The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გივი კობახიძე

გივი კობახიძე
სხვა სახელი:გ. ხერგაისძე
გ. მახვილაძე  (ფსევდონიმი)
გივი შაორელი  (ფსევდონიმი)
გორდა მახვილაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1991  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
კატეგორია:ექიმი, მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

გივი კობახიძე 1919 წ. თბილისში დაიბადა ბუღალტერ ალექსანდრე კობახიძისა და ანა ენუქიძის ოჯახში. მამამისი წარმოშობით რაჭიდან იყო. მიუხედავად თბილისში ცხოვრებისა, მის ოჯახს მშობლიურ კუთხესთან კავშირი გაწყვეტილი არ ჰქონია და ზაფხულობით ხშირად სტუმრობდა ხოლმე მას. გივი კობახიძემ 1936 წელს თბილისის 26-ე საცდელ-საჩვენებელი სკოლა დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1941 წლის ივნისში დაასრულა. 20 ივნისს ბოლო სახელმწიფო გამოცდა ჩააბარა, 7 ივლისს კი II მსოფლიო ომში გაიწვიეს. იმავე წლის სექტემბერში დაჭრილი გივი კობახიძე პერეისლავთან გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ორი წელი უმძიმეს პირობებში მყოფი თვითონ ტყვე, ტყვეებს მკურნალობდა.

1943 წლის სექტემბერში, ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა გერმანიაში უცხოელთათვის განკუთვნილ კლინიკაში. კალისტრატე სალიას დახმარებით, ჩააბარა ბერლინის უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში.

ომის დამთავრების შემდეგ, გივი კობახიძე მიუნხენში დასახლდა. დაქორწინდა უკრაინელ მარია ტოკარევაზე (ზოგი წყაროს მიხედვით მარია კრიჩევსკიზე). მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მიხაკო წერეთელთან და მის ოჯახთან.

ემიგრაციაში გივი კობახიძე აქტიურ საზოგადოებრივ და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. 1943 წელს ბერლინში დაარსდა ეროვნული კომიტეტის ჟურნალი "ქართველი ერი", რომლის მესამე და მეოთხე ნომრებში გ. ხერგაისძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გივი კობახიძის სტატია "ხმა დასახვრეტთა საკნითგან". სტატიაში ასახულია მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. ავტორი ეყრდნობა ქუთაისელი სტუდენტის მოგონებებს, რომელმაც თავი დააღწია საპატიმროს ჯურღმულებს და გივი კობახიძეს 1937 წელს თბილისში უამბო მწერლის მკვლელობის ამბავი.

გრიგოლ რობაქიძემ, კალისტრატე სალიამ, მიხაკო წერეთელმა და გივი კობახიძემ 1948 წელს დაარსეს ჟურნალი "ბედი ქართლისა". მათი მიზანი იყო ჟურნალის საშუალებით საზღვარგარეთ გაფანტული ქართველების გაერთიანება.

1949 წელს გივი კობახიძე მეუღლესთან ერთად აშშ გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკაში სხვადასხვა დარგში მოღვაწეობდა, ასწავლი ქართულ ენას. მის მოსწავლეებს შორის იყო კავკასიოლოგი და ისტორიკოსი დეივიდ ლენგი, რომელიც გივი კობახიძეს "მოძღვარს" ეძახდა. 1952 წელს აშშ-ში ივანე ნანუაშვილის, ალექსანდრე სულხანიშვილის, გივი კობახიძის და სხვათა ძალისხმევით დაარსდა "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო". ორგანიზაციის მიზანი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და ამ საკითხით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესება. საბჭოს მიერ გამოცემულ საინფორმაციო გაზეთს"ცნობის ფურცელსა" (გამოდიოდა 1953-1954 წლებში)და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ჟურნალ"ჩვენ გზას" (გამოდიოდა 1953-1961 წლებში) გივი კობახიძე რედაქტორობდა.

1955 წლის დეკემბერში ნიუ–იორკში გივი კობახიძემ გამოსცა გაზეთ "ქართველი ერის" პირველი ნომერი. ეს იყო შტატებში სტამბური წესით გამოქვეყნებული პირველი ქართული გაზეთი. გამოიცა მხოლოდ ერთი ნომერი, რომელშიც დაიბეჭდა გივი კობახიძის მეცნიერულ–ლიტერატურული და პოლიტიკური ხასიათის წერილები, გამოკვლევები, ლექსები და მოთხრობაც კი.

ორი წლის შემდეგ 1957 წელს ნიუ–იორკშივე ქართულ ენაზე დაიბეჭდა მაღალი პოლიგრაფიული დონის (ცარცის ქაღალდი), შავ–თეთრ ყდაში ჩასმული ალმანახი "კრებული" – რედაქტორ  გამომცემელი გივი კობახიძე. "კრებულის" თემატიკა მრავალფეროვანი იყო – პოეზია, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, ხელოვნება, მემუარები, კრიტიკა და ბიბლიოგრაფია. საინტერესოა "კრებულში" გამოქვეყნებული გივი კობახიძის წერილები: "50 წელი ილიას მკვლელობიდან", "ხრესილის ომი", "ახალი დოკუმენტები დიასამიძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის". 1957 წელსვე მან უცხოელებისათვის გამოსცა ქართული ენის სასწავლო წიგნი.

60-იანი წლებიდან გივი კობახიძე თანამშრომლობს ევროპაში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ პრესასთან: "კავკასიონი", "თავისუფლების ტრიბუნა", "გუშაგი". იყო ამერიკის ისტორიული საზოგადოების, ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის, ამერიკის გეოგრაფიული ეროვნული საზოგადოების "სმითსონიანის" (სამუზეუმო და კვლევითი ცენტრი), ჯონს ჰოპკინსის სახელობის მედიცინის ისტორიის ინსტიტუტის და სხვა საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრი. იყო ნიუ–იორკის ფორდამის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ–ერთი აღმდგენი. 1958 წელს გახდა ფორდამის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო ჟურნალის საედაქციო კოლეგიის წევრი. წლების მანძილზე "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის რედაქტორად მუშაობდა.

გივი კობახიძე 1991 წელს ვაშინგტონში გარდაიცვალა. იგი ქართული ემიგრაციის მემატიანე გახლდათ და შემოგვინახა დიდძალი დოკუმენტური მასალა ქართველ ემიგრანტთა ცხოვრების შესახებ.

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ოთარ"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს" ისტორიიდან // ნარკვევები საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობის ისტორიიდან / ო. ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი, 2011. - გვ.54-80. - რეზ. ინგლ. ენ.

2. ოძელი, მ. რაზე წერს "კრებული" // ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობანი : კრ. 1 / თსუ, ქართ.-საზღვ. ლიტ. ურთიერთ. სამეცნ.-კვლევ. ლაბორატორია. - თ,., 2001. - 210-221.

3. ოძელი, მ. ჟურნალი "ჩვენი გზა" // ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობანი : კრ. 1 / თსუ, ქართ.-საზღვ. ლიტ. ურთიერთ. სამეცნ.-კვლევ. ლაბორატორია. - თბ., 2001. - გვ.186-194.

4. ნიკოლოზიშვილი, ნ. საინფორმაციო გაზეთი "ცნობის ფურცელი" // ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთბანი : კრ. 1 / თსუ, ქართ.-საზღვ. ლიტ. ურთიერთ. სამეცნ.-კვლევ. ლაბორატორია. - თბ., 2001. - გვ.195-203.

5. ბეჟიტაძე, მ. ემიგრანტული ჟურნალი "ქართველი ერი" // ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობანი : კრ. 1 / თსუ, ქართ.-საზღვ. ლიტ. ურთიერთ. სამეცნ.-კვლევ. ლაბორატორია. - თბ., 2001. - გვ.177-185.

6. ნიკოლეიშვილი, ავთანდილამერიკაში მოღვაწე ემიგრანტი ქართველი მწერლები : გივი კობახიძე // ამერიკული ლიტერატურა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები : ამერიკის შესწავლის საკითხისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენციის მასალები, ნოემბერი, 2006, ქუთაისი / აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - ქუთაისი, 2006. - გვ. 308-316. - რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

7. დაუშვილი, რუსუდანამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან : ქართული ემიგრანტული ორგანიზაციები ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 60-65.

8. დაუშვილი, რუსუდან.ამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან : რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 66-70.

9. დაუშვილი, რუსუდანამერიკაში ქართული ემიგრაციის ისტორიიდან : ქართული სტამბა და გამოცემები ამერიკაში // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილის, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 71-76.

10. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : გივი კობახიძე // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 178-18.



გააზიარე: