The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ალექსანდრე შერვაშიძე

ალექსანდრე შერვაშიძე
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:17 აგვისტო, 1968  (100 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოხუმი, საქართველო
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ალექსანდრე შერვაშიძე (შარვაშიძე) გახლავთ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილის ძმისშვილი. მამა – კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე, რუსეთის არმიის ოფიცერი, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველ თავად–აზნაურთა 1932 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გადაასახლეს. 1866 წლის აფხაზეთის აჯანყების შემდეგ კი შერვაშიძეთა ოჯახს საერთოდ აეკრძალა სამშობლოში დაბრუნება. კონსტანტინე შერვაშიძე და მისი ფრანგი მეუღლე ყირიმში დამკვიდრდნენ. იქ, ქალაქ ფედოსიაში, შეეძინათ უფროსი შვილი ალექსანდრე. განათლება ჯერ სახლში, შემდეგ ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსსა და კიევის რეალურ სასწავლებელში მიიღო, მაგრამ სამხედრო კარიერაზე უარი თქვა. კიევშივე დაიწყო ხატვა პეტერბურგის ხელოვნებათა აკადემიის ლაურეატებთან – ი. სელეზნიოვსა და ა. პრახოვთან. 1891 წლიდან მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად.

1895 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პარიზში გაემგზავრა და ფერნან კარმონისა და ჟულიანის სახელოსნოებში განაგრძო სწავლა. აქ იგი ეცნობა მუზეუმებში დაცულ ნამუშევრებსა და თანამედროვე ფრანგულ ხელოვნებას. ხდება პარიზის "რუსული მხატვრული წრის" წევრი და მიმდინარეობა "ხელოვნების სამყაროს" ("Мир искуство") მონაწილე (1895-1899 წწ.). ინტენსიური კავშირი აქვს პარიზის სახელოვნებო–ლიტერატურულ წრეებთან. მეგობრობს რ. გილთან, ა. გოლსტეინთან, ა. ბენუასთან, ვ. სეროვთან, ა. ტოლსტიოსთან, ნ. რერიხთან, ვ. ბრიუსოვთან, კ. ბალმონტთან. ამ პერიოდში ხატავს დაზგურ სურათებს, უმეტესად, პორტრეტებს: "უცნობი ქალის პორტრეტი", "მეუღლის პორტრეტი", "ავტოპორტრეტი", "მეგობრები", "ღამე ახლოვდება", "ბაღში". აქტიურად მონაწილეობს რუს მხატვართა პარიზულ გამოფენებში. 1899 წელს გრაბართან და სეროვთან ერთად ბრუნდება პეტერბურგში. ამავე დროს, როგორც პარიზელ მხატვართა კომიტეტის "მონპარანსის" წევრი, პერიოდულად მიემგზავრება პარიზში და მონაწილეობს გამოფენებში (1904-1906, 1911-1912 წწ).

1906 წლიდან ალექსანდრე შერვაშიძე პეტერბურგის საიმპერატორო ოპერის თეატრის დეკორატორად იწყებს მოღვაწეობას და ამ დროიდან იწყება მისი, როგორც თეატრის მხატვრისა და სცენოგრაფის შემოქმედება. საერთო ჯამში ალექსანდრე შერვაშიძემ 50-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა რევოლუციამდელ რუსეთში. მისი დადგმები იმთავითვე "ახალი თეატრის" ექსპერიმენტებს, ჯერ ვ. მეიერჰოლდს, მოგვიანებით – ნ. ევრეინოვსა და ს. დიაგილევს, უკავშირდება. "ახალი თეატრის" ტენდენციები – მაყურებლისა და ქმედების, დარბაზისა და სცენის გაერთიანება, ინტერესი შუა საუკუნეების თეატრალური ფორმების მიმართ – მის მიერ უკვე პირველი გაფორმებული წარმოდგენების სცენოგრაფიასა და კოსტუმებში ვლინდება: ვ. მეიერჰოლდის "ტრისტანი და იზოლდა" (მარინის თეატრი), "მასხარა ტანტრისი" (ალექსანდრეს თეატრი, 1910), ნ. ევრეინოვის მიერ ორგანიზებული "ძველი თაეტრის" მეორე სეზონის (1911-1912 წწ.) წარმოდგენები (სადაც თანამშრომლობს "მირ ისკუსტვოს" წევრებთან – ნ. რერიხი, ე. ლანსერე, ნ. კალმაკოვა), "მირანდა" (ნ. კაზანლი), "ლურჯი წვერი" (ჟ. ოფენბახი), "პატარძალი" ((გ. ჩულკოვი) – მარინის თეატრი, "პროფესორი სტორიცინი" (ა. ტოლსტოი), "ვაი ჭკუისაგან" (ა. გრობოედოვი) – ალექსანდრეს თეატრი, "ღვთისმოსავი მარტა" ("ძველი თეატრის" მეორე სეზონი). ამ ექსპერიმენტული სპექტაკლების წარმატებას თეატრალური პრესა მრავალწილად სცენოგრაფიას მიაწერს.

1917 წელსათვის ალექსანდრე შერვაშიძე პრაქტიკულად პეტერბურგის ყველა საიმპერატორო თეატრის მთავარი დეკორატორია, თუმცა მხოლოდ სცენოგრაფიით არ კმაკოფილდება. პარალელურად იგი ხატავს "ძველი თეატრის" კედლებს ლანსერესა და რერიხთან ერთად. მისი ესკიზების მიხედვით შეკერილი კოსტუმებით გამოდიან "მოდის საღამოებზე" პეტერბურგის ცნობილი მსახიობები. I მსოფლიო ომის მსხვერპლთა დასახმარებლად ხშირად ღებულობს მონაწილეობას საქველმოქმედო საღამოებსა და საიუბილეო სპექტაკლებში, გამოფენებსა და აუქციონებში. ამასთან ერთად პეტერბურგის ჟურნალ–გაზეთებში ბეჭდავს სტატიებსა და გამოკვლევებს რუსულ მხატვრობასა და ფრანგული ხელოვნების ისტორიის საკითხებზე. ასეთებია, მაგალითად: "შემოდგომის სალონი", წერილი მხატვარ ჟორჟ სერას შესახებ, მოზრდილი გამოკვლევა "ფრანგული ფერწერა ასი წლის მანძილზე" და სხვ. ყოველ მათგანში აშკარად ჩანს მხატვრობაში კარგად გათვითცნობიერებული და ფართო განათლების მქონე ადამიანი. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი "ინდივიდუალიზმი და ტრადიცია" (1909 წ. ჟურნ. "ზოლოტოე რუნო") ალექსანდრე შერვაშიძემ ა. ბენუას გახმაურებული სტატიის – "მხატვრული ერესის" – პასუხად გამოაქვეყნა. ბენუასგან განსახვავებით ინდივიდუალიზმი თუ ტრადიცია მისთვის არა დასაპირიპირებლად, არა კონფლიქტურად, არამედ ერთიანობაში მოიაზრება, რაც არსებითად უკავშირდება მხატვრული ტრადიციისადმი ქართველ მოდერნისტთა მიერ ოდნავ მოგვიანებით გაცხადებულ დამოკიდებულებას.

ალექსანდრე შერვაშიძეს არასოდეს ავიწყდებოდა, რომ იგი საქართველოდან იყო. რუსეთის იმპერიის დედაქალაქში მოძებნა და დაუახლოვდა თავის თანამემამულეებს. აქტიურად ჩაერთო პეტერბურგელ ქართველთა კულტურულ ცხოვრებაში, ტრადიციადქცეულ ქართველთა შეხვედრა–საღამოებს რუს ინტელიგენციასთან ქართული ყოფის ცოცხალი სურათებით წარმოადგენდა, არ წყვეტდა კავშირს ნათესავებთან, დაახლოებული იყო პეტერბურგში მცხოვრებ შერვაშიძეებთან და დადიანებთან. 900-იანი წლების დასაწყისში პარიზში მასთან წლობით ცხოვრობდნენ ბათუმელი ნაკაშიძეები, რომლებთანაც ურთიერთობას მხატვარი შემდეგშიც აგრძელებდა, მაგრამ ყველაზე გულთბილი ურთიერთობა და სიყვარული ჰქონდა თავის სოხუმელ ძმასთან ვლადიმერთან და ბიძაშვილთან – პოეტსა და საზოგადო მოღვაწე გიორგი შერვაშიძესთან (აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილის და ალექსანდრა დადიანის ვაჟი). სწორედ მისი გარდაცვალება გახდა 1918 წელს ალექსანდრე შერვაშიძის სოხუმში მამა–პაპურ კერაზე დაბრუნების მიზეზი. აქ იწყება მისი, როგორც საზოგადო მოღვაწის საქმიანობა: აქტიურად მონაწილეობს სოხუმის არტისტული საზოგადოების მუშაობაში; ხსნის თეატრალურ კურსებს, სადაც იმხანად სოხუმში მყოფ ვ. კამენსკისა და ნ. ევრეინოვთან ერთად ასწავლის; ახორციელებს რამდენიმე წარმოდგენას მოწაფეებთან ერთად; აარსებს საბავშვო სტუდიას სოხუმის ქალთა გიმნაზიის შენობაში; ხელმძღვანელობს ხატვის წრეს; კითხულობს ლექციებს ხელოვნების შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებში; ეწევა საგანმანათლებლო მუშაობას და ამ მიზნით ნიკო მარსაც უკავშირდება. ორი წლის შემდეგ, პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებულია ჯერ ბათუმში და შემდეგ ყირიმში – ფეოდოსიაში გაემგზავროს, სადაც მისი შვილები და ყოფილი მეუღლე იმყოფებიან. აქ ღებულობს მიწვევას ცნობილი თეატრალური მოღვაწისა და ანტერპრენიორის  ს. დიაგილევისაგან, რომელიც მას ევროპაში ყველა რუსული საოპერო და საბალეტო სპექტაკლების გაფორმებას სთავაზობს.

1920 წელს ალექსანდრე შერვაშიძე მეუღლესთან – ნ. ბუტკოვსკაიასთან ერთად მიემგზავრება ევროპაში და ამჯერად უკვე სამუდამოდ. 1921 წელს "მირ ისკუსტვოს" ხელახლა აღორძინებული მახტვართა გამოფენის საპატიო თავმჯდომარედ ირჩევენ. ძირითადად ცხოვრობს პარიზში, თუმცა სისტემატურად იწვევენ ლონდონში, ბრიუსელში, მადრიდსა თუ მონტე–კარლოში. უმეტესად ს. დიაგილევის დასთან მუშაობითაა დაკავებული (ჯერ თავად დიაგილევთან – 1920-1929 წწ., შემდეგ მის მიმდევრებთან – 1929-1948 წწ.). ამ წლებში ალექსანდრე შერვაშიძემ ისეთი ცნობილი სპექტაკლები გააფორმა, როგორებიცაა: ნ. გოგოლის "ქორწინება" და "რევიზორი" (ბრიუსელი, 1922); ნ. ევრეინოვის "მხიარული სიკვდილი" (პარიზი, 1922); გ. ბერნერსის "ნეპტუნის ტრიუმფი" ჯ. ბალანჩინის ქორეოგრაფიით (ლონდონი, კოვენტ–გარდენი, 1926 წ.); ლ. ბეთქოვენის "პრომეთეოსი" (ქორეოგრაფი ლ. საფარი – (პარიზი, 1932); პ. ჩაიკოვსკის "გედის ტბა" (ქორეოგრაფი პეტიპა – აშშ, 1936-1944); ა. ონეგერისა და ა. ჩერეპნინის (ალექსანდრ ჩერეპნინი – 1910-იანი წლების ბოლოს თბილისის კონსერვატორიის რექტორის, ნიკოლოზ ჩერეპნინის ვაჟი) და სხვა. აღსანიშნავია ფრანგული საბალეტო დასის მიერ მონტე–კარლოში დადგმული ბალეტი "შოთა რუსთაველი", რომელიც გაზეთ "ქართული საქმის" მხარდასაჭერად განხორციელდა (1945 წ.). ეს იყო ნიკოლას ევრეინოვისა და სერჟ ლიფარის ოთხაქტიანი ქორეოგრაფიული ეპოპეა "ვეფხისტყაოსნის"  მიხედვით. ფარდა, დეკორაცია და კოსტიუმები ეკუთვნით – ალექსანდრე შერვაშიძეს და ს. ნეპოკოიტჩისტკის. ჩვენი თანამემამულე მხატვარ–დეკორატორის შემოქმედება ღირსეულად იყო დაფასებული მის თანამედროვეობაში, ევროპის სახელგანთქმული თეატრების მუზეუმებში დაცულია მისი ნახატები, დეკორაციები. იგი სამართლიანად ითვლებოდა ს. დიაგილევის მრავალი ჩანაფიქრის თანაავტორად საბალეტო დადგმების განხორცილებისას. ევროპის სხვადასხვა ენაზე გამოსულ ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებსა და წიგნებად ქცეულ მემუარულ ლიტერატურაში დიდი ყურადღება ეთმობა მის ღვაწლს. ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედება უაღრესად მრვალფეროვანია. იგი ქმნის ილუსტრაციებს რუსული ხალხური ზღაპრებისა და სიმღერებისათვის; მუშაობს წიგნის დიზაინზე: აფორმებს ვ. კამენსკის წიგნის ყდას ნ. ევრეინოვზე, მ. ვოლოშინის კრებულს "დემონები და ყრუ–მუნჯები", თანამედროვე რუს პროზაიკოსთა ავტობიოგრაფიებს. მას ეკუთვნის დაზგური ნამუშევრებიც – პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები. მის ერთ–ერთ ცნობილ პორტრეტზე, ულამაზესი ქართველი ბალერინა თამარ თუმანიშვილია გამოსახული. მხატვრის წერილები ფრანგულ ხელოვნებაზე დღესაც აქტუალურად ითვლება. მის კალამს ეკუთვნის სტატიები პოლ სეზანზე, ვინსენტ ვან გოგზე, ალექსანდრე ბენუაზე. პარიზში იგი პაბლო პიკასოს, ა. დერენს, ჟ. ბრაკს, ჟ. რუოს უმეგობრდება, რომელთა მონაწილეობა "რუსული ბალეტის" დადგმებში ამ მეგობრობის შედეგიც იყო, მათი ესკიზების სცენური განხორციელება ალექსანდრე შერვაშიძის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით ხდება. 1924 წელს მან მოხატა პიკასოს "ზღვის პირას მორბენალი ქალების" მიხედვით დარიუს მიეიოს "ლურჯი ექსპრესისთვის" თეატრალური ფარდა (134 კვ.მ. ფარდა დღეს ლონდონში, ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმშია დაცული). XX საუკუნის საბალეტო ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის სერჟ ლიფარის შეფასებით ალექსანდრე შერვაშიძე იყო – "დასავლეთის თეატრალურ–მხატვრული რევოლუციის თანამონაწილე". სალვადორ დალი მას "ევროპული არისტოკრატიის ჭეშმარიტ წარმომადგნელს" უწოდებდა. მისი თანამედროვე რუსი რეჟისორი და თეატრის თეორეტიკოსი ნიკოლოზ ევრეინოვი კი აღნიშნავდა: "თავადი ალექსანდრე შერვაშიძე გახლავთ აღმოსავლური რაინდული კეთილშობილების განსახიერება, რაც ჩვენს დროში დიდ იშვიათობას წარმოადგენს".

სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე შერვაშიძემ მოხუცებულთა პანსიონატში გაატარა. 1958 წელს, უკვე ღრმად მოხუცებული მხატვარი, ქალიშვილს წერს სოხუმში: "...მხოლოდ სამუშაოზე ვფიქრობდი, ძალიან ცოტას საკუთარ თავზე, როდესაც ჩემი, როგორც დეკორატორის კარიერა დასრულდა, სრულიად უსახსროდ დავრჩი...". და მაინც, მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა, მხატვარმა მთელი თავისი შემოქმედება – ანდერძით სამშობლოში გამოგზავნა და ფულის აღებაზე უარი განაცხადა. 1958 წელს, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა მისგან საჩუქრად მიიღო პირადი არქივი და 500-მდე ნამუშევარი, რომელთაც ქართულ–აფხაზურად – შერვაშიძე–ჩაჩბად აწერდა ხელს. აქ იყო ყველაფერი – დაწყებული სცენის მუშა–ნახაზებითა და ეკონომიკური გაანგარიშებებით და დასრულებული სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოებებით, აქვე იყო მიმოწერა ხელოვნების მოღვაწეებთან, აფიშები, რეკლამები. მისი ნახატების ნაწილი ინახება სოხუმის სურათების გალერეაში. "...ეს ამანათები ჩემი ხელით შევკარი," – წერდა ალექსანდრე შერვაშიძე. ამ დიდი განძის ჩუქებისა და გულთბილი სიტყვების შემდეგ მხცოვანმა მხატვარ–დეკორატორმა კიდევ 10 წელი იცოცხლა. იგი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა მონაკოს ქალაქ მონტე–კარლოში, დაკრძალეს ქალაქ ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე. 1985 წელს მისი ნეშტი საქართველოში – სოხუმში გადმოასვენეს.

ქართულმა საზოგადოებამ ალექსანდრე შერვაშიძის შემოქმედება ფართოდ გაიცნო 1985 წელს, როდესაც თბილისში მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო... "ჩვენი ხელოვნების მთელი ისტორია, – წერდა იგი, – არის პიროვნების, ანუ, ინდივიდუალიზმის პრინციპის ბრძოლა რთულადგასაგებ ტრადიციასთან, განახლების პრინციპისა – კოლექტივიზმის შეუწყნარებელ კონსერვატიზმთან... პიროვნება, შეაბამისად, ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხელოვნებაში, როგორც ტრადიცია... ტრადიცია იმ გზას მიუთითებს, რომელსაც უნდა მისდიო; იგი ხალხის ნებისა და სურვილის გამომხატველია. პიროვნება მას ფორმას აძლევს. იგი იხილავს ტრადიციას. ტრადიცია პიროვნებაზე გავლით ცოცხლობს".


გააზიარე: