The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ვასილ პეტრიაშვილი

ვასილ პეტრიაშვილი
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1842
გარდაცვ. თარიღი:26 ივლისი, 1908  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი 1842 წელს ისტორიული კრწანისის ველის სამხრეთით მდებარე სოფლ წალასყურში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. წერა–კითხვა მამამ ასწავლა. 11 წლისა თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს. 1865 წელს, სემინარიის დამთავრებისთანავე, მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ოდესაში გაემგზავრა. ჩაირიცხა ნოვოროსიის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა იმავე წელს ქიმიით დაინტერესდა და გადავიდა ფიზიკა–მათემატკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. სტუდენტობიდანვე მიიპყრო პროფესორ–მასწავლებელთა ყურადღება. უნივერსიტეტის დამთავრებისას მას უკვე ჰქონდა მინიჭებული სამეცნიერი ხარისხი. 1870 წელს მეტად მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევების გამოქვეყნებისათვის იქვე დატოვეს ტექნიკური ქიმიის ლაბორანტად. 1875 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად და არჩეული იქნა ტექნიკური ქიმიის დოცენტად. ტექნიკური ქიმიისა და ანალიზური ქიმიის ლექციების კურსს გარდაცვალებამდე კითხულობდა. 1878 წელს აირჩიეს ექსტრაორდინარ პროფესორად და მიავლინეს პარიზში. სადაც მუშაობდა ისეთ ცნობილ ფრანგ ქიმიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ბერტოლე, ვიურცი და სენკლერ–დევილი. ოდესაში დაბრუნებისთანავე, 1881 წელს, აირჩიეს ორდინარ პროფესორად. 1905 წელს, როცა ოდესის უნივერსიტეტში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, პროფესორთა მოთხოვნით ვასილ პეტრიაშვილი, რომელიც სიყვარულით, ნდობითა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მოსწავლე ახალგაზრდობასა და კოლეგებს შორის, მიღებულ იქნა ფიზიკისა და მათემატიკის დეკანად. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1905-07 წლებში. 1907 წელს აირჩიეს რექტორად. თანამედროვენი ახასიათებდნენ საუკეთესო შინაგანი ბუნების ადამიანად, კარგ ორგანიზატორად და სტუდენტების საყვარელ პედაგოგად.

ვასილ პეტრიაშვილის ნაშრომებმა ორგანულ ქიმიაში წარუშლელი კვალი დატოვა მეცნიერებაში. პირველი გამოკველვები ეხებოდა აზონაერთებისა და მათი გარდაქმნების პროდუქტების მიღებას, რასაც არა მარტო თეორიული, არამედ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან აზონაერთები საფუძვლად უდევს საღებავების წარმოებას. მეცნიერმა შეისწავლა მრავალი აზონაერთი, დაადგინა მათი აგებულება და დაამტკიცა, რომ ნახშირბადის ერთ ატომთან შეიძლება არსებობდეს ჰიდროქსილის ორი ჯგუფი. ეს ეწინააღმდეგებოდა არსებულ შეხედულებებს და პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ორგანული ქიმიისთვის, მეტად საინტერესო იყო კვლევები დამჟანგველის ხასიათსა და მალეინის მჟავების აღნაგობის დასადგენად და სხვა. თავისი გამოკვლევების პროცესში ვასილ პეტრიაშვილი წააწყდა მოვლენას, რომელსაც შემდგომში ტაუტომერია ეწოდა. ამ მიმართულებით მეცნიერის წარმატებულ კვლევებს დიდი შეფასება მისცა ცნობილმა ქიმიკოსმა, ინგლისის ქიმიური საზოგადოების პრეზიდენტმა უილიამ პარკერ უინიმ და განაცხადა, რომ მსოფლიოს ქიმიკოსები სწორედ ოდესელ პროფესორ პეტრიევს უნდა უმადლოდნენ ამ აღმოჩენებსო.

ვასილ პეტრიაშვილის შრომების სრული მიმოხილვა ტექნოლოგიის დარგში შეუძლებელია, რადგან მრავალი მისი ნაშრომი გამოუქვეყნებელი დარჩა. მისი ერთ–ერთი უახლოესი თანამოღვაწე და მეგობარი, პროფესორი გერენტი გადმოგვცემს, რომ ზოგიერთ თავის ნაშრომს პროფესორი პეტრიაშვილი, როგორც უაღრესად მომთხოვნი ადამიანი თავისი მეცნიერული შრომების მიმართ, არ თვლიდა იმდენად დამთავრებულად, რომ მათი გამოქვეყნება შესაძლებლად მიეჩნია. იგი აწარმოებდა დამატებით ცდებს, რათა სათანადო შესწორებანი შეეტანა ხსენებულ ნაშრომებში. ტექნოლოგიის ის კურსიც კი, რომელსაც იგი 30 წლის განმავლობაში უკითხავდა თავის მსმენელებს, სამწუხაროდ, დაბეჭდილი და გამოცემული არ ყოფილა.

ვასილ პეტრიაშვილი უმაღლესი სასწავლებლის პირველი ქართველი რექტორია. უცხო ქვეყანაში დიდი ხნით ცხოვრების მიუხედავად, მას არ განელებია სამშობლოს განცდა და სიყვარული. მეცნიერი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდა ოდესაში ჩასული თანამემამულეების მიმართ და, ბუნებრივია, ყველაზე მეტად ქართველი სტუდენტების მომავალზე ფიქრობდა. გაზეთი "ოდესსკოე ობოზრენიე" 1908 წელს წერდა, რომ ვასილ პეტრიაშვილს ოდესელი ქართველების მუდმივი ჭირისუფლობისათვის "საქართველოს კონსულს" ეძახდნენო. მეცნიერს ხშირად ჩამოჰყავდა თავისი სტუდენტები საქართველოში. ის იყო თბილისში უნივერსიტეტის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესასთან, გაზეთ "დროებაში" აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე. როგორც მისი წერილებიდან ჩანს, იგი თავისი შეხედულებებით ახლოს იდგა თერგდალეულებთან, მას ასევე აქვს ბელეტრისტული ნაშრომებიც. ვასილ პეტრიაშვილს დიდად აფსებდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწენი. "მე რომ პოეტური ნიჭი მქონოდა და განმეზრახა დამეხატა ადამიანი, რომელიც საუკეთესო ზნეობრივი თვისებებით წარმოადგენს სიბრძნესთან შეერთებული გულკეთილობის განსახიერებას, მე დავხატავდი ვასილ პეტრიაშვილს", – ასე შეაფასა თავისი მასწავლებლისა და უფროსი კოლეგის პიროვნება კიდევ ერთმა სასიქადულო ქართველმა – პეტრე მელიქიშვილმა.

აკაკი წერეთელი „საქართველოს ლომონოსოვს“ უწოდებდა ვასილ პეტრიაშვილს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეცნიერმა მისი ახლო ნათესავი - მამია გურიელის (აკაკის დის ქმარი) დისწული - ეკატერინე ყარამანის ასული თავდგირიძე შეირთო ცოლად. ქუთაისში ჩამოსულ მეცნიერს „ჩვენ სიძეს“ ეძახდა და ამბობდა თურმე: პეტრიაშვილს ტყუილად აბრალებენ სამშობლოდან გადასახლებას, საქართველო მას გულში უზის და ყველგან თან დაჰყვება, სადაც მივა, ისიც ფესვს იყრის მის ირგვლივო...“.

ვასილ პეტრიაშვილი დიდად იყო დაინტერესებული სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ტექნოლოგიური და აგროქიმიური წარმოებით. მას ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებზე. მან სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა ქვევრში ღვინის დაყენებას და ამ პროცესის გაუმჯობესებას. ქართულ ენაზე შექმნა ფუნდამენტური სახელმძღვანელოები: "ღვინის დაყენება" (1893 წ. – "მოამბე"). "რძე და მისი სხვადასხვაგვარად გამოყენება", "ძმრის წარმოება" (1905 წ.), სადაც მან განაზოგადა უმდიდრესი გამოცდილება ამ დარგში. რუსეთის იმპერიაში პირველი, მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული წიგნი მეღვინეობაზე ვასილ პეტრიაშვილმა დაწერა ქართულ ენაზე (1895 წ.). მეღვინე–სპეციალისტებს შორის დღეს ფართო ხმარებაშია მის მიერ შემოღებული ტექნიკური ტერმინები: მღელვარე დუღილი, ღვინო სხეულიანი, უხალისო, უჯანო, მხურვალე, გრილი, გეჯა, სასრუტი, ღვინის გაწებვა და მრავალი სხვა. მაგრამ ცხადია, ამ ნაშრომების ღირსება და მნიშვნელობა მარტო ქართული მეცნიერულ–ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნით არ განისაზღვრება. მისი შრომები მეღვინეობასა და მერძევეობის დარგში საფუძვლად დაედო დასავლურ მეცნიერულ–ტექნიკურ ცოდნათა განვითარებას საქართველოში. ქართველი ქიმიკოსი პრაქტიკულად ეხმარებოდა ოდესელებსაც. 1898 წელს იგი სათავეში ჩაუდგა სასურსათო პროდუქტების ფალსიფიკაციასთან ბრძოლას და სულ მოკლე ხანში ფალსიფიკატორების წინააღმდეგ მეცნიერებთან ერთად მთელი საზოგადოებრიობა დარაზმა. ოდესის საქალაქო სანიტარულ ლაბორატორიას პირველი ადგილი ეკავა რუსეთის დანარჩენ ქალაქებს შორის და ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ვასილ პეტრიაშვილის დაუშრეტელ ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას საკვებ პროდუქტთა შემოწმებისა და შეფასების საკითხებში. იგი თითქმის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ოდესის სანიტარული ლაბორატორიის მუშაობას, მონაწილოებას იღებდა იმ კომისიის მუშაობაში, რომელმაც სისტემაში მოიყვანა მრავალრიცხოვანი მასალები ფალსიფიკაციის საკითხების შესახებ და დაამუშავა სათანადო კანონის პროექტიც.

მეცნიერი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, კარლსბადში 1908 წლის 27 ივლისს. დროებით ოდესაში დაკრძალეს, შემდეგ თბილისში, ვერის სასაფლაოზე გადმოასვენეს, მოგვიანებით კი ვაკის სასაფლაოზე იქნა დაკრძალული.

თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა (სახელი ეწოდა 1923 წელს).

აკაკი ასე გამოეხმაურა ვასილ პეტრიაშვილის გარდაცვალებას – "ჩუმი მოღვაწე, ნამდვილ ქართველი, სიკვდილით ქართველთ გულის მომწყვდელი".

წყარო:

1. წულაძე, . ორი ქიმიკოსი : [ვ. პეტრიაშვილი და პ. მელიქიშვილი]. - მე-3 გამოც.. - თბ., 1965.

2. ვასილ პეტრიაშვილი : [ცხოვრება და მოღვაწეობა] / ავტ.: ვ. კაკაბაძე, ნ. ციციშვილი და სხვ.; - თბ., 1950 

3. იმნაძე, .. პროფ. ვასილ მოსეს-ძე პეტრიაშვილი : მონოგრაფია. - თბ., 1944

4. ჭუმბურიძე დოდო. „თანამედროვეობის ყველაზე დიდი მეცნიერი“ და „საქართველოს ლომონოსოვი“ - ვასილ პეტრიაშვილი // ჭუმბურიძე, დოდო. ისტორიული პორტრეტები. წერილები . - თბ., 2012.- გვ. 55- 81

5. vinoge.com/istoria/vasil-moses-Ze-petriaSvili 

6. https://ka.wikipedia.org/wiki/ვასილ_პეტრიაშვილი


გააზიარე: