The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკიფორე ირბახი

ნიკიფორე ირბახი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი
დაბადების თარიღი:1585
გარდაცვ. თარიღი:1658  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სამგრელო
კატეგორია:პოლიტიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ქართული არისტოკრატიის ჩოლოყაშვილებისა და არაგვის ერისთავების ღირსეული შთამომავალია. მამა – სარდალი და მარტყოფის მოურავი ომან ჩოლოყაშვილი–ირუბაქიძე; დედა – ბარბარე, არაგვის ერისთავის ასული; ძმა – მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი.

ოჯახი, რომელშიც ნიკოლოზი დაიბადა, კათოლიკური ეკლესიისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. 8 წლის ასაკში მშობლებმა რომის კათოლიკეთა წმინდა ბასილის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო, შეისწავლა უცხო ენები. ქართულისა და მეგრულის გარდა, იცოდა ბერძნული, თურქული, არაბული, რუსული, ფრანგული, ესპანური და იტალიური ენები. რომში ყოფნისას ბერად აღიკვეცა და საერისკაცო სახელი ნიკოლოზი ნიკიფორეთი შეიცვალა. 1608 წელს, მისიონერ პატრი გვილელმოსთან ერთად კონსტანატინოპოლზე გამოვლით სამშობლოში დაბრუნდა და კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის კარის ეკლესიის მოძღვარი გახდა. 1614-1616 წლებში შაჰ–აბას I-ის მიერ კახეთის ამაოხრებელი შემოსევების დროს, როდესაც თეიმურაზი იმერეთში გაიხიზნა, ნიკიფორემ იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს შეაფარა თავი.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკისა და კულტურის აღორძინებისკენ. თანამედროვენი მას უწოდებდნენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, "ღირსს ყოვლისა სიკეთისა". თიმურაზ I მისი მხარდაჭერით ცდილობდა კავშირის დამყარებას დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. სწორედ ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა 1626 წელს ანტისპარსული კოალიციის შქმნის თაობაზე ესპანეთსა და იტალიაში საიდუმლო დიპლომატიური მისიით გაგზავნილ ელჩობას. თეიმურაზ I-ის მიზანი ესპანეთის დახმარებით, ევროპაში "სარკმლის გაჭრა" იყო. საქართველო უნდა შესულიყო ევროპის ერთ–ერთი უძლიერი სახელმწიფოს – ესპანეთის მფარველობის ქვეშ, რის მიღწევაშიც მას რომის პაპი უნდა დახმარებოდა. ქართლ–კახეთის მეფისთვის, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვის წინააღმდეგ იბრძოლებდა იგი ფილიპე IV-ის მხარდამხარ – ირანისა თუ ოსმალეთის. მთავარი იყო, დიდ მაჰმადიანურ ქვეყნებს თანაბარძალოვანი მეტოქე გამოსჩენოდათ ქრისტიანული, თუნდაც კათოლიკური აღმსარებლობის სახელმწიფოს სახით. ანუ საქრთველო გამოვიდოდა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის მოექცა XV-XVI საუკუნეებში, განსაკუთრებით, ირან–ოსმალეთის 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ. ელჩობას შედეგეი არ მოუტანია, თუმცა ესპანეთის სახელმწიფო საბჭომ 1628 წლის იანვარში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს გადასცა ფილიპე IV-ის წერილი, რომელშიც ის ატყობინებდა თეიმურაზს, რომ სიამოვნებით მიიღო მისი წინადადება ესპანეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.

1628 წლის ზაფხულში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი რომში ჩავიდა. აქ მან ოფიციალურად აღიარა კათოლიკური სარწმუნოება და "კათოლიკედ მიღების ცერემონიაც" შეასრულა. პაპმა ურბან VIII-ემ მამობრივი სიყვარულით მიიღო, თეიმურაზს ალექრსით სავსე წერილი გაუგზავნა და შემწეობის აღმოჩენას დაჰპირდა. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. რომაელმა პატრებმა, მისი უშუალო მონაწეილეობით დაამზადეს მხედრული შრიფტი და კათოლიკური სარწმუნოების გამავრცელებელი კონგრეგაციის სტამბაში დაიწყეს ქრთული წიგნების ბეჭდვა. რომის ეკლესიის მიზანი იყო, ამ წიგნებით დახმარებოდა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საქართველოში შემოგზავნილ თავის კათოლიკე მისიონერებს, უფრო ადვილად დაემყარებინათ კავშირი ხალხთან. 1629 წელს გამოიცა "ქართულ–იტალიური ლექსიკონი" ( Dttionario Giorgiano). წიგნის სათაურში აღნიშნულია, რომ ლექსიკონი შედგენილია "სტეფანო პაოლინის მიერ ქართველის, წმიდა ბასილის წესის ბერის ნიკიფორე ირბახის დახმარებით, სახმარებლად სარწმუნოების გამავრცელებელ სასულიერო კონგერაციის მისიონერთათვის". ეს იყო არა მარტო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, არამედ 3086 სიტყვისაგან შემდგარი პირველი ქართული ლექსიკოგრაფიული ნაშრომიც. ნიკიფორეს აქტიური მონაწილეობით იმავე წელსვე დაისტამბა არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე წიგნი – "ქართული ანბანი ლოცვანითურთ" (Litania Lauretana).

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი რომში დიდხანს არ დარჩა. 1629 წელს სამშობლოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონერებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე.წ. უნიას). 1632 წელს, ქართლში როსტომ–ხანის გამეფების შემდეგ, როდესაც თეიმურაზ I-მა იმერეთის სამეფოს შაფარა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანის უახლოესი თანამებრძოლი და მისი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგემელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ. იგი მფარველობას უწევდა კათოლიკე მისიონერებს, ხედავდა რა მათში საქართველოს დასავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ–ერთ მძლავრ საშუალებას. მეგობრობდა ჯუზეპე ჯუდიჩისთან, არქანჯელო ლამბერტთან და კრისტოფორო დე კასტელთან. ეხმარებოდა მათ მორალურად და მატერიალურად. რის გამოც პაპის კონგრეგაცია ფრიად ემადლიერებოდა.

1642 წლის ბოლოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა დატოვა სამეგრელო და იერუსალიმს გაემგზავრა. 1643-1649 წლებში იგი იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვარი (ჯვრის მამა) იყო. მან კაპიტალურად შეაკეთა მონასტრის ძირითადი შენობა, განაახლა გუმბათი და ფრესკული მხატვრობა, გაამაგრა ტაძრის კედლები, საკურთხევლის ნაწილი მარმარილოთი მოაპირკეთა და სხვა.

1950 წელს ნიკიფორე ირბახი საქართველოში დაბრუნდა. ჯერ იმერეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელშეწყობითაც 1656-1657 წწ. სამეგრელოსა და აფხაზეთის კათოლიკოს–პატრიარქი გახდა. სამეგრელოში მოღვაწე თატინელთა ორდენის ბერების პრეფექტი ჯუზეპე მარია ძამპი წერდა: "დღევანდელი სამეგრელოს ბერები... ათონის მთიდან მოდიან და, იერუსალიმისათვის შეწირულობის შეგროვების საბაბით, რჩებიან ამ მხარეში.... ზოგი მათგანი თავშესაფარს პოულობს ქართველი ბერის, სახელად ნიკიფორე ირბახის სახლში, რომელსაც ჩვეულებრივად ნიკოლოზ ბერს უწოდებენ. იგი საქართველოში ერთ–ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელია. არის 70 წლისა. აქვს არქიმანდრიტის, ანუ წინამძღვრის ხარისხი. მას უწოდებენ ჯვრის მამას, ხალხი მას დიდ პატივსა სცემს. სამეგრელოს მთავრები მას თავის ვეზირად ან ელჩად ნიშნავენ, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იერუსალიმში, შემოვლილი აქვს ევროპა".

1657 წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ სამეგრელოს სამთავრო ვამეყ ლიპარტელიანმა მიიტაცა და ოდიშის ახალი მთავარი გახდა, რისთვისაც ნიკოლოზმა საჯაროდ შაჩვენა. გულზვიადმა ვამეყ III-ემ დააპატიმრა ყველა, ვინც მის ბატონობას არ სცნობდა. მათ შორის ნიკიფორე ირბახიც. მან მღვდელმთავარი კათალიკოსობიდან გაადაყენა და დილეგში ჩაამწყვდია, სადაც აღესრულა კიდეც 1658 წელს.

წყარო:

1. საითიძე, გოჩა"ღირსი ყოვლისა სიკეთისა" : (ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი - ნიკიფორე ირბახი) // დიდნი საქმენი. - თბ., 2011. - გვ.300-304.

2. ჩოლოყაშვილი ნიკოლოზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.197-198. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


გააზიარე: