The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელენე გლურჯიძე

ელენე გლურჯიძე
დაბადების თარიღი:1974  (50 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

ელენე გლურჯიძე დაიბადა თბილისში 1974 წელს. შვიდი წლის ასაკში დედამ ხელოვნების სკოლაში მიიყვანა, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნება უნდა შეესწავლა. საგამოცდო კომისიის წევრების გამოცდილ თვალს არ გამოპარვია ელენეს განსაკუთრებული საბალეტო მონაცემები და იგი საბალეტო კლასში ჩარიცხეს. ათი წლისა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მსმენელია. ორი წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მის ნიჭს უფრო ფართო ასპარეზი სჭირდებოდა. ელენე გლურჯიძე ერთ–ერთ ინტერვიუში იხსენებს: "ვგრძნობდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, ვიცოდი, გაცილებით მეტისთვის ვიყავი დაბადებული. საბოლოოდ ჩემმა დაჟინებულმა თხოვნამ და ჩემი ბალეტის პედაგოგების რჩევამ გაჭრა და მშობლები სანკტ–პეტერბურგში, ვაგანოვას სახელობის ბალეტის აკადემიაში გაშვებაზე დავითანხმეთ (1992 წლის გამოშვება). ასე აღმოვჩნდი მსიოფლიო ბალეტის ცენტრში".

ელენე გლურჯიძის პროფესიული ზრდის საუკეთესო ეტაპმა სერგეი დიაგილევის სახელობის "რუსული ბალეტის" დასში გაიარა. 2002 წელს ქართველმა ბალერინამ დასი დატოვა, რასაც ასე ხსნის: "რუსული ბალეტი" ჩემი პროფესიული ჩამოყალიბების პროცესის ერთ–ერთი ეტაპი იყო, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მივხვდი, რომ იქ ფართო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობები შეზღუდული მქონდა, მე კი სწორედ ეს მსურდა. მოულოდნელად მივიღე მოწვევა ინგლისის ეროვნული ბალეტიდან, სადაც ახალი რეპერტუარი დგებოდა. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, ჩემთვის უცნობ გარემოში წავსულიყავი. თავიდან ძალიან გამიჭირდა ახალ სამუშაო სტილთან და გარემოსთან შეგუება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ წინ საინტერესო მომავალი მელოდა. ინგლისის ნაციონალური ბალეტი ბრიტანეთში ერთ–ერთი წამყვანი დასია და ბედნიერი ვარ, რომ მის წარმატებაში ჩემი როლი მაქვს შესრულებული".

ინგლისის ნაციონალური ბალეტის დასში მოხვედრას ელენე გლურჯიძე მამის, ლევან გლურჯიძის მცდელობასაც უმადლის. როდესაც ბალერინამ "რუსული ბალეტიდან" წამოსვლა გადაწყვიტა, მამამ მისი ცეკვის ჩანაწერები მსოფლიოს რამდენიმე წამყვან თეატრში გაგზავნა. პირველი პასუხი სწორედ ინგლისის ნაციონალური ბალეტის დასიდან მოვიდა, რომლის მაშინდელ სამხატვრო ხელმძღვანელს მატს სკუგს უკვე ნანახი ჰქონდა ელენეს გამოსვლები ახალ ზელანდიასა და პარიზში, ამიტომ მაშინვე სინჯებზე მიიწვიეს და მალე კონტრაქტიც შედგა.

ელენე გლურჯიძე ინგლისის ნაციონალური ბალეტის წევრი 2002 წლიდანაა, 2007 წლიდან კი პრიმას სტატუსს ატარებს. მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები ბალეტებში: "ჟიზელი", "დონ კიხოტი", მძინარე მზეთუნახავი", "მანონი". გლურჯიძის კარიერის გამორჩეული ეტაპია ბოსას პარტია მაიკლ კორდერის "თოვლის დედოფალში" და ვირჯინია "კანტერვილის აჩრდილში". თავიდან ელენე წამყვანი მოცეკვავის სტატუსს ატარებდა (ინგლისურად ამ საფეხურს Principal Dancer-ს უწოდებენ), 2007 წელს "წამყვანი მოცეკვავეები" ორ ჯგუფად დაჰყვეს: Principal Dancers და Senior Principal Dancers. ქართველ ბალერინას სწორედ ეს უკანასკნელი წოდება მიენიჭა, არც ერთი კონკურსიდან ჯილდოს გარეშე არ დაბრუნებულა: მოსკოვი – ბრინჯაოს მედალი (1996 წ.), პარიზი – პირველი ადგილი (1998 წ.), პერმი – საუკეთესო პარტნიორი (2002 წ.). ვებ–გვერდ Balet. co.uk გამოკითხვაში – ინგლისის სცენაზე გამოსული საუკეთესო ბალერინა: 2006 წელი – მეორე ადგილი, 2007 და 2008 წლები – პირველი ადგილი, 2009 წელი – "საუკეთესო ბალერინა".

ელენე თბილისს ხშირად სტუმრობს, 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც. საბალეტო წარმოდგენების ერთგულ მაყურებელს ახსოვს ძალიან ახალგაზრდაც ჟიზელის როლში, როდესაც ახალი დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის საბალეტო სასწავლებელი. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ტექნიკითა და დახვეწილობით. დროთა განმავლობაში კი ჩამოყალობდა, როგორც უაღრესად ემოციური და არტისტული მსახიობი. ყველაფერთან ერთად ელენე გლურჯიძე ხშირად ირჩევს იშვიათ, არცთუ პოპულარულ როლებს და წარმატებით ართმევს თავს ამ სარისკო ამოცანას.

ბალეტის პარალელურად ელენე გლურჯიძე აქტიურადაა ჩაბმული ხელოვნების სხვა სფეროებშიც. იგი მონაწილეობდა ქეთი მელუას სიმღერის "მხოლოდ ტკივილი" ვიდეო რგოლში. SKY ARTS-მა გადაიღო 10 წუთიანი ფილმი  Ballet Russes-ს დადგმებთან დაკავშირებით, სადაც დროის დიდი ნაწილი ელნესთან ინტერვიუს ეთმობა. 2008 წელს კი, "ბი–ბის–ის" მხატვრულ–დოკუმენტურ მრავალსერიან ფილმში "იმპრესიონისტები" მხატვარ დეგას მუზა – ბალერინა განასახიერა.

ელენე გლურჯიძის მეუღლე, კახა აბაშიძე დისნეი–ტელევიზიის ევროპული განყოფილების ვიცე–პრეზიდენტია. ჰყავთ ვაჟი – სნდრო.

სამიოდე წლის წინ ელენეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მის მიერ ინგლისის ნაციონალური ბალეტის დასის "გედების ტბასა" და "მანონში" მთავარი პარტიების ბრწყინვალე შესრულებამ განაპირობა ლეგენდალური მოდის სახლის "შანელის" კრეატიული დირექტორის არჩევანი - 2009 წელს, ნაციონალური ბალეტის საიუბილეო წლისთვის, კარლ ლაგერფელდმა შექმნა "მომაკვდავი გედის" ექსკლუზიური და მართლაც განუმეორებელი კაბა, რომელშიც ცეკვის უფლება მხოლოდ ქართველ ბალერინას აქვს. ეს გახლავთ 2500 ბუმბულისგან შეკერილი ულამაზესი კაბა, რომლითაც ბალერინამ ლონდონის Sadler's Wells-ის თეატრში გამართულ "რუსული სეზონების" 100 წლის საიუბილეო კონცერტებზე იცეკვა. კაბა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, მასზე "შანელის" სახლის სამი თანამშრომელი 100 საათის მანძილზე მუშაობდა. უმსუბუქესი გედის ბუმბულით ხელით შექმნილ კაბაზე ელენე ემოციის გარეშე ვერ საუბრობს: "კოსტიუმი ბალერინას სხეულის ნაწილი ხდება ცეკვის დროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გაცვია. ასე რომ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია". "მომაკვდავი გედი" ამის შემდეგ ბევრჯერ იცეკვა – კონსერვატიული პარტიის ყრილობაზე, სადაც ერთადერთი მოწვეული არაპოლიტიკოსი იყო, სამხატვრო გამოფენის გახსნაზე, "ბი–ბი–სი"–ის მიერ გადაღებულ ფილმში. ეს კაბა დარჩება კომპანიაში, შემდეგ მუზემში, მაგრამ ელენე გლურჯიძის გარდა, მისი ჩაცმის უფლება არავის აქვს.

წყარო:

1. ნადარეიშვილი, ლარისაქართული ბალეტის ახალი ვარსკვლავები : [საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ბალერინი დათო მახათელი (აშშ) და ბალერინა ელენე გლურჯიძე (პეტერბურგი). შემოქმედებითი ცხოვრება] / ლარისა ნადარეიშვილი // თეატრი და ცხოვრება. - , 1999. - N3. - გვ.54-58.

2. შალიკაშვილი, მარიკაქართველი პრიმა ლონდონიდან / მარიკა შალიკაშვილი // Arabesque=არაბესკი : ჟურნალი ბალეტზე. - თბილისი, 2011. - N2 (17). - გვ.20-21. - სტუმარი. - პარალელური ტექსტი ინგლ. ენ.

3. ალექსიშვილი, გიოინგლისის ნაციონალური ბალეტის ქართველი პრიმა-ბალერინა = Georgian Prima Ballerina with the English National Ballet / გიო ალექსიშვილი ; ფოტო: დარია კლიმენტოვა, პატრიკ ბოლდვინი, დანიელ ჯონსი // მუდმივი კავშირის სამყარო. - თბილისი, 2013. - N1(57). - გვ.32-40. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

4. მაღლაკელიძე, ქეთევან"მინდა, სცენას ღირსეულად ჩამოვშორდე" = "I want to leave the stage gracefully / ქეთევან მაღლაკელიძე // სახე(ლ)ები = Faces & Names : პუბლიცისტური ენციკლოპედია / საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები". - თბილისი, 2012. - ISSN 1987-7978. - წლის ისტორია. - გვ.310-313. - ტექსტ. ქართ. და ინგლ. ენაზე.


გააზიარე: