The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ ჯანელიძე

ნიკოლოზ ჯანელიძე
სხვა სახელი:ნიკოლოზ ჯანესი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:1993  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გერმანია
კატეგორია:ენათმეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ ჯანელიძეს საშულო განათლება სამტრედიაში მიუღია. მამას – სილოვან ჯანელიძეს ძველი სამტრედიის უბნის რწმუნებულად უმუშავია 43 წლის განმავლობაში. ამჟამად ნიკოლოზ ჯანელიძის მამა–პაპეულ ნაფუძვარზე, ქუთაისის ქუჩაზე, საუშუალო სკოლა ფუნქციონირებს. აქ დიდხანს უცხოვრია დედამისს – ივდითი ჯანელიძეს, რომელსაც მოსწავლეები სიყვარულით ივდითი ბებიას ეძახდნენ.

ნიკოლოზ ჯანელიძემ სწავლა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ დიპლომის მიღება ვერ მოასწრო. სამამულო ომის დაწყებისთანავე, 1941 წლის ივნისში, გაიწვიეს ფრონტზე. იბრძოდა ქერჩში, დაიჭრა და ნაწილს ჩამოშორდა, სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტყვეობას ვერ ასცდა. გერმანიაში დღიურ მუშად აიყვანა ერთმა გლეხმა, რომელიც გულთბილად ეპყრობოდა და გერმანულის დაუფლებაში ეხმარებოდა. ნიკოლოზ ჯანელიძეს გაუმართლდა და კეთილი ადამიანების დახმარებით თავი დააღწია ტყვეობას. ბევრი წვალებისა და ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ჩააღწია რომში სასულიერო პირსა და მეცნიერ მიხეილ თარხნიშვილთან. აქ კათოლიკობა მიიღო და მამა მიქელის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი. სწავლის დამთავრების შემდეგ მიიღო მოწმობა, რომლითაც მას ეძლეოდა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის სწავლების უფლება.

ნიკოლოზ ჯანელიძე რომში დიდხანს არ დარჩენილა. დაბრუნდა გემანიაში და მოახერხა ქაღალდის მეორადი საწარმოს გახსნა, რითაც მოიპოვა მინიმალური საარსებო საშუალება. 1950 წლიდან დაიწყო მუშაობა ქართული ენის ლექტორად ჰამბურგსა და კილის უნივერსიტეტებში. მის მოწაფეებს შორის იყო ცნობილი ქართველოლოგი, პროფესორი ვინფრიდ ბოედერი, რომელიც ასე იგონებს თავის პედაგოგს: "ჩემთვის ბატონი ნიკოლოზი დაუვიწყარი მასწავლებელია. ყოველთვის ვამბობ, ის არც პროფესორი ყოფილა, არც მეცნიერული პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ეს ყოველთვის არ არის მთავარი. იგი თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი გახლადთ, გამუდმებულად ენატრებოდა თავისი ქვეყანა და ხალხი და ამ სიყვარულს იმით გამოხატავდა, რომ ბევრს გერმანელს შეასწავლა ქართული ენა".

ნიკოლოზ ჯანელიძე მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მშობლიური კულტურის პოპლულარიზაციის მიზნით მსურველებს ასწავლიდა ქართულ ენას, ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს, სკოლაში გახსნა თეატრალური წრე, ნორჩ გერმანელებს რადიოთი შთამბეჭდავად მოუთხრობდა ქართულ ზღაპრებს.

ლიტერატურული საქმიანობით გატაცებულმა, ხელმოკლეობის მიუხედავად, ქალაქ იტცეჰოეში, დაარსა საკუთარი გამომცემლობა "საქართველო", სადაც ბეჭდავდა თარგმანებსა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. 1961 წ. ნიკოლოზ ჯანელიძემ გერმანულ ენაზე გამოსცა "ნინო მოციქული" (Die Apóstolin Nino), რომელსაც საფუძვლად დაუდო ქართული სასულიერო მწერლობის თვალსაჩნო ძეგლი – "ცხოვრებაი და მოქალაქეობაი ღირსისა და მოციქულთა სწორისა ნეტარისა ნინოისი", სადაც მოთხრობილია ქართლის გაქრისტიანების ამბავი. ტექსტის დადგენასა და გერმანულად თარგმნაში მას ეხმარებოდა მიხეილ თარხნიშვილი. უცხოეთში გამოსულ წიგნთა შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა "ქართულმა სამზარეულომ". ამ წიგნმა რამდენიმე გამოცემას გაუძლო, მაგრამ მაინც ნიკოლოზ ჯანელიძის მოღვაწეობის გვირგვინად მიჩნეულია 1974 წელს გერმანულ ენაზე დაბეჭდილი "ქართული ზღაპრები". კრებული მასთან ერთად შეუდგენია და უთარგმნია ლიდია (ლილი) პაპე-გეგელაშვილს. ტექსტში ჩართულია ქართულ მოტივებზე შესრულებული ილუსტრაციები, ბოლო გვერდებზე კი მოცემულია ცნობები საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიისა და ბუნების შესახებ. ასევე ლიდია პაპე–გეგელაშვილთან ერთად შეუსრულებია ნიკოლოზ ჯანელიძეს "ვეფხისტყაოსნის" შემოკლებული პროზაული თარგმანი, რომელიც 1984 წელს გამოსცა. წიგნს თან ახლავს კილის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰანს ჰაინრიხ ნიმანის წინასიტყვაობა, სადაც მიმოხილულია ქართველი ხალხის უძველესი კულტურა, მისი თავისთავადობა. გარდა ამისა, ნიკოლოზ ჯანელიძემ ქართული ენის შემსწავლელ უცხოელ სტუდენტთათვის შეადგინა "გერმანულ–ქართული სასაუბრო". გერმანულ ენაზე დაბეჭდა იაკობ გოგებაშვილის მიხედვით შედგენილი "დედაენა". საგულისხომოა, რომ წიგნს დართული აქვს ისტორიული ნარკვევი "არგონავტებიდან დღევანდელ დღემდე", საქრთველოს რუკა და ქართველი მეფის –ფარნავაზის სურათი.

ნიკოლოზ ჯანელიძის სახელთანაა დაკავშირებული გერმანულ–ქართული კულტურული ურთიერთობის ამსახველი ბევრი საინტერესო ღონისძიება, რომლებმაც საყოველთაო აღიარება მოუპოვეს უცხოეთში. 1966 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ფართოდ აღინიშნა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი. ამ თარიღს მიუძღვნა ნიკოლოზ ჯანელიძემ ჰამბურგის უნივერსიტეტში საგანგებო გამოფენა და საღამო ცნობილ გერმანელ მეცნიერთა  მონაწილეობით. იმავე წელს გერმანულ ენაზე გამოსცა ამ ღონისძიებათა ამსახველი მასალების კრებული. 1988 წელს ქალაქ იტცეჰოეში მოაწყო ქართული წიგნის დიდი გამოფენა, განსაკუთრებული ამაგი დასდო საარბრიუკენში ქართული კულტურის დღეების წარმატებას, რისთვისაც მას მიენიჭა ალბერტ შვაიცერის მშვიდობის პრემია "გერმანია–საბჭოთა კავშირის მეგობრობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის".

ნიკოლოზ ჯანელიძის დამსახურებასა და აღიარებას ნათლად მოწმობს მისი დაბადების 65 წლისთავზე ჰამბურგის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ ფიშეტ–აპელის მიერ 1986 წლის 31 იანვარს გაგზავნილი მისალოცი: "გულითადად გილოცავთ აკადემიური სენატისა და პირადად ჩემი სახელით დაბადების 65 წლისთავს. ვსარგებლობ ამ შემთხვევით და უნივერსიტეტის სახელით მადლობას გიცხადებთ თქვენი მრავალწლიანი მუშაობისა და კვლევისათვის, რომელმაც თვალსაჩინო წარმატება მოუტანა სტუდენტებსა და საერთოდ მეცნიერებას, ხალხთა მეგობრობის დიდ საქმეს."

ჭეშმარიტად ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან ნიკოლოზ ჯანელიძე, მრავალი წელი გაატარა უცხოეთში ემიგრანტის სახელით, მაგრამ არც ერთი დღე არ უცხოვრია საქართველოზე ფიქრისა და მასზე ზრუნვის გარეშე. სასიქადულო მამულიშვილის ნეშტი 1993 წლის აპრილში სამუდამოდ მიიბარა გერმანიის მიწამ.

წყარო:

1. მთელი ცხოვრება გერმანელებისთვის ქართული კულტურის გაცნობას შეალია / მოამზადა სოფო თავაძემ // კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-5045. - 6-19 იანვარი. - N1(166). - გვ.31. - უცხოეთის ცის ქვეშ.

2. ნიკოლოზ ჯანელიძის გარდაცვალება // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 1994. - იანვარი. - N13(31). - გვ. 81-82.

3. მარჯანიშვილი მარიამ. ნიკოლოზ-ჯანესი ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან // შრომათა კრებული = Collection of the Works / გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი. - გორი. – 2016. –N 12. - გვ. 2016-232.


გააზიარე: