915 წლიდან შემოიღეს საღამოები „ქართული ჩაის“ სახელწოდებით, რომელსაც დიასახლისობდა მისი მეუღლე ბარონესა მარია კორფი. აქ პირველად გაიცნეს რუსებმა გალაკტიონი, ვერიკო ანჯაფარიძე, კონსტანტინე ბალმონტმა წაიკითხა ლექცია რუსთაველის შესახებ. არ ივიწყებდნენ  ქართველ კომპოზიტორთა ახალ ნაწარმოებებსაც.

ალექსანდრე სუმბათაშვილს დიდ პატივს სცემდნენ ცნობილი ქართველი მოღვაწეები, ყოველი მისი თბილისში ჩამოსვლა თუ გასტროლი დღესასწაულის სახეს იღებდა. რუსული და ქართული კულტურების ზეიმად იქცა 1923 წელს ოპერის თეატრში გამართული საიუბილეო საღამო – მსახიობის სასცენო მოღვაწეობის 45 წლისთავი.

1922 წელს ალექსანდრე სუმბათაშვილმა, პირველმა მამაკაც მსახიობებს შორის (მ. ერმოლოვას შემდეგ),  დაიმსახურა რუსეთის სახალხო არტისტის წოდება. იგი გახლდათ კავალერი მრავალი ორდენისა, მათ შორის საფრანგეთისა და სერბიის უმაღლესი ჯილდოებისა.  

ალექსანდრე სუმბათაშვილ–იუჟინი გარდაიცვალა 1927 წლის 17 სექტემბერს, საფრანგეთში (ჟუან–დე–პენი, ნიცის მახლობლად).დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. 

წყარო:

1. ჩხიკვიშვილი, დავით. ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი. - თბ. 1986. - 629გვ.

2. ბუხნიკაშვილი, . ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი. - თბ., 1948. - 111გვ.

3. სიგუა, . ალექსანდრე სუმბათაშვილი და საზოგადოება "უღელი" : [დაარსებული ციურიხში. 1873 წ.] / ა. სიგუა // საბჭოთა ხელოვნება. - 1984. - N12. - გვ.48-51.

4. ქუთათელაძე, ზურაბ. ალექსანდრე სუმბათოვ-იუჟინი (1857-1927) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია. - თბ., 2011. - გვ.156.

5. მუმლაძე, დალი. ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი (1857-2927) // ქართული დრამატურგიის ისტორია : სახელმძღვანელო. ტ. 1 / დ. მუმლაძე, თ. ქუთათელაძე. - თბილისი, 2015. - გვ. 272-285

6. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_სუმბათაშვილ-იუჟინი 

 

 


გააზიარე: