The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ კვინიხიძე

დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1889
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1968  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

ქართველები პოლონეთის მიწაზე XIX საუკუნეში გამოჩნდნენ, მაშინ როდესაც პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ქართველების უმეტეს ნაწილს სამხედროები და მოხელეები წარმოადგენდნენ, იყვნენ ასევე ვაჭრები, მეწარმეები, სტუდენტები. მათი უმრავლესობა თავს ვარშავაში იყრიდა, რომლიც ადმინისტრაციულ, სამხედრო და განათლების ცენტრს წარმოადგენდა. ქართველები ცხოვრობდნენ პოზნანშიც, ერთ–ერთი მათგანი იყო ნიკოლოზ კვინიხიძე. მის ბიოგრაფიას Wilekopolsji Slownik Biografiezny-დან ვგებულობთ.

ნიკოლოზის მამა ვლადიმერ კვინიხიძე წარმოშობით ქუთაისიდან ყოფილა. იგი მეფის არმიაში მსახურობდა. ოჯახი ჯერ ვიტებსკში ცხოვრობდა, მაგრამ მალე კიევში დამკვიდრებულან. ნიკოლოზი კიევის უნივერსიტეტის მათემატიკურ–საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1910 წელს სტუდენტთა დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. რამდენიმე წელი ვოლოგდის გუბერნიაში იყო გადასახლებული. კიევში 1913 წელს დაბრუნდა და სწავლა სახელმწიფო სავაჭრო ინსტიტუტში გააგრძელა, პირველმა მსოფლიო ომმა სწავლის დამთავრების საშუალება არ მისცა. ომის დასრულების შემდეგ დენიკინის თეთრ არმიაში შესულა ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.

1920 წელს ნიკოლოზ კვინიხიძე პოლონეთში პოზნანთან ახლოს იყო ინტერნირებული. ამავე ბანაკში მან გაიცნო ცნობილი პოლონელი პროფესორი ფელიქს ტერლიკოვსკი, რომელიც ამ დროს პოზნანის უნივერსიტეტში აგრარული ფაკულტეტის დაარსებას აპირებდა. მათი საუბრების შედეგად ნიკოლოზი აგრარული მეცნიერებით დაინტერესდა და მალე პროფ. ტერლიკოვსკის ასისტეტად დაიწყო მუშაობა, ცოდნის სრულყოფის მიზნით უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტზეც ისმენდა ლექციებს. მას გარკვეულ სიძნელეებს უქმნიდა პოლონური ენის სუსტი ცოდნა, მაგრამ ლინგვისტური ნიჭის წყალობით მოკლე ხანში დასძლია ეს სირთულე და საკმაოდ კარგად ისწავლა პოლონური, პოზნანის უნივერსიტეტი 1922 წელს მექანიზატორის სპეციალობით დაასრულა. ნ. კვინიხიძეს დიდი წარმატება მოუტანა ფელიქს ტერილივსკის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ნიადაგების შესწავლის სამუშაოებმა ველკოპოლსკიში და პოლონეთის ჩრდილოეთ რეგიონებში. 1933 წლის მარტში მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1939 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დამთვარებამდე პოზნანის უნივერსიტეტმა შეწყვიტა მუშაობა. ომის შემდეგ პერიოდში ნიკილოზ კვინიხიძემ დაარეგულირა თავისი სამოქალაქო მდგომარეობა. კერძოდ, 1950 წელს იგი პოლონეთის მოქალაქე გახდა, მიუხედავად ამისა ყველა დოკუმენტში ეროვნების გრაფის გასწვრივ იგი ყოველთვის "ქართველს" წერდა.სამეცნიერო კვლევების განახლების შემდეგ, 1951 წლიდან, ბატონი ნიკოლოზი პოზნანის უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგის მოადგილედ მუშაობდა, შემდგომ ამ კათედრის ბაზაზე დაარსდა პოზნანის სოფლის მეურნეობის უმაღლესი სკოლა, რომელიც 1972 წელს სოფლის მეურნეობის აკადემიად გადაკეთდა. 1951 წელს მისი მონაწილეობით შედგენილი პოლონეთის ნაკადების რუკა სახელმწიფო ორდენით დაჯილდოვდა. მალე ნიკოლოზ კვინიხიძე ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგედ დაინიშნა, პროფესორის წოდებით. იგი ამ თანამდებობას პენსიაზე გასვლამდე იკავებდა: კითხულობდა ლექციებს, ბეჭდავდა სტატიებს, გამოსცა მონოგრაფიები, ნიადაგმცოდნეობის ახლი რუკა და ა. შ. მეცნიერული თუ პრაქტიკული საქმიანობა არც პენსიაზე გასვლის სემდეგ შეუწყვეტია. აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, იყო რამდენიმე ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი.

ნიკოლოზ კვინიხიძე 1968 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. იგი პოზნანშია დაკრძალული. ორი დიდი ნიადაგმცოდნის – პოლონელი ფელიქს ტერლიკოვსკისა და  ქართველი ნიკოლოზ კვინიხიძის ღვაწლი სათანადოდ დააფასა პოლონეთის მთავრობამ, პოზნანის მეურნეობის აკადემიის ეზოში დგას მარმარილოს ქვა, რომელთა წარწერებიც ამ მეცნიერთა დამსახურებას ახსენებს შთამომავლობას.

წყარო:

1. ნიკოლოზ კვინიხიძე // გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები : კრებული / შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და სხვ.; სამეცნ. რედ.: არჩილ ფრანგიშვილი / იბეჭდება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. - თბ., 2012. - გვ. 90.


გააზიარე: